1367
2017.07.19
საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას ქაოტურად მომუშავე უძრავი ქონების ბროკერები აფერხებენ
„უძრავი ქონების ბროკერის პროფესიამ ქუჩიდან ოფისებში უნდა გადაინაცვლოს"-ამის შესახებ „კომერსანტთან" უძრავი ქონების სააგენტო MYCLIENT.GE-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გვანცა გუჯელაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოში უძრავი ქონების ბაზრი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება, მშენებლობის ბუმია, ინვესტორები კი მუდმივად სანდო და პროფესიონალ კადრებს ეძებენ, რათა არ შეცდნენ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დროს. „სამწუხაროდ, საქართველოს ცუდი პრაქტიკა აქვს ამ კუთხით, ქუჩაში ჯერ კიდევ მრავლად ნახავთ ე.წ მაკლერებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში ნაკლებად კვალიფიციურნი არიან და სერვისის სათანადოდ გაწევას ვერ ახერხებენ. მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონების ბროკერის პროფესიამ ქუჩიდან ოფისებში გადაინაცვლოს"-აცხადებს გუჯელაშვილი.
მისი განმარტებით, საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას ქაოტურად მომუშავე უძრავი ქონების აგენტები/ ბროკერები აფერხებენ. მისი ინფორმაციით, პროფესია - ბროკერი,რომელიც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ერთერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადია, საქართველოში ფაქტობრივად, არ არსებობს.
„სახელმწიფოში არ არსებობს ამ სეგმენტის მიმართ რაიმე კანონი, რომელიც მას დაარეგულირებს. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების სააგენტო MYCLIENT.GE-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან იურიდიულ კომპანია "OK & CG"-თან, „შეფასების სახლთან", „მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლასთან" ერთად სასწავლო კურსი დაიწყო. მსმენელებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ უძრავი ქონების ბროკერის პროფესიას და გახდნენ პირველი სერტიფიცირებული უძრავი ქონების აგენტები საქართველოში"-აცხადებს გუჯელაშვილი.
წყარო :commersant.ge