ამომრჩევლის მოსყიდვა
ამომრჩევლის მოსყიდვა

საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ ქონებაში არ იგულისხმება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარები − მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები.

2. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სადღესასწაულო ღონისძიების აღნიშვნის ფარგლებში მცირე ღირებულების მქონე, წლის განმავლობაში არა უმეტეს 5 000 ლარის საერთო ღირებულების ნივთების საჩუქრად შეთავაზებისათვის, დაპირებისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე ამგვარი საჩუქრის მიღებისათვის.

3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება პირი, რომელსაც შესთავაზეს ან დაჰპირდნენ საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის გადაცემას ან გაწევას, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებით, თვალთმაქცურ ან სხვა გარიგებაში მონაწილეობას, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.

4. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური და საარჩევნო დაპირებებისთვის, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი (გარდა პარტიისა, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა) ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

6. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანხის ოდენობა (გარიგების ღირებულება) არ აღემატება 100 ლარს.

სერვისები