„0%-იანი განვადება ქართულად“2457 2018.03.14
„0%-იანი განვადება ქართულად“

 დღეს საქართველოში საბანკო სისტემას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. საზოგადოების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა საბანკო პროდუქტით სარგებლობს, თუმცა მათგან ყველაზე ხშირად მაინც სამომხმარებლო სესხებს იყენებენ.

 

გიფიქრიათ, რას ნიშნავს რეალურად 0%-იანი განვადება, რომელსაც კომერციული ბანკები გვთავაზობენ? ამის გასარკვევად საკმარისია, მიმართოთ რომელიმე მაღაზიას და ჰკითხოთ, დაგიანგარიშონ, რა დაგიჯდებათ მათთან განთავსებული რომელიმე პროდუქტის 0%-იანი განვადებით შეძენა; მ,ალევე დარწმუნდებით, რომ როგორც მაღაზიის, ისე ბანკის წარმომადგენლებს მართლაც ჯერათ მათ მიერ შემოთავაზებული პირობების და მეტიც, ისინი გულმოდგინედ ცდილობენ, თქვენც დაგარწმუნონ აღნიშნული პირობების სარფიანობაში.

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს იურისტების განმარტებით, ერთი შეხედვით მარტივად ამოსაცნობი საბანკო მომსახურების პროდუქტი - საბანკო კრედიტი, საზოგადოებისათვის ხშირად არასწორად არის აღქმული. კერძოდ, საბანკო დაწესებულებები სარეკლამო საშუალებებით ცდილობენ მომხმარებლებს შესთავაზონ საკუთარი საკრედიტო სერვისი სხვადასხვა პირობებით, მაგალითად სამომხმარებლო სესხი გარკვეული შეღავათიანი პირობებით, 0%-იანი განვადების სერვისი და სხვა ტიპის შეთავაზებები, რაც მომხმარებლების ყურადღებას იქცევს. თუმცა, მეორე მხრივ, ყველა ასეთი ტიპის შეთავაზება საბანკო კრედიტს წარმოადგენს. შესაბამისად, მიუხედავად გარკვეული შეღავათებისა, მომხმარებლებისათვის კრედიტით სარგებლობა მაინც გარკვეული ოდენობით ძვირდება.

 მსგავსი შეთავაზებებით მოქალაქეები ცდილობენ, უზრუნველყონ საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, მოგზაურობის თუ სხვა დანახარჯების დაფინანსება. შესაბამისად, მათთვის ყველაზე მიმზიდველი ხშირ შემთხვევაში, მაღაზიების მიერ შეთავაზებული 0%-იანი განვადების სერვისია.

 განვადება სამომხმარებლო ტიპის სესხს წარმოადგენს, რომლის აღებასაც ძირითადად განაპირობებს მომხმარებლის მიერ მაღაზიაში კონკრეტული საქონლის შეძენა. ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით, განვადების შემთხვევაში განსაზღვრულია სესხის კონკრეტული მიზანი, კერძოდ, ის, თუ რა მიზნობრიობით ხდება მომხმარებლის მიერ თანხის სესხება.

ამდენად, მომხმარებლებისათვის ყველაზე მიმზიდველ სერვისად მიიჩნევა უპროცენტო განვადება. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი არასწორად აღიქვამს მსგავს შეთავაზებებს და მიიჩნევს, რომ მას განვადებით სარგებლობის შემთხვევაში არ დაეკისრება დამატებით თანხის გადახდის ვალდებულება და ნივთის შეძენას შეძლებს მაღაზიის მიერ შეთავაზებულ ფასად.

 

0%-იანი განვადება 0%-იანი არ არის!

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანის განმარტებით,  „მართალია, უპროცენტო განვადების შეთავაზებებში ძირითადად სესხის საპროცენტო განაკვეთი ნულის ტოლია, თუმცა, მაღაზია პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს უძვირებს ნივთის ღირებულებას, ასევე შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს განვადების დამტკიცების ან სხვა სახის საკომისიოები, რაც, მთლიანობაში თითქმის უთანაბრდება ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხის პირობებით გათვალისწინებულ საპროცენტო განაკვეთს და მომხმარებელი ვეღარ იღებს იმ შეღავათს, რისი მოლოდინიც ჰქონდა.

 აღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება: „უპროცენტო განვადებისას მომხმარებელი მხოლოდ ნივთის ღირებულებას იხდის“.

საბოლოოდ, შესაძლებელია, ითქვას, რომ ძირითად პრობლემას საზოგადოების არაინფორმირებულობა წარმოადგენს და მომხმარებლების მხრიდან საკუთარი უფლება-მოვალეობების არ ცოდნა.  „ვფიქრობ, საბანკო დაწესებულების წარმომადგენლები მოწოდებული უნდა იყვნენ მომხმარებლისათვის მაქსიმალურად ნათელი და გასაგები გახადონ საკუთარი სერვისის ყველა პირობა და უზრუნველყონ კლიენტის ინფორმირება მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ, რაც ხშირ შემთხვევაში მომხმარებელთა ყურადღების მიღმა რჩება,“-განაცხადა ანა გორდეზიანმა.