დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ - ზემოქმედების განხორციელება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე
1. გამოსაკითხი პირისადმი, მოწმისადმი, დაზარალებულისადმი, ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვა ან მისი დაყოლიება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ანდა არასწორად თარგმნისათვის, ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან მიცემული ჩვენების ან დასკვნის შეცვლისათვის, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. გამოსაკითხი პირის, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ან მისი იძულება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან განზრახ არასწორად თარგმნისათვის, ანდა ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ან მისი შეცვლისათვის, თუ ამას ერთვის მისთვის ანდა მისი ახლო ნათესავისთვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება ან მოკვლის, ძალადობის, ქონების დაზიანების ან განადგურების ანდა სხვა მუქარა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. იგივე ქმედება, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
ცრუ დასმენა
1. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით; ბ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.