მეურვეობა/მზრუნველობისა და ბავშვზე ზრუნვის სამუშაო ჯგუფის  დ ე ბ უ ლ ე ბ ა1372 2020.03.11
მეურვეობა/მზრუნველობისა და ბავშვზე ზრუნვის სამუშაო ჯგუფის დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები.

1.1.      საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (შემდგომში „ასოციაცია“) მეურვეობა/მზრუნველობისა და ბავშვზე ზრუნვის სამუშაო ჯგუფი (შემდგომში „სამუშაო ჯგუფი”) წარმოადგენს   ასოციაციის  დროებით მოქმედ  ორგანოს.

1.2. სამუშაო ჯგუფი შექმნილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით.

1.3.      სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესს (დებულებას), ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

1.4.      სამუშაო ჯგუფი შექმნილია 2 წლის ვადით და უფლებამოსილებას იწყებს წინამდებარე დებულების დამტკიცებისთანავე.

მუხლი 2. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზანი.

2.1. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზანია, საქართველოში მეურვეობა/მზრუნველობისა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და რეფორმების პროცესში ადვოკატთა ასოციაციის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

მუხლი 3. სამუშაო ჯგუფის ამოცანები და საქმიანობა.

სამუშაო ჯგუფის ამოცანებია:

3.1. თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მეურვეობა/მზრუნველობისა და ბავშვზე ზრუნვის ორგანოსთან, აგრეთვე, ამ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ სხვა დაწესებულებებთან.

3.2. ბავშვზე ზრუნვის კუთხით პრობლემური საკითხების გამოკვეთა, შესწავლა და სამართლებრივი რეკომენდაციების შემუშავება.

3.3. ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით ნორმატიული აქტების განხილვა პრაქტიკაში მათი გამოყენებისას გამოვლენილი დარღვევების შესწავლა და საკანონმდებლო ინიციატივების  შემუშავება.

თავისი ამოცანების განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი:

3.4. საკუთარი ინიციატივით, აგრეთვე ზეპირი ან წერილობითი განცხადების საფუძველზე, შეისწავლის ბავშვზე ზრუნვის ორგანოს საქმიანობას, კერძოდ, სოციალურ მუშაკთა საქმიანობას, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებს, განიხილავს ბავშვთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს და ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან შეთანხმებითა და კოორდინაციით, ახდენს შესაბამის რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით.

3.5. მეურვეობა/მზრუნველობისა და ბავშვზე ზრუნვის სამუშაო ჯგუფი, ამზადებს შესაბამის დასკვნებს, პროექტებს, შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს,  რომელსაც წარუდგენს ასოციაციის თავჯდომარესა და აპარატს.

3.6. ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, თანამშრომლობს სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციებთან და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამათავრობო ორგანიზაციებსა თუ კოალიციებთან, საელჩოებთან და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან.

3.7. ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს.

3.8. აღმასრულებელი საბჭოსათვის, შეიმუშავებს საჯარო განცხადებების პროექტებს სამუშაო ჯგუფისსაქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

3.9. აანალიზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ატარებს კვლევებს.

3.10. ასრულებს ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და ასოციაციის წესდებას.

მუხლი 4. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.

4.1. სამუშაო ჯგუფი შედგება არაუმეტეს 15 წევრისაგან, მათ შორის ადვოკატის სტატუსის არმქონე იურისტებისა და სპეციალისტებისაგან.

4.2. სამუშაო ჯგუფში გარკვეული საკითხების განხილვისას, შესაძლოა მოწვეულ იყვნენ მათ შორის არა სამუშაო ჯგუფის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ბავშვზვე ზრუნვის საკითხებში.

4.3. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი საბჭო.

4.4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე აირჩევა სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით.

4.5. სამუშაო ჯგუფის წევრები აირჩევიან 2 წლის ვადით. შესაძლებელია წევრების ხელახალი არჩევა.

4.6. სამუშაო ჯგუფის წევრი შეიძლება ვადამდე იქნას გაწვეული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე.

4.7. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს, უფლება აქვს სამუშაო ჯგუფში მოიწვიოს სხვადასხვა დარგის ექსპერტები და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, როგორც სასამართლო სისტემიდან ასევე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან.

4.8. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის და თანა-თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა, შესაძლებელია აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით.

მუხლი 5. სამუშაო ჯგუფის სხდომა.

5.1. სამუშოა ჯგუფი თავის უფლებამოსილების განხორცილებისას ატარებს სხდომებს, რომლებიც მოიწვევა არანაკლებ თვეში ერთხელ. სხდომის ჩატარების დრო და ადგილი გაისაზღვრება სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მიერ.

5.2. სამუშაო ჯგუფის სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნას ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით.

5.3. სამუშოა ჯგუფის სხდომის მოწვევის ორგანიზაციულ საკითხებს უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე.

5.4. სამუშაო ჯგუფის წვერებს, არაუგვიანეს 3 დღისა, კომუნიკაციის საშუალებებით ეცნობებათ სხდომის მოწვევის დრო, ადგილი და დღის წესრიგი.

5.5. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სამუშაო ჯგუფის წევრთა მესამედზე მეტი. სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი უფლებამოსილია დააყენოს წინადადება სხდომის დღის წესრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

5.6. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ დებულებით სხვა უმრავლესობა არ იქნება დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

5.7. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნას ელექტრონული ფოსტით დადასტურებითაც, თუკი სამუშაო ჯგუფის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ელექტრონული ფორმით გამოხატავს თანხმობას და ეს აისახება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმში.

5.8. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დგება ოქმი, რომლსაც ადგენს მდივანი. ოქმს ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე და მდივანი, რაც ადასტურებს საოქმო ჩანაწერის სიზუსტეს.

მუხლი 6. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე/თანათავმჯდომარე.

6.1. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, კოორდინაციას უწევს სამუშაო ჯგუფის მუშაობას და სამუშაო ჯგუფის სხდომებს.

6.2. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფისთავმჯდომარეს აქვს უფლება გააკეთოს საჯარო განცხადებები სამუშაო ჯგუფისსაქმიანობასა და სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

6.3. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე სამუშაო ჯგუფის წევრებიდან აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამუშაო ჯგუფის თანა თავმჯდომარის კანდიდატურას.

6.4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორცილების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ან/და თავად სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის თხოვნის საფუძველზე სამუშაო ჯგუფის მუშაობას კოორდინირებას უწევს თანა თავმჯდომარე.

მუხლი 7. სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი.

7.1 სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპარატი.

7.2. სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, ორგანიზებას უწევს სამუშაო ჯგუფისშეხვედრისა და სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენას და მის ხელმისაწვდომობას დაინერესებული პირებისათვის.

მუხლი 8. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა.

8.1. სამუშაო ჯგუფის წევრები თავის საქმიანობას ახორციელებენ საზოგადოებრივ საწყისებზე.

8.2. სამუშაო ჯგუფის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები და მოწვეული ექსპერტები შეიძლება დაფინანსდეს ასოციაციის ბიუჯეტიდან ან/და სამუშაო ჯგუფის მიერ, ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, მოძიებული გრანტის და შემოწირულობის სახსრებიდან.

მუხლი 9. ანგარიშგების ვალდებულება.

9.1. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ სემესტრული (6 თვის) წერილობითი ანგარიში წარუდგინოს აღმასრულებელ საბჭოს.

მუხლი 10. დებულების შეცვლა.

10.1. წინამდებარე დებულების ცვლილებებსა და დამატებებს, აგრეთვე დებულების ახალ რედაქციას ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

10.2. დებულების ცვლილებებისა და დამატებების ან დებულების ახალი რედაქციის პროექტს ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე.

მუხლი 11. დებულების მოქმედების ვადა.

11.1. წინამდებარე დებულება, ძალაშია ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების დღიდან და მოქმედებს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ვადით.