რა უფლებებით სარგებლობენ პაციენტები?3207 2018.02.23
რა უფლებებით სარგებლობენ პაციენტები?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან პირდაპირი ან ირიბი შეხება არ ჰქონია- თითქმის ყველა მოქალაქე ერთხელ მაინც ყოფილა პაციენტის ამპლუაში.

 მოქალაქეები იქამდე, ვიდრე ექიმთან ვიზიტს გადაწყვეტენ, კითხულობენ: კარგი ექიმია? როგორი მომსახურებაა სამედიცინო დაწესებულებაში? როგორი ფასებია ? და ა.შ.

 საერთოდ, სამედიცინო მომსახურებით პაციენტთა კმაყოფილება-უკმაყოფილება სხვადასხვა მეთოდით იზომება, თუმცა საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხი რომ კვლავ ბევრ კითხვას აჩენს, ეს ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში სამედიცინო სფეროს მიმართებით არაერთი რეფორმა გატარდა, შესამჩნევი ცვლილებები მაინც არ ფიქსირდება.

 

 სამედიცინო მომსახურების შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი ის არის, თუ რამდენად დაცულია სამართლებრივად პაციენტის უფლებები, ვინ ან რა იცავს ამ უკანასკნელს, რა იცის თავად პაციენტმა საკუთარი უფლებების შესახებ, როცა სამედიცინო დაწესებულებას აკითხავს და ა.შ. აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვებს საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანი უპასუხებს.

 

ვინ არის პაციენტი ?

 

პაციენტი არის ნებისმიერი პირი, რომელიც მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით.

პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადი უარყოფითი განწყობის გამო აკრძალულია.

 

როგორ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობაში პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის უფლებები?

 

 სამედიცინო დაწესებულებებსა და პაციენტებს შორის არსებული ურთიერთობა მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით (მუხლი 37), კონვენციით ,,ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ” და კონვენციის დამატებითი ოქმით ,,ადამიანის კლონირების აკრძალვის შესახებ“, კანონებით ,,პაციენტის უფლებების შესახებ“, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ”, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ”, ,,შიდსის შესახებ”, ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ”, ,,ორგანოთა გადანერგვის შესახებ”, რომელშიც გამოხატულია, როგორც პაციენტის უფლებები, ასევე ექიმთა და საერთოდ სამედიცინო დაწესებულების მუშაკთა მოვალეობები სხვადასხვა კატეგორიის პაციენტის მიმართ.

 

რა  უფლებები  აქვს  პაციენტს?

 

პაცინტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:

ა) სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიღების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;

ბ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული პაციენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;

გ) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;

დ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ;

ე) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და ეფექტიანობის შესახებ;

ვ) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე გაცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ზ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ;

თ) სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.

 

რა  უფლებები  აქვს ქმედუნარიან  პაციენტს?

 

ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული. სამედიცინო მომსახურების გაწევისას დასაშვებია მხოლოდ მასში უშუალოდ მონაწილე პირთა დასწრება, გარდა იმ შემთხვვისა, როცა პაციენტი თანახმაა ან მოითხოვს სხვა პირთა დასწრებას. პაციენტს უფლება აქვს მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.

რა  უფლებები  აქვს  არაქმედუნარიან პაციენტს?

 

არაქმედუნარიან და გაცნობიერებულ გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის, გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის ან სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით. ყველა სხვა შემთხვევაში, არაქმედუნარიანი პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენელის თანხმობით.

 

რისი  უფლება  არა  აქვს პაციენტს?

 

 ნებისმიერ პაციენტს უფლება აქვს თავისი სურვილისამებრ მიმართოს ან არ მიმართოს სამედიცინო მომსახურების გამწევს სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისათვის, მაგრამ არსებობს ისეთი სამედიცინო ღონისძიებები, რომლის გაწევაზეც პაციენტს უფლება არა აქვს უარი თქვას, გარდა:

ა) სავალდებულო აცრებისა და საკარანტინო ღონისძიებისა;

ბ) გადამდები დაავადების მაღალი რისკის მქონე მოქალაქეთათვის სათანადო სამკურნალო და საპროფილაქტიკო ღონისძიებებისა;

გ) სხვადასხვა ობიექტების ინფიცირებისაგან დაცვისა და ინფიცირებული ობიექტების გაუვნებლობისა;

დ) ეპიდემია საწინააღმდეგო ვითარებაში გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლისა;

ე) სამედიცინო პერსონალის ეპიდემიოლოგიური მზადყოფნისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისა;