992
2017.09.22
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ კომაში მყოფი 17 წლის გოგონას შემთხვევის შესწავლა დაიწყო
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კომაში მყოფი 17 წლის გოგონას შემთხვევის მოკვლევა უკვე დაიწყო.როგორც სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა განაცხადა, მოკვლევა მამის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც სააგენტოს რამდენიმე დღის წინ მიმართა.„ჩვენ პროცედურების დაცვით, სამართლებრივი უზრუნველყოფის კუთხით შუამდგომლობა სასამართლოში შეტანილი გვაქვს ადგილზე შესვლასთან დაკავშირებით. თუმცა, ისტორია უკვე გამოთხოვილი გვაქვს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კომისია უკვე ადგილზე იმუშავებს. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა იკვეთება. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“, – განაცხადა ხუციშვილმა.17 წლის გოგონას მშობლები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და პერსონალს უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.როგორც ჟურნალისტებს ოჯახმა განუცხადა, ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შემდეგ გოგონას გული გაუჩერდა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.