რა შემთხვევაში გაუქმდება ჩუქების ხელშეკრულება?8233 2018.11.08
რა შემთხვევაში გაუქმდება ჩუქების ხელშეკრულება?

გსმენიათ  ჩუქების ხელშეკრულების შესახებ? რა თქმა უნდა, კი; ყოველ შემთხვევაში, თქვენს ირგვლივ მაინც ყოფილა შემთხვევა, როცა ქონება ერთმა ადამიანმა მეორეს უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებად; სამართლებრივადაც  სწორედ ეს არის ჩუქების ხელშეკრულება, როცა მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. თუმცა, ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, დადასტურება სჭირდება. საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანი განმარტავს, რომუძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

 როგორც იურისტი განმარტავს, არის რიგი გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა, ჩუქების ხელშეკრულების  გაუქმება გამოიწვიოს.  „მოქმედი კანონმდებლობით, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს“-ამბობს იგი.

 

 მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა). პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია, მოითხოვოს იმ პირმაც, ვის ინტერესებშიც იგი იქნა დათქმული, ხოლო თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ასევე, ჩუქება შეიძლება, გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

 

თუმცა, იურისტს მიაჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულების უმადურობის მოტივით გაუქმება ერთგვარ ბუნდოვანებას იწვევს. „საქმე ის არის, რომ  კანონმდებელი არ ახდენს დაკონკრეტებას, რა ითვლება უმადურობად, ამდენად ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებული ხდება სასამართლოს შეფასებაზე,“- განმარტავს ანა გორდეზიანი.

 

რაც შეეხებაჩუქების გაუქმებისათვის მოთხოვნის პროცედურებს. როგორ იურისტმა აგვიხსნა, გაცხადების ვადად კანონმდებელი განსაზღვარვს სპეციალურ ვადას. ჩუქება შეიძლება, გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

 

ჩუქების  გაუქმების შემთხვევაში, გაჩუქებული ქონება შეიძლება, მჩუქებელმა უკან გამოითხოვოს.

 

 თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულსმოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.