სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება6638 2019.12.06
სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება.

 

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივა სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გაორმაგებას ითვალისწინებს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა. 

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმას - თუ მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, მას ქულაც დააკლდება და გაზრდილი ჯარიმაც გამოეწერება. 

ასევე სანქციები მკაცრდება ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე.

 

აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.

 

 როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცვლილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად ჩაითვლება არა 15კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა (როგორც დღეს), არამედ 10 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა.

 

ამასთან, იზრდება ჯარიმებიც. კერძოდ, სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბებაზე ფულადი სანქცია - არსებული 50 ლარის ნაცვლად, 150 ლარი, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე ჯარიმა - 150-ის 250 ლარი იქნება.

 

„იურიდიული პირს კი, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გადაჭარბების ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას დაეკისრება შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობა,“

 

 ახალი კანონპროექტის მიხედვით:

10 კმ/სთ-ზე მეტი და 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება - მინუს 10 ქულა და 150 ლარიანი ჯარიმა იქნება;

40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება კი - მინუს 20 ქულა და 250 ლარიანი სანქცია იქნება.

 

„ამავდროულად გათვალისწინებულია მესაკუთრის უფლება, სამართალდარღვევის ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებისას უფლებამოსილ პირის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტურებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თავად გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს სამართალდარღვევის უშუალოდ ჩამდენ პირს,“-ვკითხულობთ პროექტში.