1. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, თუ მას აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია, ამასთანავე, ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალურობის პროგნოზი მაღალია.
3. ამ მუხლის საფუძველზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებულ მსჯავრდებულს, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, შეიძლება კვლავ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაენიშნოს სასჯელი, თუ არ გასულა ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.
4. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას სასჯელის სახით დანიშნული არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული საკითხების განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
6. სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელზე.
7. ამ მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებისას შესაძლებელია იგი დამატებითი სასჯელის მოხდისაგანაც გათავისუფლდეს.