შეგეზღუდებათ თუ არა საზღვრის გადაკვეთა ონლაინ სესხების არსებობის გამო1097 2017.10.30
შეგეზღუდებათ თუ არა საზღვრის გადაკვეთა ონლაინ სესხების არსებობის გამო
მომხმარებელთა უმრავლესობა თვლის, რომ გადაუხდელი დავალიანების გამო ისინი ვერ შეძლებენ საქართველოს საზღვრების დატოვებას. ხშირად ეს განპირობებულია კრედიტორის მუქარით, რომელიც ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ მოვალისგან თანხა ,,ამოიღოს“. იცოდეთ, რომ თქვენ მიერ გადაუხდელი სესხის თანხა გავლენას ვერ მოახდენს თქვენ საზღვარგარეთ წასვლაზე. იმ პირობებშიც კი, როდესაც თქვენ ვერ იხდით დავალიანებას, კრედიტორს არ აქვს უფლება რაიმე ფორმით აგიკრძალოთ საქართველოს ფარგლების დატოვება. მოვალისაგან ვალის ამოღების მიზნით კრედიტორს უფლება აქვს მიმართოს მხოლოდ იმ ღონისძიებებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ პრეტენზია კრედიტორის მოთხოვნასთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანების შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს იძულებითი აღსრულება მოვალისგან თანხის ამოღების მიზნით.