ვის და რა შემთხვევაში ეკისრება პირგასამტეხლო?!5753 2018.10.31
ვის და რა შემთხვევაში ეკისრება პირგასამტეხლო?!

 

 სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მოთხოვნის არაერთ უზრუნველყოფის საშუალებას, რომელთა მიზანია, როგორც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ისე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

 აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივ დამატებით და ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს პირგასამტეხლო.

 პირგასამტეხლო არის ფულადი სანქცია - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 ე.ი - პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 პირგასამტხეხლოს მოთხოვნისათვის კანონმდებლობა განსაზღვრავს არსებით პირობას -  შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

ე.ი - მხარეთა შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმება უნდა მოხდეს აუცილებლად წერილობითი ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი შეთანხმება იქნება ბათილი.

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა - ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა.

 

პირგასამტეხლოს მიზანია - ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში “ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა.

 

კანონმდებლობის შესაბამისად - დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში - ე.ი როცა დარღვევა ვადაგადაცილებაში მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება  კრედიტორს ყოველთვის აქვს.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა

მართალია კანონმდებლობა მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მხარეთა შეუზღუდავ უფლებამოსილებას.

მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. ამდენად, პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე.ე.ი - მხარეები უნდა შეთანხმდნენ იმ მინიმალური და თანაზომიერი ზიანის ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დადგეს ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით, რა დროსაც შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად  - „სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (სუსგ Nას-1560-1463-2012)

ამდენად, მხარეთა შორის თავისუფალი ნების საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობაზე შეთანხმების მიუხედავად, სასამართლო არ იზღუდება, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობის, ასევე მისი დაკისრების მიზანშეწონილობა და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.