მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ928 2017.09.04
მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ძაგნიძეს და კერძო არქიტექტორს ვალერი მიმინოშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძაგნიძეს და მიმინოშვილს თაღლითობაში ედებათ ბრალი. პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ძაგნიძემ კერძო არქიტექტორ ვალერი მიმინოშვილთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, მოქალაქე ია იაშვილს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ შეთანხმებას, რისთვისაც იაშვილს ვითომდა მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში მოსთხოვეს 38 000 აშშ დოლარი, რაც იაშვილის მიერ სხვადასხვა დროს ეტაპობრივად იქნა გადაცემული ძაგნიძისა და მიმინოშვილისთვის. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების განზრახვით და აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის. ორივე მათგანი 30 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.