ტერორიზმი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით
1. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება
1. ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა (გარდა ამ კოდექსის 3311 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისა), თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ან ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.