1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
3. საქართველოს საბაჟო საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიოაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) საბაჟო კონტროლის განმახორციელებლის მიმართ ძალადობით;
დ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.
6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლში, გარდა ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთი ათას ლარს.
2. სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს.