ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი3643 2017.11.24
ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი
სამოქალაქო სამართალში მოქმედი ზოგადი წესის მიხედვით, შემძენი, რომელმაც ნივთი მესაკუთრისგან შეიძინა ხდება ნივთის ახალი მესაკუთრე შესაბამისი პროცედურების დაცვის შემდეგ. საქართველოს კანონმდებლობით გამონაკლის შემთხვევაში შემძენი შეიძლება გახდეს ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როდესაც გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად ჩაითვლება შემძენი, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. თუ პირმა გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, თუმცა მაინც შეიძინა ნივთი, ის ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და ვერ მოიპოვებს ქონებაზე საკუთრების უფლებას. აღსანიშნავია, რომ მოცემული გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ მოძრავ ნივთებთან მიმართებით. რაც შეეხება უძრავ ნივთებს, მათზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს მიენდოს საჯარო რეესტრის მიმართ მოქმედ სისრულისა და უტყუარობის პრეზუმციას. თუ აღმოჩნდება, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული პირი გასხვისებისას არ იყო ნივთის მესაკუთრე, შემძენმა უნდა ამტკიცოს, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა ნივთის რეალური უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ის ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და ნივთის ნამდვილი მესაკუთრე ვეღარ მოითხოვს მისგან ქონების დაბრუნებას.