მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ოჯახის წევრი ან ახლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰყავთ, ხშირად აინტერესებთ, როგორ და რა გზებით უნდა მოახერხონ მსჯავრდებულის ნახვა. ამიტომ, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-მ გადაწყვიტა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ.
მსჯავრდებულთან პაემანი
ქართული კანონმდებლობის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია აკრძალულია, შესაბამისად, მათთვის არსებობს 3 სახეობის პაემანი:
ხანმოკლე
ხანგრძლივი
ვიდეოპაემანი.
ხანმოკლე პაემანი
მსჯავრდებულს შეუძლია, ხანმოკლე პაემნის საშუალებით, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან სისტემატური კონტაქტი იქონიოს. პირს, რომელიც სასჯელს იხდის ნახევარად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო დახურული ტიპის დაწესებულების შემთხვევაში 1 პაემანი.
არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეუძლია, ხანმოკლე პაემნით თვეში ოთხჯერ ისარგებლოს, ქალ მსჯავრდებულს კი - თვეში სამჯერ.
ბრალდებული 1 თვის განმავლობაში სარგებლობს არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნისა, პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე.
დოკუმენტაცია მსჯავრდებულთან ხანმოკლე პაემნის თაობაზე
პაემნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 5 დღით ადრე. მსურველმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ახლო ნათესავების წრეს განეკუთვნება: შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, ბიძა, დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი. აგრეთვე ის პირი, რომელიც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში.
აგრეთვე, ბრალდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება ხანმოკლე პაემანი შეეცვალოს სატელეფონო საუბრით.
ხანგრძლივი პაემანი
კანონი ითვალისწინებს ხანგრძლივი პაემნის უფლებასაც. ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულისა და მისი ოჯახის ზემოხსენებული წევრების ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, მსჯავრდებულის ან ზემოხსენებული პირების ხარჯით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად.
დოკუმენტაციამსჯავრდებულთან ხანგრძლივი პაემნის თაობაზე
ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული არანაკლებ 2 კვირით ადრე. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. თუმცა, მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 47 საათამდე.
ხანგრძლივი პაემნის უფლებით ვერ ისარგებლებს:
ა) საკარანტინო რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულს;
ბ) მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან მოთავსებულია სამარტოო საკანში.
ვიდეოპაემანი
ასევე, მსჯავრდებულებს შეუძლიათ ნებისმიერ პირთან დაამყარონ პირდაპირი ვიზუალური და ხმოვანი კავშირი ვიდეოპაემნის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით დაკავშირება შესაძლებელია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებიდან - პრობაციის ბიუროებიდან.
ამ ეტაპზე ვიდეოპაემნის სერვისი ხორციელდება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, ზუგდიდის, ახალციხის, რუსთავისა და გორის პრობაციის ოფისებიდან, ქალთა N5 დაწესებულებაში, N8 დაწესებულებაში, N11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ქსნის N15 დაწესებულებაში, რუსთავის N16 და N17 დაწესებულებაში.
ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობის წინაპირობები:
მოქმედი კანონმდებლობით, მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს ახლობლებთან კომუნიკაციისა და შეხვედრისათვის სხვადასხვა სახის შესაძლებლობა ეძლევათ. თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის ამ უფლებების შესახებ უცნობია, შესაბამისად, საჭიროა პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მსჯავრდებულების/ბრალდებულების რესოციალიზაციას, რათა გამოირიცხოს საპატიმროში მყოფი პირების იზოლაცია გარე სამყაროსა და ოჯახის წევრებისაგან.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა