როგორ უნდა დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები?6262 2018.01.29
როგორ უნდა დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები?

 პერსონალური მონაცემების დაცვა თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. საერთაშორისო კვლევების თანახმად, ერთი ადამიანის მონაცემები საშუალოდ 250-დან 1000-მდე ბაზაშია რეგისტრირებული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კი მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე დისკუსია საჯარო ინტერესსა და მოქალაქის პირადი ცხოვრების უფლებას შორის ბალანსის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალურია.

 

რა  არის პერსონალური  მონაცემი?

 

  პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი მონაცემი, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირს. მაგალითად: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ან სხვა მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით იდენტიფიცირება, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლებით.

 

 რატომ  უნდა  დავიცვათ  ჩვენი  პერსონალური  მონაცემები?

 

  • - თანამედროვე ტექნოლოგიებმა დააჩქარა და გაამარტივა პერსონალური მონაცემების შეგროვება, ხანგრძლივი ვადით და დიდი მოცულობით შენახვა, მათემატიკური ან სხვა ავტომატური მეთოდებით პირის ეკონომიკური მდგომარეობის, ადგილმდებარეობის ან/და ქცევის მახასიათებლების განსაზღვრა და მონაცემთა სხვადასხვა მიზნით გამოყენება. ადამიანები საკუთარ მონაცემებს ყოველდღიურად ავრცელებენ სოციალური ქსელების მეშვეობით და აწვდიან სხვადასხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს. პარალელურად, იზრდება მონაცემთა უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობებიც, რაც თავის მხრივ, წარმოშობს მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხეს. მაგალითად, საკრედიტო ბარათის ნომრის უკანონო მოპოვებით, შეიძლება პირს მიადგეს მატერიალური ზიანი; მორალური ზიანი შესაძლოა გამოიწვიოს პირადი ან ოჯახური საიდუმლოების გამჟღავნებამ.
  • - ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, სად, რატომ და რა მიზნით ხდება მისი მონაცემების დამუშავება, როგორ შეუძლია, გააკონტროლოს მისი მონაცემების გამოყენება, როგორ უნდა დაიცვას მისი უფლებები და მოითხოვოს საკუთარი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.

 

7 რჩევა, როგორ დავიცვათ ჩვენი პერსონალური მონაცემები :

 

პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება - სახელი, გვარი, მისამართი, ფოტო, სამედიცინო ინფორმაცია, საბანკო ანგარიშის დეტალები, ასევე, ინფორმაცია პირის ინტერესების და შეხედულებების შესახებ და ა.შ.

მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაში.

 

1. თქვენ გაქვთ უფლებაიცოდეთ:

 

  • - რომელი ორგანიზაცია ამუშავებს თქვენს მონაცემებს;
  • - რა სახის მონაცემები მუშავდება;
  • - რა მიზნით ხდება თქვენს შესახებ მონაცემების დამუშავება;
  • - რა გზით შეგროვდა თქვენს შესახებ ინფორმაცია;
  • - არის თუ არა მონაცემის დამუშავება კანონის შესაბამისი;
  • - ვისზე გაიცა თქვენს შესახებ მონაცემები.



2. დააზუსტეთ მონაცემთა  შეგროვების  საფუძველი  და  ადეკვატურობა

 

ხშირად ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად, თქვენგან სხვადასხვა მონაცემებს ითხოვენ. შეგიძლიათ დაინტერესდეთ, სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემების მიწოდება, თუ სავალდებულოა, რა შედეგი დადგება მათი მიუწოდებლობის შემთხვევაში.

თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია აღემატება კონკრეტული მომსახურების მიღების მიზნებს, დააზუსტეთ მათი მოთხოვნის საფუძველი. ეცადეთ გასცეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კონკრეტული მომსახურების მისაღებად.

 

3. გაეცანით  თქვენზე  არსებულ მონაცემებს
 

თქვენ გაქვთ უფლება, გაეცნოთ საკუთარ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ინახება ამა თუ იმ საჯარო და კერძო ორგანიზაციებში (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიიღოთ ამ ჩანაწერების ასლები.

იმ შემთხვევაში, თუ უარი გეთქვათ მონაცემების გაცნობაზე, მიზეზი აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული.

 

4. შეამოწმეთ თქვენი  პერსონალური მონაცემის  სისწორე

 

თუ თქვენს შესახებ ამა თუ იმ ორგანიზაციაში არსებული მონაცემები მცდარი ან მოძველებულია, შეგიძლიათ, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება.

ხოლო, თუ მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ მათი დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

თუ ამა თუ იმ ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტეთ, შეგიძლიათ, მოითხოვოთ მონაცემთა შემდგომი გამოყენების შეწყვეტა - მაგალითად, თქვენი მონაცემების ამოღება კლიენტების ბაზიდან.

მოთხოვნა, შესაძლოა, განხორციელდეს წერილობით, ზეპირად ან ელექტრონულად, ხოლო მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, 15 დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი.

 

5. ონლაინ მოქმედებების  განხორციელების  დროს:
 

  • - დარწმუნდით ვებ-გვერდის დაცულობაში;
  • - ხშირად ცვალეთ ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელის, ონლაინ მაღაზიების, ინტერნეტბანკინგისა და სხვა მომსახურებების პაროლები, ხოლო მათი შერჩევისას გამოიყენეთ რთული კომბინაცია.
  • - გადაამოწმეთ ვის და რა სახის ინფორმაციას უზიარებთ (ფოტოებს, დოკუმენტებს, კონტაქტებს, მდებარეობას და სხვა), გადაამოწმეთ ხომ არ არის ჩართული ავტომატური გაზიარების ფუნქცია;
  • - თუ იყენებთ საერთო მოხმარების კომპიუტერს, წაშალეთ თქვენს მიერ განხორციელებული მოქმედებების (ნანახი ვებ-გვერდები და სხვა) ისტორია.
  • - სხვადასხვა ვებ-გვერდზე სანამ გაივლით ონლაინ რეგისტრაციას, გაეცანით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

 

 

6. დაიცავით დოკუმენტების  უსაფრთხოება
 

ნუ დატოვებთ პერსონალური მონაცემის შემცველ დოკუმენტებს (პირადობის მოწმობა, ამონაწერი ანგარიშიდან, პასპორტი, ბლოკნოტი და სხვა) უყურადღებოდ და დაუცველ ადგილას. გარკვეულ შემთხვევებში ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი მონცემების შემცველი დოკუმენტების ასლების განადგურებაც (მაგალითად სასტუმრო მომსახურების გაწევის შემდეგ).

 

7. თქვენ გაქვთ გასაჩივრების უფლება

 

პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ უფლების შელახვა საჯარო დაწესებულებაში მოხდა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, საქმის განხილვის დასრულებამდე კი შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა.

 

 

 

წყარო: https://goo.gl/aposbV