უკანონო ფორმირების შექმნა
უკანონო ფორმირების შექმნა

უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება

 

1. უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

2. უკანონო ფორმირებაში გაწევრება ან/და მონაწილეობა, ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ ფორმირებაში გაწევრების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება, გაწვრთნა ან პირთა შეგროვება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

3. უკანონო ფორმირებაში გაწევრებასთან ან/და მონაწილეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

4. უკანონო ფორმირების დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკანონო ფორმირების საქმიანობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაკენ საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის „უკანონო ფორმირება“ (ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი) გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას (გარდა სახელმწიფო ორგანოს გამგებლობაში არსებული ფორმირებისა), რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ისეთი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად, თუ ასეთი ფორმირება დანაშაულებრივი მიზნით არის შექმნილი.

2. ის, ვინც ნებაყოფლობით შეწყვიტა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება და ჩააბარა ამ შენიშვნის პირველ ნაწილში აღნიშნული საგანი (მისი ფლობის შემთხვევაში), თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

სერვისები