მიმდინარე წლის 1 ივნისიდან საქართველოში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება იგეგმება. საზოგადოებაში მუდმივად ისმის კითხვები, რამდენად შედეგიანი იქნება დაგროვებითი პენსიის შემოთავაზებული მოდელი?
კანონპროექტის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა გულისხმობს 6%-იან დანაზოგს, რომელსაც საინვესტიციო ამონაგები ემატება. კერძოდ, დასაქმებული ყოველთვიურად ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს დასაბეგრი ხელფასის 2%-ს, დამსაქმებელი ასევე 2%-ს, 2% კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ემატება. თვითდასაქმებულის შემთხვევაში, თვითდასაქმებულს საპენსიო ანგარიშზე შეაქვს შემოსავლის 4%, სახელმწიფოს თანამონაწილეობა კი ამ შემთხვევაშიც 2%-ია. თუ დასაქმებულის ხელფასი ან თვითდასაქმებულის შემოსავალი წლიურად 24 000 ლარს აღემატება, სახელმწიფოს თანამონაწილეობა 1%-მდე მცირდება. თუ დასაქმებულის ხელფასი ან თვითდასაქმებულის შემოსავალი წლიურად 60 000 ლარს აღემატება, საპენსიო შენატანს არც სახელმწიფო განახორციელებს და არც დამსაქმებელი.
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა თვითდასაქმებულებისთვის ნებაყოფლობითია. ყველა დაქირავებით დასაქმებული კი ავტომატურად ერთვება სისტემაში. დაგროვებით საპენსიო სისტემის მონაწილეობა 40 წლამდე ასაკის დაქირავებით დასაქმებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო იქნება. 40 წლის ასაკის ზევით დასაქმებულებს კი შეუძლიათ უარი თქვან დაგროვებითი საპენსიო სისტემაში მონაწილეობაზე. ამისთვის მათ წერილობით უნდა მიმართონ „საპენსიო სააგენტოს“, ავტომატურად სქემაში გაწევრიანებიდან ხუთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რჩებიან საპენსიო სქემის მონაწილედ. თუმცა, დაგროვებითი საპენსიო სქემაში გაწევრიანებიდან მინიმუ 3 თვე უნდა იყოს გასული, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გავიდნენ. თუ 40 წელს ზევით დასაქმებული პირისთვის ნებაყოფლობითია პროგრამაში ჩართვა, გაუგებარია რა საჭიროა 3 თვიანი ვადა იმისთვის, რომ ის პროგრამიდან გავიდეს? აღნიშნული ვადის საჭიროება არც კანონპროექტში და არც განმარტებით ბარათში არ არის განმარტებული.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით იქმნება სსიპ „საპენსიო სააგენტო“. საპენსიო აქტივები სამართავად გადაეცემა აქტივების მმართველ კომპანიას, რომელსაც შეარჩევს საპენსიო სააგენტოს საინვეტიციო საბჭო. საპენსიო აქტივები შეიძლება განთავსდეს ფულად სახსრებში და დეპოზიტებში, სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებში, საწარმოთა აქციებში და სხვა.
სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტმის გამოწვევები
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპენსიო უზრუნველყოფაზე 1 700 მლნ ლარი იხარჯება, რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების დაახლოებით 18%, ხოლო მშპ-ს დაახლოებით 5%-ია. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, პენსიონერთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, შესაბამისად, იზრდება ბიუჯეტის სოციალური ხარჯები. მთავრობა საპენსიო სისტემის მდგრადობისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის აუცილებლობას ხედავს.
თუმცა, სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობა: დაქირავებით დასაქმების მაღალი და მზარდი მაჩვენებელი, ასევე შემოსავლების (საშუალო ხელფასის) მაღალი მაჩვენებელი, პრაქტიკულად არ არსებობს.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, დასაქმებულთა 57% თვითდასაქმებულია. თვითდასაქმებულები, რომლებსაც ძირითადად არ აქვთ ყოველთვიური შემოსავალი და სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მათი დიდი ნაწილი სამუშაოს მაძიებლებად მიიჩნევს თავს, დიდი ალბათობით ვერ მოახერხებენ საპენსიო დანაზოგის გაკეთებას. 1 763 ათასი დასაქმებულიდან მხოლოდ 745 ათასი ადამიანია დაქირავებით დასაქმებული. მათგან მხოლოდ 310 ათასი ადამიანია 40 წლამდე. თუ წინა წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ფაქტია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. მეტიც, 2016 წელს შემცირდა კიდეც. გამოდის, რომ პროგრამა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხება.
დასაქმებულთა საშუალო ხელფასს და მისი ზრდის ტემპს თუ გავითვალისწინებთ, 6%-იანი კონტრიბუციით მოსახლეობა ვერ შეძლებს მაღალი დანაზოგების შექმნას. ბოლო მონაცემებით, დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი (საშემოსავლოს ჩათვლით) 940 ლარია. პირობითად, დასაქმებული, რომლის ხელფასიც საშუალო ხელფასს უტოლდება, 30 წლის განმავლობაში აკეთებს საპენსიო დანაზოგს (3%-იანი ინფლაციისა და 5%-იანი წლიური სარგებელის მიღების გათვალისწინებით), საპენსიო ასაკში, 15 წლის განმავლობაში, მისი პენსია იქნება თვეში სავარაუდოდ 371 ლარი, რაც დღევანდელი მსყიდველუნარიანობით დაახლოებით 179 ლარია, რასაც დაემატება არსებული სოციალური პენსიაც.
აღნიშნული რეფორმა დამატებითი საგადასახადო ტვირთი იქნება მოსახლეობისთვის, რომელსაც ისედაც დაბალი შემოსავლები აქვს. მთავრობის მიერ შემოთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელი კერძო კომპანიების დანახარჯებსაც ზრდის, თუმცა, დიდი ალბათობით, ესეც დასაქმებულის ხელფასის შემცირების ხარჯზე მოხდება.
ხელისუფლება გვეუბნება, რომ საპენსიო შენატანი არ არის გადასახადი. გადასახადის ოფიციალურ განმარტებასთუ ვნახავთ, ასეცაა – გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო შენატანი ბიუჯეტში. საპენსიო შენატანი კი პირად ანგარიშზე გროვდება, რომელიც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან გვიბრუნდება. თუმცა, საპენსიო შენატანიც ირიბად დამატებითი გადასახადი გამოდის, რადგან შემოსავლები სავალდებულო წესით დაიბეგრება.
დასაქმებული ყოველთვე თავისი ხელფასის 20%-ს იხდის საშემოსავლო გადასახადის სახით. ამას დაემატება 2% საპენსიო დანაზოგისთვის. კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების შემთხვევაში, მაღალი ალბათობა იმ 2%-ის გადახდაც, რომელიც დამქირავებელმა უნდა გადაიხადოს, ისევ დასაქმებულის ხელფასიდან მოხდება. ჯამში, დაქირავებით დასაქმებული თვეში 20%-ის ნაცვლად, 24%-ს გადაიხდის.
სახელმწიფოს თანამონაწილეობა საპენსიო შენატანში საბიუჯეტო ხარჯებს ზრდის. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, დაგროვებითი საპენსიო თანადაფინანსებისთვის 80 მლნ ლარია გამოყოფილი, ეს არის 6 თვის ბიუჯეტი, რადგან საპენსიო სისტემა მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, „საპენსიო სააგენტო“ პირველი 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა არ ემყარება რაიმე კვლევას, სადაც ნაჩვენები იქნებოდა, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს რეფორმა ქვეყანას. ხელისფლება ვერ გვეუბნება, რომელი ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას ეფუძნება აღნიშნული რეფორმა.
აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში, საპენსიო დაგროვებითი სისტემის წარუმატებლობის მაგალითებიც ბევრი იყო. „პი-ემ-სი-ჯი“ კვლევითი ცენტრის კვლევაში განხილულია, ცალკეულ ქვეყნებში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შეჩერებისა და შეწყვეტის პრაქტიკები. მაგალითად, 2011 წელს უნგრეთში სავალდებულო კერძო დაგროვებითი საპენსიო ფონდების ნაციონალიზაცია მოხდა; პოლონეთში მთავრობამ სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირებული ნაწილის (ფონდების აქტივების 50%) კონფისკაცია განახორციელა. 2014 წელს ჩვენს მეზობელ სომხეთში, სავალდებულო საპენსიო დანაზოგების რეფორმას პროტესტი მოჰყვა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო „სავალდებულობის“ ცალკეული მუხლები. გარკვეული ცვლილებების შემდგომ, რეფორმა გადავადდა 2017 წლამდე და დროებით ამოქმედდა კვაზი-სავალდებულო სისტემა.
ზემოაღნიშნული ფაქტორები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლოა წარმატებული ვერ აღმოჩნდეს. აღნიშნული რეფორმა დამატებითი საგადასახადო ტვირთია მოსახლეობისთვის, რამაც შესაძლოა სოციალური მღელვარებაც გამოიწვიოს.
წყარო: Factcheck.ge
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა