1689
2017.10.23
უწყინარი ემოციის გამომხატველ სმაილს ჯარიმა შეიძლება მოყვეს
ისრაელში ცოტა ხნის წინ საკმაოდ კურიოზულ დავას ჰქონდა ადგილი.
მოსამართლეს უნდა დაედგინა მოკლე ტექსტური შეტყობინებაში გამოყენებული ე.წ. სმაილების სამართლებრივი მნიშვნელობა და მათი გამოყენების გამო წარმოშობილი სავარაუდო ზიანის ოდენობა.
საკითხი ეხებოდა გამქირავებლის მიერ ინტერნეტში განთავსებულ ბინის გაქირავების განცხადებას. განცხადებასთან დაკავშირებით გამქირავებელმა მიიღო ტექსტური შეტყობინება, რომელიც ტექსტთან ერთად ემოციის გამოსახულებებსაც შეიცავდა. შემდგომში ტექსტური შეტყობინების გამგზავნმა დაინტერესებულმა პირმა უარი განაცხადა ბინის დაქირავებაზე. გამქირავებლის განმარტებით, მიღებული ტექსტური შეტყობინების შინაარსი მისი ტექსტისა და ემოციის ფიგურაკების გათვალისწინებით უნდა განმარტებულიყო, როგორც უკვე დადებული ხელშეკრულება. დაინტერესებული პირი შეტყობინებაში იყენებდა როგორც მოცეკვავე ფიგურებს, ასევე შამპანიურის ბოთლის გახსნის გამოსახულებას.
ვინაიდან სავარაუდო დამქირავებელი ფართის დაქირავებით დაინტერესებული პირის შთაბეჭდილებას ტოვებდა, გამქირავებელმა შეტყობინების მიღებისთანავე ინტერნეტიდან წაშალა გაქირავების განცხადება. შემდგომ შეტყობინებებში კი ხდებოდა ქირავნობის თანხის შეთანხმება.
საქმის მასალებიდან დადგინდა, რომ მოგვიანებით, დაინტერესებულმა პირი გამქირავებელს აცნობება, რომ მან სხვა ბინის დაქირავება გადაწყვიტა, ამიტომ აღარ იყო დაინტერესებული ამ ბინის დაქირავებით.
გამქირავებელმა მიმართა ისრაელის სასამართლოს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. მისი მოსაზრებით მხარეებს შორის უკვე დადებული იყო ხელშეკრულება, რომელიც მეორე მხარეს უბრალოდ აღარ სურდა შეენარჩუნებინა.
მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა, თუ როგორ უნდა გაგებულიყო ტექსტურ შეტყობინებაში გამოყენებული ემოციის ფიგურაკები, და თუ ასეთი შეტყობინების შედეგად ხელშეკრულება უნდა ჩათვლილიყო დადებულად.
სასამართლოს განმარტების თანახმად, თავისთავად ტექსტური შეტყობინება ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა ხელშეკრულების დადებას. თუმცა, შეტყობინებები აჩვენებდნენ, - მათ შორის მოცეკვავე ფიგურის და შამპანიურის ბოთლის გამოსახულების გამოყენება, რომ შეტყობინების ავტორს ჰქონდა ბინის დაქირავების მიმართ ცალსახა ინტერესი, რომელმაც მესაკუთრეს ცრუ განზრახვით შეუქმნა ხელშეკრულების სწრაფად დადების რწმენა. ამის გამო შეტყობინების გამგზავნს დაეკისრა 8000 შეკელის (დახლ. 2000 ევრო) ოდენობით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
ემოციების გამომხატველი ე.წ. ფიგურაკების სამართლებრივი განმარტება არა მხოლოდ ისრაელის სასამართლოს დღის წესრიგში დადგა.
გერმანიის ბადენ-ვურთემბერგის შრომითი დავების განმხილველი სამხარეო სასამართლოს მოსამართლემ, გადაწყვეტილებაში იმსჯელა ტექსტურ შეტყობინებებში ღორის ფიგურის გამოყენების გამო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლიანობაზე და განმარტა, რომ ღორის ფიგურის გამოყენება პიროვნების მისამართით ნამდვილად შეიძლებოდა ჩათვლილიყო მძიმე შეურაცხყოფად, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ეს არ ამართლებდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას.
წყარო:gil.ge