იცით რა არის უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება? მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა გარანტია იმისა, რომ თავი მუდმივად დაცულად იგრძნოთ. თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მოქალაქეები არასაკმარისად ინფორმირებულები არიან, რაც თავისთავად მათს ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“ მუდმივად აკვირდება, რა საკითხია აქტუალური ან რა აინტერესებთ მოქალაქეებს და გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც ყველა ჩვენგნისთვის მნიშვნელოვანია.
ამჯერად ჩვენი ყურადღება პოლიციელის მხრიდან იძულებითი ღონისძების გამოყენებაზე შეჩერდა; უფრო კონკრეტულად კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როდის/რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება.
საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობია პოლიციელის უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების შესახებ, შესაბამისად, ეს ფაქტი დიდ პრობლემას წარმოშობს და ხელს უშლის პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობის განხორციელებაში. ამასთან, საფრთხე ექმნება თავად მოქალაქეებსაც, ვინაიდან, მათთვის შესაძლებელია მოულოდნელი იყოს პოლიციის მხრიდან იძულებითი ღონისძიების გამოყენება, რითაც დიდი ზიანი მიადგება მათ ჯანმრთელობას და შესაძლებელია ამას სიცოცხლის ხელყოფაც კი მოჰყვეს.
როგორც ვიცით, პოლიციის ძირითადი ფუნქცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების უზრუნველყოფაა, რისთვისაც პოლიციელს შესაბამისი ქმედება-რეაგირებების განხორციელება უწევს.
საქმის სირთულიდან გამომდინარე, საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების პროცესში პოლიციის თანამშრომელს შესაძლოა, იძულებითი ღონისძიებების გამოყენება დასჭირდეს. ამ ღონისძებათაგან ერთ-ერთ სახეობა ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციის ფუნქციების შესასრულებლად გამოყენებაა.
მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ:
- პოლიციელი უფლებამოსილია, პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.
- პოლიციელი უფლებამოსილია, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.
- პოლიციელი ვალდებულია, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიებების გამოყენებით დაზიანებულ პირს.
- პოლიციელს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. აღსანიშნავია, რომ განასხვავებენ პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის პასიური და აქტიური გამოყენების შემთხვევებს.
რას ნიშნავს იარაღის პასიური და აქტიური გამოყენება ?
ა) პასიურ გამოყენებად ითვლება პოლიციელის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება.
ბ) აქტიურ გამოყენებად კი ითვლება იარაღიდან გამიზანული სროლა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში თუ:
ა) პირისა და საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
ბ) უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის განსათავისუფლებლად;
გ) მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედებისათვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად;
დ) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს;
ე) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოგერიებისას;
ვ) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად;
ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის სროლისა.
პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება − „პოლიციაა, სდექ, თორემ გესვრი!“, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.
გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:
ა) შეიარაღებული თავდასხმისას, აგრეთვე საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;
ბ) პოლიციელისთვის წინასწარი ცნობით სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის ან დაპატიმრებულის გაქცევისას;
გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;
დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;
ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
ვ) სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად გადაჭრა შეუძლებელია.
ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც შეიცავს სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
ასევე, აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა