მძევლად ხელში ჩაგდება
1. მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ე) შვიდ დღეზე მეტი ხნით;
ვ) ანგარებით;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
თ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;
ი) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან თვრამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.