სასჯელის დანიშვნა
სასჯელის დანიშვნა

სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

1. სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. 2. ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, ამავე კოდექსის 59-ე და მე-60 მუხლების მიხედვით. კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით.

3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

სერვისები