არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
1. არასრულწლოვნის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მისი გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით; გ) ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ; დ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით; ე) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ვ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) რამაც გამოიწვია არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.