შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?4761 2018.06.28
შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?

საქართველოში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი 2004 წლიდან ამოქმედდა. რეფორმის მიზანს წარმოადგენდა მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და ორგანიზებული დანაშაულის დამარცხება. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქვეყანაში არსებულ სისხლის სამართალწარმოებაში. დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეების უმეტესი ნაწილი სწორედ საპროცესო შეთანხმებით სრულდება.

 

 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო შეთანხმება გულისხმობს განაჩენის გამოტანას საქმის არსებითი განხილვის გარეშე, როდესაც მიღწეულია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია, როგორც ბრალდებულს (მსჯავრდებულს), ისე პროკურორს. გარდა ამისა, საქმის განხილვისას სასამართლოსაც აქვს უფლებამოსილება, მხარეებს შესთავაზოს საპროცესო შეთანხმების დადება.

 

 თუ დაიდო საპროცესო შეთანხმება, პროკურორს უფლება აქვს, იშუამდგომლოს სასჯელის შემცირების, ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე, რა დროსაც მან უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, სასჯელის სიმძიმე, აგრეთვე ისიც, თუ რამდენად საშიში ქმედება იყო ჩადენილი და რა როლი ითამაშა ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენაში. საპროცესო შეთანხმების დადებისას უნდა არსებობდეს ზემდგომი პროკურორის და ბრალდებულის წინასწარი თანხმობა და ამ პროცესში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ადვოკატი. პროკურორმა უნდა გააფრთხილოს პირი, რომ იგი არ თავისუფლდება სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. ბრალდებულს (მსჯავრდებულს) ეკისრება დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მთავარ პროკურორს აქვს უფლება, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე ამგვარი პასუხისმგებლობისაგან მისი განთავისუფლების შესახებ, რის შემდეგაც პასუხისმგებლობა უკვე სახელმწიფოზე გადადის. თუ ბრალდებულმა ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან, რის შედეგადაც გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და შეიქმნა დანაშაულის გახსნის წინაპირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს შეუძლია, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სასჯელისგან სრულად განთავისუფლების შესახებ. სასჯელისგან სრულად განთავისუფლება არ დაიშვება მხოლოდ ჯარიმის ან თანხის გადახდის სანაცვლოდ.

 

საპროცესო შეთანხმების საქმეში სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს პროკურორი საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობაში მთლიანად არის მითითებული ბრალდება, ანუ ის, თუ რაში ედება პირს ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი), რა ვითარებაში ჩაიდინა, რა დროს, რა შედეგები გამოიწვია ამ ქმედებამ, შესაბამისი მტკიცებულებანი, სასჯელის რა ზომას ითხოვს პროკურატურა და სხვა. საპროცესო შეთანხმება არ უნდა იყოს დადებული იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირების შედეგად, რაც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

სასამართლო (მოსამართლე) არ არის ვალდებული, უპირობოდ და მსჯელობის გარეშე გაიზიაროს და დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კანონის საფუძველზე. სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის, საქმის პროკურორისთვის უკან დაბრუნების ან კანონით დადგენილი წესით საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, კანონიერია თუ არა მოთხოვნილი სასჯელი, არსებობს თუ არა საქმეში უტყუარი მტკიცებულებანი ბრალის დასადასტურებლად. სასამართლოს უფლება აქვს, შესთავაზოს მხარეებს, შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც ზემდგომ პროკურორთან უნდა იყოს შეთანხმებული. ბრალდებულს აქვს უფლება, განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას საპროცესო შეთანხმებაზე. არსებითი განხილვის გარეშე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, თუ მნიშვნელოვნად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით საპროცესო შეთანხმების დადებისთვის დადგენილი წესები (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი).