დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ - მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
1. საბრძოლო, სპეციალური ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
საფრენი აპარატის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
სამხედრო საფრენი აპარატის მართვის ან ფრენისათვის მზადების წესის ანდა მისი ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
ხომალდის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
სამხედრო ხომალდის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
გარშემომყოფისათვის მომეტებული საშიშროების შემცველ იარაღთან მოპყრობის წესის დარღვევა
1. გარშემომყოფისათვის მომეტებული საშიშროების შემცველ იარაღთან, საბრძოლო მასალასთან, რადიოაქტიურ, ფეთქებად ან სხვაგვარ ნივთიერებასთან ანდა საგანთან მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, სამხედრო ტექნიკის განადგურება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.