ინფორმაციის თავისუფლება - ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო დაწესებულება – ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში;
ბ) კოლეგიური საჯარო დაწესებულება – საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს;
გ) კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრი – საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში ან მომზადებაში;
დ) თანამდებობის პირი – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი;
ე) სხდომა – საჯარო დაწესებულების სახელით გადაწყვეტილების მიღების ან ამ გადაწყვეტილების მომზადების მიზნით დაწესებულების წევრთა მიერ საკითხის განხილვა;
ვ) გამოქვეყნება – კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;
ზ) საჯარო მონაცემთა ბაზა – საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები;
თ) აღმასრულებელი პრივილეგია – საჯარო დაწესებულებებისა და საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება ამ თავით გათვალისწინებული მოვალეობებისაგან;
ი) გადაუდებელი აუცილებლობა – კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ან ვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნება საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას;
კ) პროაქტიული გამოქვეყნება − შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება.