მეურვისა და მზრუნველის უფლებამოსილებათა შეზღუდვა
 მეურვისა და მზრუნველის უფლებამოსილებათა შეზღუდვა

 მეურვისა და მზრუნველის უფლებამოსილებათა შეზღუდვა

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე მეურვეს უფლება არა აქვს სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება, ხოლო მზრუნველს – სამზრუნველო პირის სახელით დათანხმდეს გარიგების დადებაზე, რომელიც შეეხება ქონების გასხვისებას, დაგირავებას, ათ წელზე მეტი ვადით გაქირავებას, თხოვებას ან სხვა სავალო ვალდებულებათა გაცემას, თამასუქის, სამეურვეო ან სამზრუნველო პირის კუთვნილ უფლებებზე უარის თქმას, სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორად შესვლას, სესხის აღებას, ქონების გაყოფას, ან რომლებსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ქონების შემცირება.

 

მალფუჭებადი ქონების გასხვისების წესი

მალფუჭებადი ან ისეთი ქონება, რომელიც თავისი ხასიათის მიხედვით გასაყიდად არის განკუთვნილი, შეიძლება გაიყიდოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვის გარეშე.

 

ჩუქების დაუშვებლობა

სამეურვეო პირის სახელით სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სახელით ჩუქების ხელშეკრულების დადება არ შეიძლება.

 

მეურვისა და მზრუნველის მხრიდან წარმომადგენლობის დაუშვებლობა

მეურვესა და მზრუნველს, მათ მეუღლეებსა და ახლო ნათესავებს უფლება არა აქვთ დადონ გარიგება სამეურვეო (სამზრუნველო) პირთან, აგრეთვე არ შეიძლება, რომ ისინი იყვნენ ამ პირის წარმომადგენლებად გარიგების დადებისას ან სასამართლოში საქმის წარმოებისას სამეურვეო (სამზრუნველო) პირსა და მეურვის ან მზრუნველის მეუღლესა და მათ ახლო ნათესავებს შორის.

 

მეურვისა და მზრუნველის მოქმედებათა გასაჩივრება

მეურვისა და მზრუნველის მოქმედება შეიძლება გაასაჩივროს დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის სამეურვეო (სამზრუნველო) პირმაც, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში სამეურვეო (სამზრუნველო) პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მეურვისა და მზრუნველის გათავისუფლება მათი მოვალეობებისაგან

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მეურვესა და მზრუნველს მათი მოვალეობებისაგან ათავისუფლებს ბავშვის მშობლებისათვის მშობლის მოვალეობების სრულად აღდგენის ან ბავშვის გაშვილების შემთხვევაში.

2. მეურვე და მზრუნველი შეიძლება განთავისუფლდნენ თავიანთი მოვალეობისაგან, აგრეთვე პირადი თხოვნის საფუძველზე, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ცნობს, რომ ეს თხოვნა საპატიო მიზეზით არის გამოწვეული (ავადმყოფობა, მატერიალური მდგომარეობის შეცვლა, სამეურვეო ან სამზრუნველო პირთან შეუთვისებლობა და სხვ.).

სერვისები