„პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს, დანიშნულების გადამოწმების საშუალება ეძლევ1744 2018.06.09
„პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს, დანიშნულების გადამოწმების საშუალება ეძლევ

 საჭიროზე მეტი მედიკამენტის გამოწერის პრობლემა არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშია, რის გამოც, ჯანდაცვის სამინისტრომ პოლიფარმაციის პრევენციასთან დაკავშირებით რეგულაციის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ განუცხადა. მაია ლაგვილავამ ჟურნალისტებთან საუბრისას რეგულაციის შინაარსზეც ისაუბრა. 

"ჩავატარეთ კვლევა, როგორი მედიკამენტების მოხმარება ხდებოდა უფრო ხშირად, რომლის თანახმადაც გამოვლინდა, რომ 65 წელს ზემოთ ძალიან მაღალი იყო მედიკამენტების გამოყენების შემთხვევები და ასევე ჯიბიდან გადახდების წილი ამ მედიკამენტებზე იყო ასევე მაღალი. ეს საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც. 11% არაგეგმიური ჰოსპიტალიზაციის სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება. საქართველოში ჰოსპიტალიზაციის ასეთი შემთხვევები დათვლილი არ გვაქვს, თუმცა, ახლა მოხდება ამ საკითხის შესწავლა მომართვიანობის საფუძველზე,"- განაცხადა ლაგვილავამ. 

ასევე მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ექიმი დაუნიშნავს 5 და მეტ მედიკამენტს, ექნება საშუალება გადაამოწმოს თავისი დანიშნულება. 

"რა თქმა უნდა, თუ ექიმის მიერ მისთვის მიცემული პასუხი არ იქნება მისთვის დამაკმაყოფილებელი და კომპეტენტური, შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ამისთვის არსებობს რამდენიმე ხერხი. ექიმები მუშაობენ ელექტრონული რეცეპტის სისტემაში, მათ მიერ გაცემული დანიშნულება იტვირთება სამინისტროს პორტალზე. ახლა ჩნდება დანიშნულებაში ღილაკი, რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც, დანიშნულება პირდაპირ გენერირდება და მოხვდება პოლიფარმაციის საკითხებთან დაკავშირებულ კომისიაზე. სამი დღის ვადაში პაციენტს იგივე ელექტრონული პორტალის საშუალებით დაუბრუნდება პასუხი, სადაც იქნება მხოლოდ ორი წინანდადება დაწერილი - "დანიშნულება ექვემდებარება გადახედვას", ან "დანიშნულება არ საჭიროებს გადახედვას". თუ დანიშნულება საჭიროებს კორექტირებას, პაციენტს შეუძლია მიმართოს მკურნალ ექიმს და მოითხოვოს განმარტება. თუ კვლავ არ დააკმაყოფილებს ექიმის პასუხი, მას კიდევ ერთხელ აქვს საშუალება ატვირთოს პორტალზე თავისი დანიშნულება. ასეთ შემთხვევაში კომისია ექიმისგან გამოითხოვს განმარტებას, თუ რატომ არ მოხდა დანიშნულების კორექტირება. თუ პასუხი დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ექიმის დაბარება და მისი კვალიფიკაციის გადახედვა მოხდება, რათა მოხდეს ამ დანიშნულების გადახედვა,"- განმარტა ლაგვილავამ და დასძინა: "რეგულაცია მიმართული არ არის იმისკენ, რომ ექიმმა დანიშნულების დაწერისგან თავი შეიკავოს".