გაქვთ თუ არა ე.წ. შავი სიის გაუქმების მოთხოვნის უფლება?! 6408 2018.01.27
გაქვთ თუ არა ე.წ. შავი სიის გაუქმების მოთხოვნის უფლება?!

 საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებები, მით უფრო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აწარმოებენ პრობლემური სესხის ერთიან სიას, სადაც ხდება გადაუხდელი სესხების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და დავალიანების მქონე მოქალაქის ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანა.

 

  ე.წ. „შავი სია“ ყველა იმ პირისთვის არის ცნობილი, ვისაც საბანკო/მიკროსაფინანსო სექტორთან შეხება ჰქონია. იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი თანხას არ იხდის, ანუ გადაცილება აქვს საბანკო სესხზე, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი გრძელდება, შესაძლებელია, ის „შავ სიაში“ მოხვდეს, რაც მისთვის შემდგომ სესხის აღების პროცესს ართულებს. როგორც წესი, ე.წ. „შავი სიიდან“ მომხარებლის ამოღება იმ შემთხვევაში ხდება, როცა ის სრულად დაფარავს სესხს და გარკვეული დროის შემდეგ ბანკს, ან საკრედიტო ორგანიზაციას, „შავი სიიდან“ ამოღებისთვის „კრედიტინფოს“ განცხადებით მიმართავს. თუმცა, დავალიანების დაფარვიდან დაახლოებით 5 წელზე მეტი სჭირდება, რომ „შავი სიიდან“ ამოიღონ. 

 

 ე.წ. შავი სია, გარდა იმისა, რომ მომხმარებელს სამომავლოდ სესხის აღების პროცედურებს ურთულებს, დამატებით პრობლემებსა  და დისკომფორტსაც უქმნის; კერძოდ: დავალიანების ამოღების მიზნით კრედიტორის არაერთჯერადი სატელეფონო შეტყობინებები, მუქარა, რომ მოვალეს ,,შავ სიაში“ ყოფნის გამო შეეზღუდება საქართველოდან გასვლის უფლება და ა.შ. იცოდეთ, რომ ამგვარი მუქარა დაუშვებელია.

 

 აღნიშნული ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, რადგან ისინი ვერ ახერხებენ ახალი სესხის აღებას სხვა კომპანიებიდან იმ პირობებშიც კი, როდესაც მათი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს განსაკუთრებულად ესაჭიროებათ. საკრედიტო ორგანიზაციები უარს ამბობენ მოვალის ,,შავი სიიდან“ ამოღებაზე მაშინაც კი თუ კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ ხანდაზმულია.

 

 თუ კრედიტორის უკანონო ქმედებებით თქვენი უფლებები ირღვევა, ვალდებულების შესრულების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ აღნიშნული სიიდან თქვენ შესახებ არსებული მონაცემის გაქუმება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.