ბოლო პერიოდში სასამართლოს პრაქტიკაში იმატა შემთხვევებმა, როდესაც მოქალაქეები სახელმწიფო ორგანოებისთვის მორალური თუ მატერიალური ზიანის დაკისრებას მოითხოვენ. ხშირად ისინი ჩივიან, რომ ბრალდებულად ცნეს ისეთ დანაშაულში, რაშიც რეალურად ბრალი არ მიუძღვოდათ, მოგვიანებით კი - სასამართლოს მიერ დადგინდა უდანაშაულობა.
როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მოქალაქე? მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, უფრო ვრცლად, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი,ქეთევან ქავთარაძე ისაუბრებს:
იურისტის თქმით, ასეთ დროს მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებებით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
რა შეიძლება, გახდეს სასამართლოსთვის მიმართვის მიზეზი?
ამის მიზეზი შესაძლოა, იყოს რეაბილიტაცია, აგრეთვე რომელიმე ორგანოს უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით პირისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ბრალდებულად ცნეს ისეთ დანაშაულში, რაშიც რეალურად ბრალი არ მიუძღვის და მოგვიანებით სასამართლოს მიერ მისი უდანაშაულობა დადგინდა, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებებით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოა, რომელიც ამ მორალურსა და მატერიალურ ზიანს ამძიმებს?
ასეთი შეიძლება იყოს პატიმრობა. თუ გამოძიების, შემდგომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მოქალაქე იმყოფებოდა პატიმრობაში, რაც უდანაშაულობის ფონზე განსაკუთრებით აზიანებდა მის უფლებებს, ინტერესებს, შეიძლება, შეაფასოს პატიმრობით, გამოძიების, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მისთვის მიყენებული ზიანი და მოითხოვოს მორალური ზიანის სახით ამ თანხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის თანხის დაკისრება.
როგორ ან ვისგან ფასდება მორალური ზიანი?
მორალურ ზიანს პირი აფასებს პირადად განცდილი სტრესის გათვალისწინებით და თანხის ოდენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად. სასამართლო იხილავს მხარის მოთხოვნას, აფასებს საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებს და მხოლოდ არსებული ინფორმაციის, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მორალური ზიანის შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიყენებული ზიანი არის მხოლოდ მხარის შეფასების საგანი და მისი ოდენობა ვერ დადასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებებით.
როგორ უნდა დაასაბუთოს მოქალაქემ მისთვის მიყენებული მორალური ზიანი ?
მორალური ზიანის დასაბუთების კუთხით გასათვალისწინებელია, რომ მიყენებული ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და ანგარიშგასაწევი. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს პირისთვის სულიერი და მორალური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო ორგანოების მართლსაწინაარმდეგო მოქმედებით და რომელიც ხელყოფს მოსარჩელის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს.
რას ეფუძნება ან როგორ ხდება მორალური ზიანის ანაზღაურება?
მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებულ მორალური ტანჯვის ხარისხს. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია, მისი მიზანია დაზარალებულის მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება, კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები პირის დარღვეული უფლებების ხასიათი, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და ა.შ.
კანონმდებლობა რამდენად გამართულია მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით?
სამწუხაროდ, მორალური ზიანის კუთხით მოქმედი კანონმდებლობა დასახვეწია იმდენად, რამდენადაც არ არსებობს კანონით დადგენილი სტანდარტი მორალური ზიანის არსებობის დასადასტურებლად და მის შესაფასებლად. უფრო კონკრეტულად კი, მოგახსენებთ, რომ კანონში შეტანილი უნდა იქნას ცვლილება და მორალური ზიანის ოდენობის ან/და არსებობის დადასტურებითვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს მოწმეთა ჩვენებებს, რაც აღნიშნული კატეგორიის დავების განხილვას უფრო ეფექტურს გახდის.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა