წამება
წამება

1. წამება, ესე იგი პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) არაერთგზის;

დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ე) ჯგუფურად;

ვ) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის გამო;

ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ;

თ) შეკვეთით;

ი) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;

კ) სამედიცინო მანიპულაციის, მედიკამენტის ან სპეციალური ინსტრუმენტის (ხელსაწყოს) გამოყენებით;

ლ) ანგარებით;

მ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღიარების იძულების მიზნით ან მესამე პირის ცრუ დასმენის მიზნით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. იგივე ქმედება, –

ა) ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის გამოყენებით;

ბ) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

გ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 

 

წამების მუქარა

1. ამ კოდექსის 144 ​1 მუხლში აღნიშნული პირობების შექმნის, მოპყრობის ან დასჯის მუქარა, განხორციელებული იმავე მიზნით, თუ ეს მუქარა არის რეალური და იმწუთიერი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სერვისები