იურიდიულ კომპანია „OK&CG“-ს ხშირად მიმართავენ საოჯახო სამართლებრივი კითხვებით. აქედან ყველაზე გახშირებულია განქორწინებასთან დაკავშირებული კითხვები. ქართული რელობიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში საზოგადოება ცდილობს, მსგავსი სახის კითხვები ადვოკატს იდენტიფიცირების გარეშე დაუსვას, ამიტომ ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა საჯაროდ, აღნიშნული სტატიით გაეცა პასუხი ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე შემდეგი სახით:
როგორ ხდება განქორწინება?
განქორწინებისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა გვთავაზობს ორ გზას:
- იმ შემთხვევაში თუ განქორწინება ხდება მხარეთა თანხმობით, ისინი უფლებამოსილნი არიან მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს და ადგილზე ხელმოწერით დაამოწმონ განქორწინება.
- რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი მხარე თანახმა არაა განქორწინებაზე, გვრჩება ერთადერთი გამოსავალი - განქორწინების მოთხოვნით, სასამართლოს სარჩელით მივმართოთ.
როგორ მივმართოთ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით?
სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვისთვის დაგჭირდებათ ადვოკატი, რომელიც შეადგენს სამართლებრივად გამართულ სარჩელს და მთლიანად წარუძღვება განქორწინების პროცესების სასამართლოში წარმართვას.
სარჩელის სასამართლოში შესატანად და განქორწინების სასამართლოს მეშვეობით გადასაწყვეტად აუციელებელია, ვიცოდეთ მეუღლის სახელი, გვარი პირადობის მოწმობის მიხედვით, პირადი ნომერი და მისამართი, სადაც შევძლებთ სარჩელის ჩაბარებას.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ არ ვიცით მეუღლის საცხოვრებელი ადგილი, მისამართი?
სასამართლო არ მიიღებს სარჩელს წარმოებაში, თუ სარჩელის შესაბამის ველში არ გვექნება მითითებული მოპასუხის (მეუღლის) ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი მისამართი). შესაბამისად, განქორწინების მოთხოვნით სასამართლოსთვის მისამართად აუცილებელია, ვიცოდეთ მეუღლის ფაქტობრივი მისამართი.
მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ პირი შეიძლება, სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე, თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა, მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება. ამ წინაპირობების არსებობის შემთხვევაში პირის გარდაცვლილად გამოცხადება ქორწინების შეწყვეტას იწვევს.
რა არის შესარიგებელი ვადა?
სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
როგორ ხდება განქორწინების რეგისტრაცია?
სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების შესახებ სარეგისტრაციოდ წარედგინება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა