რა  სახის ინფორმაციას უნდა ფლობდეს ბავშვი მშობლების შესახებ?1917 2018.12.18
რა სახის ინფორმაციას უნდა ფლობდეს ბავშვი მშობლების შესახებ?

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისს ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად, ნებისმიერ  ბავშვს უფლება აქვს,  ფლობდეს ინფორმაციას მისი მშობლების შესახებ.  ამდენად, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით დაბადების მოწმობაში მითითებული უნდა იყოს ბიოლოგიური მშობლების მონაცემები.  თუმცა, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია, რაც არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს ძალიან აზიანებს.

 

   როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ ან დათავად ოჯახმა მოცემულ შემთხვევაში ბავშვის უფლება ?საადვოკატო ბიურო„OK&CG“-ს იურისტების განცხადებით,  „მოცემულ შემთხვევაში გამოსავალი არის სავარაუდო ბიოლოგიური მამის მიმართ სასამართლოში სარჩელის შეტანა“.

იურისტები განმარტავენ, რომ სარჩელი, ფაქტობრივი და სამართლებრივი კუთხით, საფუძვლიანი და დასაბუთებული უნდა იყოს და თან უნდა ერთვოდეს იმ სახის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს პირის ბიოლოგიური მამობის ფაქტს.

 

რა არის ეს მტკიცებულებები?

 როგორც იურისტი განმარტავს, მსგავსი სახის დავებში არსებითი სახის მტკიცებულებას წარმოადგენს ე.წ. დნმ-ის ანალიზი, რომლითაც კონკრეტული პირის მამობის ფაქტის დადგენაა შესაძლებელი.  წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო იხილავს სადავო საკითხს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ იღებს. ზოგ შემთხვევაში მამობის დადგენას მხარეები ცდილობენ მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ კატეგორიის დავებში უმთავრესი მტკიცებულების სახეს მაინც ე.წ. დნმ-ის ანალიზი წარმოადნეს.

 

და თუ ბიოლოგიური მამა უარს განაცხადებს დნმ-ს ჩატარებაზე?

 

 იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ბიოლოგიური მამა არ დაეთანხმება მამობის დადგენის შესახებ მოთხოვნას და უარს განაცხადებს ანალიზის ჩატარებაზე, სასამართლო მოსარჩელის (დედის) შუამდგომლობის საფუძველზე ნიშნავს ექსპერტიზას მამობის დადგენის მიზნით, ხოლო ექსპერტიზის ხარჯებს აკისრებს მოპასუხე მხარეს.

 

რა უფლებებს შეიძენს იგი (მამა), თუკი მამობა დადგინდება?

 

 მამობის დადგენა არსებითია შემდგომში ბავშვის მშობლების მიმართ უფლება-მოვალეობების განსაზღვრის კუთხით. თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევა ცვლილება და მამის მონაცემები მიეთითება, არასრულწლოვანს ბიოლოგიური მამის მიმართ წარმოეშვება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უფლებები და მოვალეობები.  თავის მხრივ, მამობის დადგენის შესახებ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და დაბადების სააქტო ჩანაწერში ასახული ცვლილება წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ არასრულწლოვნის მშობელმა, ვისთანაც ცხოვრობს ბავშვი, მიმართოს სასამართლოს და ბიოლოგიური მამისთვის მოითხოვოს ალიმენტის დაკისრება.

 

 ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სანამ მამობა ოფიციალურად არ იქნება დადგენილი, არასრულწლოვანი  მამისგან მემკვიდრეობის მიღების უფლებით ვერ სარგებლობს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, თანაბარი უფლებებით არიან აღჭურვილნი დაქორწინებული და დაუქორწინებელი მშობლებისგან წარმოშობილი ბავშვები.

 

 „ბავშვთან დაკავშირებული დავების განხილვისას სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვაა, ხოლო ტრადიციებთან ბავშვის ინტერესის კონკურენციისას ამ უკანასკნელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით“.

 

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული კომპანია  საზოგადოებას მოუწოდებს, რომ უპირველესყოვლისა, იზრუნონ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებზე და მამობის დადგენის მიზნით, კვალიფიციური ადვოკატების დახმარებით მიმართონ სასამართლოს.