მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის წესი
  მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის წესი

  მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის წესი

1. მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა.

2. მეურვის ან მზრუნველის არჩევისას მხედველობაში მიიღება მისი პიროვნული თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს მასა და სამეურვეო/სამზრუნველო პირს შორის, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ინტერესები, ასევე მშობლის ან მამკვიდრებლის მითითება.

3. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ეკისრება მეურვის ან მზრუნველის სათანადო სამართლებრივი ვალდებულებები სამეურვეო/სამზრუნველო პირის მიმართ.

 

პირი, რომელიც მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს

მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: ა) რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; ბ) რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; გ) რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; დ) რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.

 

ქონების მეურვის დანიშვნა

1. ბავშვის ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ქონების მეურვე, თუ ამას მოითხოვს: ა) მშობლები; ბ) მამკვიდრებელი, რომელიც ქონებას ბავშვს გადასცემს და დაასახელებს რომელიმე პირს, გარდა მშობლებისა, რომელიც უნდა გახდეს ქონების მეურვე; გ) მეურვე ან მზრუნველი.

2. თუ ქონება მდებარეობს მეურვის ან მზრუნველის საცხოვრებელი ადგილიდან შორს ან ქონების მეურვის დანიშვნა აუცილებელია, სამეურვეო/სამზრუნველო პირისათვის დანიშნული მეურვის/მზრუნველის გარდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია დანიშნოს ქონების მეურვე/მზრუნველი.

სერვისები