ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა
ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა

ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა

1. ელექტროენერგიით ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ისეთი საშუალების გამოყენებით, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის ავარია ან რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ანდა სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა

1. ბირთვული მასალის ან მოწყობილობის, რადიოაქტიური ნარჩენის (გამოყენებული ბირთვული საწვავის ჩათვლით), რადიოაქტიური ნივთიერების, აგრეთვე ნებისმიერი სახისა და დანიშნულების მოწყობილობის, დანადგარის, ხელსაწყოს ან ნაკეთობის, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებას, უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა ან განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი არაერთგზის; ბ) რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე.

 

ბირთვული მასალის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ხელში ჩაგდება

1. ბირთვული მასალის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ხელში ჩაგდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

 

 

სერვისები