რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსი გაფართოვდეს. მარტოხელა მშობლის სტატუსის ისეთი პირებისთვის მინიჭება იგეგმება, რომლებიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შვილს 18 წლამდე მარტო ზრდიან.
საქართველოში არცთუ ისე იშვიათია, როცა შვილს მარტოხელა მშობელი ზრდის. ბოლო მონაცემებით, საქართველოში მარტოხელა დედის სტატუსი 1 539 ადამიანს აქვს.
ცოტა რამ, მარტოხელა მშობლის სტატუსზე:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ზუსტად არის განსაზღვრული, თუ ვინ შეიძლება, იყოს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; განმარტებულია ასევე სტატუსის დადგენის ძირითადი პირობები.
დღევანდელი მდგომარეობით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრე ვიწროა. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
ხოლო მარტოხელა მამად მიიჩნევა პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე საქმისწარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება. დღევანდელი კანონდებლობით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვს:
ა) სტატუსის მაძიებელ პირს 16 წლის ასაკიდან, თუ ქორწინების საფუძველზე შეძენილი აქვს ქმედუნარიანობა;
ბ) სტატუსის მაძიებელ 18 წლამდე პირის ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) მხარდაჭერის მიმღებს მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მინდობილ პირს;
ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ პირი იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ.
სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 30-ე დღეს. სტატუსის მაძიებელს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ:
ა) სტატუსის მაძიებელი პირი იმყოფება ქორწინებაში;
ბ) შესაბამისი წესით ბათილად იქნა ცნობილი იმ ბავშვის შვილად აყვანა, რომლის მიმართაც სტატუსის მაძიებელი ითხოვს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენას;
გ) ბავშვი, რომლის მიმართაც სტატუსის მაძიებელი ითხოვს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენას, გახდა 18 წლის ან დაქორწინდა;
დ) ბავშვს, რომლის მიმართაც სტატუსის მაძიებელი ითხოვს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენას, დაუდგინდა მეორე მშობელი;
ე) გაშვილდა ბავშვი, რომელთან დაკავშირებითაც სტატუსის მაძიებელი ითხოვს მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენას;
ვ) მოძიებულ იქნა ბავშვის დაბადების შესახებ დოკუმენტი, სადაც ფიქსირდება ბავშვის მამის შესახებ მონაცემები (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბავშვის მამის სახელი დაფიქსირებულია დედის განცხადებით, ხოლო მამის გვარად მითითებულია დედის გვარი);
ზ) სტატუსის მაძიებელი პირი აღარ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;
თ) სტატუსის მაძიებელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება;
ი) სტატუსის მაძიებელმა სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ.
დღევანდელ რეალობას თუ გადავავლებთ თვალს შვილების მარტო გაზრდა უწევთ არამარტო კანონში ზუსტად განსაზღვრულ პირებს, არამედ ისეთ პირებსაც, რომელთა ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში ფიქსირდება მეორე მშობელი; თუმცა, მშობელი ან გარდაცვლილია, ან უბრალოდ უარს აცხადებს შვილების დახმარებაზე. შესაბამისად, ასეთ პირებს შვილების აღზრდა-განვითარებისათვის ზრუნვა სამართლებრივი სტატუსისა და სახელმწიფო დახმარების გარეშე უწევთ.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანი მარტოხელა მშობლის სტატუსის შესაძლო გაფართოვებას დადებითად აფასებს. „იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით მარტოხელა მშობლები ბევრ პრობლემებს აწყდებიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სერიოზულად იწყებს ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქრს; შესაბამისად, ახალი საკანონდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს, ვფიქრობთ მნიშვნელოვანი საკანონდებლო ინიციატივაა და მარტოხელა მშობლების ინტერესების მაქსიმალურად დაცვას შეუწყოფს ხელს,“-განმარტავს გორდეზიანი.
გარდა სტატუსის გაფართოვებისა, იურისტს მიაჩნია, რომ მარტოხელა მშობელთათვის სახელმწიფომ სოციალური დახმარების პროგრამები უნდა გააატიუროს. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტატუსის შემთხვევაშიც კი მარტოხელა მშობლებისთვის დღეს სოციალური დახმარების პროგრამები არ არსებობს (გარდა იმისა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღებისას უპირატესობა ენიჭება მარტოხელა მშობელს), მნიშვნელოვანია აგრეთვე გაიზარდოს მარტოხელა მშობელთა სოციალური დახმარების პროგრამები უზრუნველყოფილი იყოს დაცვისა და დახმარების სახელმწიფო პროგრამების ამოქმედება და დაწესდეს სხვა შეღავათები მათი სოაციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,“-ამბობს ანა გორდეზიანი.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა