იურიდიული პროფესიის როლის გაძლიერება, ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გამართვა, საკანონმდებლო ცვლილებებში მონაწილეობის მიღება - ადვოკატთა ასოციაციის ამ და სხვა მიზნებზე, ამოცანებსა და გამოწვევებზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
- პირველ რიგში საინტერესოა, რას ნიშნავს თქვენთვის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობა, რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ, რა პასუხისმგებლობა გეკისრებათ და რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტები?
- პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ადვოკატთა კორპუსს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც არჩევნებზე გამომიცხადა. ეს ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მე შევეცდები, რომ იურიდიული პროფესიის როლი გავაძლიერო. მთელ ძალისხმევას მოვახმარ ასევე ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ გაძლიერებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს თვისობრივად ახალი სტანდარტების დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრებაში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იქნება. ჩვენ, ასეთი გლობალური, დიდი მიზანი გვაქვს და ამისკენ მივისწრაფვით. ისმის კითხვა, როგორ უნდა მივაღწიოთ ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებას ქვეყანაში? - ეს შეუძლებელი იქნება მაღალკვალიფიციური, დამოუკიდებელი და მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ადვოკატის გარეშე. სწორედ ასეთი ტიპის ადვოკატურის განვითარებისკენ იქნება მიმართული ჩვენი ძალისხმევა, რათა საქართველოში ადვოკატები იყვნენ დამოუკიდებელნი, თავისუფალი ზედმეტი ჩარევისგან და ზეგავლენისგან. ვეცდებით, რომ ისინი იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის და ეთიკის მატარებელი პროფესიონალები. სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი ძალისხმევა.
- რაც შეეხება კანონშემოქმედებით საქმიანობას, როგორც ვიცით, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული საკანონმდებლო საქმიანობაში და მთავარი ლაიტმოტივი იყო საკონსტიტუციო გარანტიები ადვოკატებისთვის, ასევე, ადვოკატთა შესახებ კანონის ახალი რეგულაციები. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით სამომავლოდ? ხომ არ იგეგმება საკანონმდებლო მიმართულებით აქტივობა ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან?
- ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობის თვალსაზრისით. ძალიან საინტერესო ფორმატი მოვძებნეთ პარლამენტთან ურთიერთობისთვის, კერძოდ, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან, რათა ადვოკატთა კორპუსის ხმა და მოსაზრება ყოველთვის იქნას გათვალისწინებული, ნებისმიერი საკანონმდებლო რეფორმის ან ცვლილების განხორციელებისას, რომელიც შეეხება ზოგადად მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებსა და ჩვენი ბიზნეს კომპანიების ინტერესებს. ამ მიმართულებით, ჩვენ ჩართული ვართ ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის განხილვაში, რაც დაკავშირებულია როგორც ადვოკატის საქმიანობასთან, ისე ადამიანის უფლებებთან და ზოგადად, მართლმსაჯულების გაძლიერებასთან. გარდა იმისა, რომ ჩვენ უკვე წინა წელს მივიღეთ საკონსტიტუციო გარანტიები, რაც ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, ჩვენ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვაგრძელებთ მუშაობას ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონზე. დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რაც უკავშირდება ადვოკატის პროფესიაში მიღებას, სტაჟირების ახალი სისტემის დანერგვასა და უფლებების მნიშვნელოვანწილად გაძლიერებას. კანონის 38-ე მუხლში შედის ძალიან სასარგებლო ცვლილებები - კანონში აისახება საერთაშორისო სტანდარტების ყველაზე აღიარებული უფლებები, რაც დამატებით გარანტიებს მისცემს ადვოკატს ყველანაირი ზეწოლის, ჩარევისა თუ რაიმე სახის ხელშეშლის გარეშე განახორციელოს საადვოკატო საქმიანობა, ეს კი ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევაა. ამ ცვლილებებით, ქართველ ადვოკატებს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დაცვის სტანდარი ექნებათ. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც სამოქალაქო სამართალწარმოების სფეროში მიმდინარე, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ადვოკატის როლის გაძლიერებისა და მისთვის უფრო მეტი გარანტიების მინიჭების თაობაზე, რათა კონკრეტული ინდივიდი თუ კომპანია იყოს მეტად დაცული, მათი უფლებები იყოს მეტად გარანტირებული, რაც საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს სამართლიანი სასამართლოსა და ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში.
- რამდენად თავისუფალია ადვოკატი თავის საქმიანობაში?თუ მოგმართავენ დარღვევებზე, ხელისშეშლის ფაქტებზე და ა.შ. ან რამდენად დაცულია ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში?
- სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ადვოკატების მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესდა წინა წლებთან შედარებით, როდესაც 2009-11 წლებში წინააღმდეგობრივი და ხშირ შემთხვევაში არასერიოზული ბრალდებებით 150-მდე ადვოკატი იჯდა ციხეში. რა თქმა უნდა, ასეთი მდგომარეობა აღარ გვაქვს და ამ მხრივ დიდი პროგრესია, მაგრამ უკვე ერთი თვეა, რაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ და მინდა გითხრათ, რომ ადვოკატებისგან თითქმის ყოველ დღე შემოდის ინფორმაცია მათი უფლებების გარკვეული ხასიათის დარღვევის შესახებ. დარღვევები, რა თქმა უნდა, არ არის უხეში, მძიმე და სისტემური ხასიათის, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ერთეული საყურადღებო შემთხვევები არსებობს. ეს შეიძლება იყოს გავლენიანი ბიზნეს წრეების ან მედიის მხრიდან ზეგავლენა, ისევე როგორც გარკვეული სახელისუფლებო წრიდან და ეს პრობლემა განსაკუთრებით დგას რეგიონებში. შესაბამისად, ჩვენ ყველა ამ საკითხზე ვრეაგირებთ. ნამდვილად, არც ერთ შემთხვევას ყურადღების გარეშე არ დავტოვებთ და ყოველთვის მკაცრი და პრინციპული პოზიცია გვექნება.
- დარღვევებზე და ადვოკატთა უფლებების შეზღუდვაზე რეაგირების რა მექანიზმები გაქვთ, არის თუ არა საკმარისი და ხომ არ გეგმავთ ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით?
- მექანიზმებისა და ინსტრუმენტების სპექტრი დიდია. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, რათა დაინტერესდნენ და გამოიძიონ ადვოკატების მიმართ ჩადენილი ნებისმიერი ქმედება. ასევე გვაქვს კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან, რათა პრევენცია მოხდეს აღნიშნული ხასიათის დარღვევების მიმართ. ასე რომ, ეს მექანიზმები არსებობს. საჭიროებისას, რაიმე დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, თუკი ვერ დავამტკიცებთ სიმართლეს, მზად ვართ გამოვიყენოთ პროტესტის სხვადასხვა ფორმა. ამ ყველაფერთან ერთად, არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, ჩვენ გვყავს უამრავი ევროპელი და არა მხოლოდ ევროპელი კოლეგა და გულშემატკივარი, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობს, მეგობრობს და საჭიროების შემთხვევაში, მათი მხრიდან ჩვენი ადვოკატების დასახმარებლად განხორციელდება ქმედითი ღონისძიება.
- რაც შეეხება საერთაშორისო არენას. რა აქტივობებს გეგმავს ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო ასპარეზე?
- ჩვენ ვართ არაერთი საერთაშორისო და რეგიონული ასოციაციების წევრი: ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს (CCBE), ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL), ასევე, ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA), ისევე როგორც რამდენიმე რეგიონული ასოციაციის წევრი. ჩვენ ყველა ამ ორგანიზაციის წევრი ვართ და აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის იურიდიული პროფესიის გაძლიერება, მისი დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფა, ზოგადად, სამართლის უზენაესობის დამკვიდრების საკითხში ადვოკატის როლის გაძლიერება და ა.შ. ახლა ევროპის საბჭოს ეგიდით მიმდინარეობს ადვოკატის პროფესიის შესახებ ევროპულ კონვენციაზე მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენც აქტიურად ვართ მასში ჩართული და ვფიქრობთ, ამას მალე მიეცემა საბოლოო სახე, რითაც გარანტირებული იქნება იურიდიული პროფესიების დამოუკიდებლობისა და მათი როლის გაძლიერების მასშტაბი. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროპელ კოლეგებთან.
- მართლმსაჯულების განხორციელებაზე საუბრობდით. როგორ აფასებთ მართლმსაჯულების ხარისხს ქვეყანაში, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა და რა გამოწვევების წინაშე დგას ადვოკატთა კორპუსი?
- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას მარტო ხელისუფლების ნება არ განსაზღვრავს, თუმცა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ხელისუფლებამ შეიზღუდოს ცდუნება, ან იდეალურ შემთხვევაში უარი თქვას ცდუნებაზე, რათა მოახდინოს ზეგავლენა სასამართლოზე, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. შესაძლოა სისტემაზე ზეგავლენა იქონიოს ბიზნეს წრეებმა, სხვა გავლენიანმა ჯგუფებმა, მედიამ, ისევე როგორც გაბატონებულმა საზოგადოებრივმა აზრმა. ბევრი შემთხვევა იყო, როცა სასამართლო სისტემა საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ მოექცა, რაც მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. როდსაც საუბარია კონკრეტულ საქმეზე, საკითხი გადაწყვეტილი უნდა იქნას კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კანონის შესაბამისად და არა იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობ საზოგადოება, დამნაშავეა ესა თუ ის პირი, თუ არა. ამის უამრავი კონკრეტული მაგალითია. სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პრობლემების აღმოსაფხვრელად?
- სასამართლო სისტემის ყველაზე საპასუხისმგებლო რგოლი - უზენაესი სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის მქონე პირებით, რომელთა მიმართაც არანაირი კითხვები არ არსებობს. მართლმსაჯულება არამხოლოდ სწორი, სამართლიანი და კანონიერი, არამედ სანდო უნდა იყოს საზოგადოების თვალში. სანდოობას კი ქმნიან მაღალი კვალიფიკაციის და რეპუტაციის მქონე იურისტები. ასევე, ადვოკატთა კორპუსი უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ ერთგვაროვანი პრაქტიკა დაინერგოს მრავალი კატეგორიის სამართებრივ საკითხზე. რათა როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურის გადაწყვეტილებები იყოს წინასწარ განჭვრეტადი ამა თუ იმ კატეგორიის საქმეზე.უნდა არსებობდეს ერთგვაროვანი პრაქტიკა და თუკი მოსამართლე მიიღებს ამგვარი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, ეს მაშინვე საეჭვოდ გამოჩნდება, რაც უზრუნველყოფს რაიმე ზეგავლენის ან არაკანონიერი გარიგებისა და ა.შ. პრევენციას. ჩვენი აზრით, ეს ორი მიმართულებაა გასაძლიერებელია.
- რაც შეეხება საკანონმდებლო მიმართულებას...
- საკანონმდებლო კუთხით გვაქვს პრობლემები, მართლმსაჯულების სისტემაში არსებობენ ისეთი ტიპის მოსამართლეები, რომლებიც სხვადასხვა წესითა და ვადით არიან დანიშნულნი - ეს დაუშვებელია. ყველა მოსამართლე უნდა იყოს ერთი წესით, კანონის ერთი მოთხოვნითა და ერთნაირი ვადით დანიშნული, სარგებლობდეს თანაბარი მდგომარეობით და არ იყოს დამოკიდებული არანაირ გავლენაზე. მოსამართლეები უნდა იყვნენ სრულად დამოუკიდებლები. მე მხარს ვუჭერ ყოველგვარი პრობაციის ვადის გარეშე მოსამართლეთა უვადო გამწესებას, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, სხვა შემთხვევაში ჩვენ მოსამართლეებს ვაქცევთ დამოკიდებულად იმ ორგანოების მიმართ, რომელმაც მერე ისინი უნდა დანიშნონ, გადანიშნონ, მონიტორინგი გაუწიონ თუ ა.შ. ეს უნდა დამთავრდეს. ერთხელ და სამუდამოდ ყველა მოსამართლეს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, უვადოდ იყვნენ დანიშნული, უნდა მივცეთ სრული გარანტია და შევქმნათ ანგარიშვალდებულების ეფექტიანი მექანიზმი, რათა ასეთი ტიპის მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებელნი, მაგრამ ანგარიშვალდებულნი იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე.
- ადვოკატთა ასოციაციას დავუბრუნდეთ. როგორც ვიცით, ახლახანს ადვოკატთა ასოციაციაში მუშაობა დაიწყო 18-მა კომიტეტმა და ერთმა დროებითმა კომისიამ, დეტალურად რომ გვითხრათ, რა მიმართულებით იმუშავებენ ისინი?
- ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით 18 ახალი ფორმატის კომიტეტის შექმნა ადვოკატთა ასოციაციაში, მიხარია, რომ შევძელით მათი დაკომპლექტება და უკვე აქტიურად ამუშავება. საერთო ჯამში, კომიტეტების მუშაობაში 300-მდე ადვოკატი მონაწილეობს, რაც უპრეცედენტო ჩართულობაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს არის აბსოლუტურად არაანაზღაურებადი საქმიანობა. ეს არის პროფილურად სამართლებრივ დარგებთან დაკავშირებული კომიტეტები, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების კომიტეტი. მსგავსი მიმართულება არასოდეს გვქონია. მე ვფიქრობ, რომ ადვოკატთა ასოციაციაში ნამდვილად უნდა არსებობდეს ასეთი სამუშაო ჯგუფი და საკმაოდ კომპეტენტურ აზრს უნდა აფიქსირებდეს ასოციაცია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებათა დარღვევები. ასევე, გვაქვს მართლმასჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტი, რომელიც ფოკუსირებული იქნება სწორედ სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე, ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების პროექტებზე. ჩვენ გვაქვს ფინანსური მდგრადობის, დავების ალტერნატიული გადაწყვეტის კომიტეტი. ცალკე გამოვყავით მედიაციის მიმართულება და ვფიქრობთ, რომ ეს მექანიზმი ავამუშაოთ. გვაქვს გეგმა, რომ იმ სამოქალაქო დავებს, რომლებიც წლებია ჭიანურდება, შევეშველოთ და მედიაციის პროცესით უფრო მალე, დროისა და ხარჯების დაზოგვით მოვახდინოთ მათი გადაწყვეტა. ამაში ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
- როგორი დაგხვდათ ადვოკატთა კორპუსი და როგორი გინდათ იყოს ოთხი წლის შემდეგ, როდესაც თქვენ თავმჯდომარეობის ვადა ამოიწურება?
- მე არ მოვსულვარ სხვა სფეროდან. მე ვიყავი იმ გუნდში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა ადვოკატურის განვითარებისათვის და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ დღეს გვყავს დამოუკიდებელი, მებრძოლი, თავდადებული ადვოკატები, შემართული იმისთვის, რომ მათი კლიენტის უფლებები ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად, იყოს დაცული. ეს არის ყველაზე დიდი მოტივატორი ჩემთვის, რაც მაძლევს ძალას, გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა. ეს მაძლევს ძალას ვიფიქრო, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან ძლიერი და დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ოთხი წლის შემდეგ, ვფიქრობ, ვიქნებით ინსტიტუციურად უფრო მდგრადი, ეკონომიკურად, ფინანსურად უფრო მძლავრი ინსტიტუტი, რომელსაც ექნება სწორი პოლიტიკა მრავალი მიმართულებით. მსურს, რომ ოთხი წლის შემდეგ გვყავდეს ძალიან აკადემიური და მაღალკვალიფიციური ადვოკატთა კორპუსის შემადგენლობა.
- რაც შეეხება ადვოკატთა კვალიფიკაციის დონეს..
- გასათვალისწინებელია, რომ დღეს ჩვენ გვყავს 4600-მდე ადვოკატი, რაც ძალიან დიდი რიცხვია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის.საერთოდ სიაში დაახლოებით 8000-მდე ადვოკატი ირიცხება და ეს საერთოდ წარმოუდგენლი რიცხვია 4 მილიონიანი ქვეყნისთვის, ამ მიმართულებით უპირობო ლიდერებიც კი ვართ რეგიონში, რაც თავისთავად კარგია მომხმარებელთათვის, რადგან ეს ქმნის კარგ კონკურენტულ გარემოს ადვოკატებს შორის. ბუნებრივია, მოიძებნება ისეთი ადვოკატები, რომლებიც არ ბრწყინავენ თავიანთი კვალიფიკაციით, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენს ადვოკატთა კორპუსში მრავლად არიან ადვოკატები მაღალი კვალიფიკაციით სამართლის სხვადასხვა დარგის მიმართულებით. მთავარია არსებობდეს მაღალკვალიფიციური საადვოკატო დახმარებისადმი ეფექტიანი წვდომა და ადვოკატის სწორად შერჩევის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით ჩვენ დავეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს, მომხმარებლებს, რათა მათ შეძლონ კოორდინაცია იურიდიული სერვისების ბაზარზე.
- რა იქნება თქვენი, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მთავარი სათქმელი ადვოკატებისადმი?
- მინდა ყველა ადვოკატს ერთი რამ ვუთხრა, მიუხედავად მათი შეხედულებებისა, აზრებისა, ჩვენს მიმართ სიმპათიებისა თუ ანტიპათიებისა, მე არ დავყოფ ჩვენს კორპუსს არანაირ ჯგუფებად თუ გუნდებად. ჩემთვის ყველა და თითოეული ადვოკატი ძვირფასია, მე ვიქნები მათ გვერდით ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში. მე ვიქნები მათ გვერდით, თუკი მათი უფლებები რაიმენაირად შეილახება, თუკი ვინმე შეეცდება მათ საქმინობაში ჩარევას. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაძლიეროთ ადვოკატის პროფესია და მწამს, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა