პარლამენტში იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან მიმართებით, ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ. უკვე შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, შემოდის ახალი ცნება „ბოლო საცხოვრისი“ ანუ უძრავი ნივთი, რომელიც წარმოადგენს მოვალისა და მისი ოჯახის წევრზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ ნივთს და იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ფიზიკურ პირს ერთადერთი სახლი აქვს ბანკში ჩადებული, ან კერძო მევახშესთან იპოთეკის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და თანხას ვერ დაფარავს, ბანკი ან მევახშე ამ ქონებას 3 წლის განმავლობაში ვერ გაყიდის.
კანონპროექტის თანახმად, თუ აღმასრულებლის მიერ დადგინდება, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მოვალის და მისი ოჯახის წევრების ბოლო საცხოვრებელ სახლს აღმასრულებელი ვალდებულია, შეაჩეროს სააღსრულებო საქმის წარმოება 3 წლის ვადით.
სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების პერიოდში მოვალე კრედიტორის სასარგებლოდ ყოველთვიურად იხდის ვალდებულების „საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.
ერთი წლის განმავლობაში 6 თვის სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე განაახლებს იძულებითი აღსრულების საქმის წამოებას და „სააღსრულებო წამოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად სარეალიზაციოდ მიაქცევს მოვალის ბოლოს საცხოვრისს“.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, თუ სამი წლის შემდეგაც არ დაფარავს მოვალე თანხას, აღმასრულებელს უფლება ეძლევა, რომ გაასხვისოს უძრავი ქონება; ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის ბოლო საცხოვრისი უკვე რეალიზებულია, მაგრამ ის იძულებით არაა იქიდან გამოყვანილი, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში, მას შეუძლია გამოისყიდოს გასხვისებული ქონება იმ ოდენობის თანხით, რამდენადაც გაიყიდა უძრავი ქონება იძულებით აუქციონზე; ხოლო თუ ამ ვადაშიც არ გამოისყიდის, მაშინ კანონიერ მესაკუთრეს შეუძლია ეს ქონება გამოითხოვოს უკვე სასამართლოს გზით.
კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ „მხოლოდ ამ ფორმით დადგენილი რეგულირებების შემთხვევაშია შესაძლებელი კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ურთიერთობების დაბალანსება და მოქალაქეების დაცვა უსახლკაროდ დარჩენისგან“.
„კანონპროექტი ხელს შეუწყობს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლისთვისაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენს ბოლო საცხოვრისს. ამასთანავე, კანონპროექტის მოქმედება ზეგავლენას მოახდენს კრედიტორების ფინანსურ მდგომარეობაზე, რამდენადაც კანონპროქტის შესაბამისად სააღსრულებლო წარმოება შეჩერდება მინიმუმ 6 თვით და მაქსიმუმ 3 წლით. შეჩერების პერიოდში კრედიტორი მიიღებს კანონპროექტით განსაზღვრულ შემოსავლებს“, - წერია განმარტებით ბარათში.
აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გამოეხმაურა. ადვოკატ, ანა გორდეზიანის განცხადებით, „ბოლო პერიოდში მიკროსაფინანსოებისა და კომერციული ბანკების მხრიდან იპოტეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მზარდი სტატისტიკა ძალიან შესამჩნევია. ამ სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად მისასალმებელი იქნება ამ კანონპროექტის მიღება, რადგან თუკი აქამდე რეალიზაცია ხდებოდა მაშინვე, ამჯერად მიეცემა გარკვეული შანსი იმისა, რომ გამოისყიდოს ან შესაბამისი ალტერნატიული სახსრები მოიძიოს იმისათვის, რომ თანხა დაფაროს და ნივთიც კვლავ მის საკუთრებაში დარჩეს“.
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ერთი შეხედვით პოზიტიურ მიზანს ემსახურება, იურისტის მიაჩნია, რომ „აღსრულების მექანიზმები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ვფიქრობ, დასახვეწი იქნება. საქმე ის არის, რომ ასეთ დროს შესაძლოა, თავად ფიზიკურმა პირებმა (მოვალეებმა) არაკეთილსინდისიერ ქმედებებს მიმართონ; მაგალითად, შესაძლოა, რეალურად 5 უძრავი ნივთი ჰქონდეს, მაგრამ იმისთვის, რომ აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი გავრცელდეს, განგებ მოახდენენ ნივთების გასხვისებას და საკუთრებაში მხოლოდ ერთს დაიტოვებენ“.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა