მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება1318 2020.08.20
მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება

პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ მიზეზი ბავშვების დაცვაა ისეთი ინფორმაციისგან, რომლიც მათ ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის” საფუძველზე  შეტანილი  ცვლილებები , რომლის მიხედვითაც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება იზღუდება, შეეხება  „მაუწყებლობის შესახებ” და „კომუნიკაციების შესახებ” კანონებს.   

რას ითვალისწინებს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ცვლილებათა პაკეტი?

მოსალოდნელი ცვლილებებით იგეგმება გარკვეული რეგულაციებისა და აღსრულების მექანიზმების შემოღება. საინტერესოა,  თუ რა ითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით?! კანონით აკრძალულია ისეთი პროგრამით შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომელიც „ბავშვის ასაკს არ შეესაბამება და აფერხებს მის განვითარებას, აგრეთვე, ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას”. 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

  • სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;
  • ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება;
  • უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;
  • ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);
  • ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
  • თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
  • ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;
  • სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;
  • იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;
  • აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;
  • ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;
  • ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.

15 წლამდე არასრულწლოვნისთვის, ასევე, შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

  • სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას;
  • შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია;
  • ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.

12 წლამდე არასრულწლოვნისთვის დამატებით შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას, ხოლო 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის – მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.

აღნიშნულ ცვლილებებს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში დიდი გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა. ცვლილებათა მოწინააღმდეგეები აღნიშნულს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხედ აღიქვამენ და განმარტავენ, რომ კანონი ძალიან ბუნდოვანია, რაც კანონის თვითნებურად ინტერპრეტაციის საფრთხეს ზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შესაბამისი უწყებები ისე გამოიყენებენ, როგორც დასჭირდებათ. განსაკუთრებული კითხვისნიშნები აქვთ მედიის წარმომადგენლებს, რადგან ცვლილებები, რომელიც აღებულია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან“ და  რომელიც აქამდე თვითრეგულირების ქვეშ ექცეოდა,  სახეცვლილია  ისე, რომ  მედიის თვითრეგულირების საკითხები რეგულირების სფეროში გადადის და სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, ამ კანონის სხვადასხვა,მისთვის ხელსაყრელი ინტერპრეტაციით აკონტროლოს მედია. მაუწყებლები აღნიშნავენ, რომ მათთვის კანონი სრულიად არაგანჭვრეტადი და ბუნდოვანია, ვინაიდან ბუნდოვანი ნორმების კანონისმიერი განმარტებები წარმოდგენლი არ არის, მაგალითად, რა ჩაითვლება შეირაცხმყოფელ ლექსიკად, რა არის კონკრეტულად ბავშვებისთვის „შეუფერებელი“ კონტენტი და ა.შ.  ეჭვს ბადებს მარეგულირებელი კომისიაც, რომელსაც აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით არ შეუმუშავებია რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია, დადგენილება, სადაც წარმოჩენილი იქნებოდა კომისიის ხედვა მოცემული ბუნდოვანი ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით. 

საბოლოოდ ცვლილებათა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებებით სახელწიფო იქმნის მძლავრ ბერკეტებს, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კანონი არა ბავშვების დაცვის მიზნით, არამედ იმ მედიის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, რომელიც მას ხელს შეუშლის. სწორედ ამიტომ, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საფუძველზე კანონმდებლობაში შეტანილი  საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება. კერძოდ,  მედია მაუწყებლების თხოვნით, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) მუშაობს საკონსტიტუციო სარჩელში, რომლითაც სასამართლოს კანონის ამოქმედებამდე მიმართავს და სადავო ნორმების შეჩერებას სთხოვს. 

კანონში ახალი ჩანაწერების ბუნდოვანებაზე საუბრობენ საადვოკატო ბიურო„OK&CG“-შიც. იურისტების თქმით, კანონის ბუნდოვანება, რომელიც თავის მხრივ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. „ზოგადად, ბუნდოვანება კანონმდებლობაში ყოველთვის შეიცავს გარკვეულ რისკებს, სხვა ადამიანის უფლებების დარღვევისა; ამ შემთხვევაში, როცა საქმე მედიისა და ზოგადად სიტყვის თავისუფლების შელახვის საფრთე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაკონკრეტდეს ყველა ის პუნქტი, თუ რა არის ნაგულისხმები ამა თუ იმ აკრძალვაში. როდესაც მედიასთან მიმართებაში რაიმე შეზღუდვის რისკი ჩნდება, ისმება საკითხი, რომ ქვეყანას სიტყვის თავისუფლების დაკარგვის რისკი აქვს და ასეც არის. როდესაც აღნიშნული კანონმდებლობა აწესებს, რა არის ეთიკური, რა უნდა გააშუქოს მედიამ, რა არ უნდა თქვას და ა.შ. თანაც ისე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მა გარკვეული სანქციები, მათ შორის ფინანსურიც, დაეკისრება, უკვე ნამდვილად არაა სასიამოვნო ფაქტი. მედია თავად უნდა წყვეტდეს, ამ კანონში ჩამოთვლილი საკითხები ეთიკურია თუ არა და უნდა გააშუქოს თუ არა, ამაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს. მედიას არ უნდა უჩნდებოდეს თვითცენზურა თუნდაც იმის გამო, რომ მის მიერ გაჟღერებული ამა თუ იმ სიტყვის ან გაშვებული კადრის გამო მას ფინანსურ ჯარიმას დააკისრებენ, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულად ლახავს სიტყვის თავისუფლებას “-განმარტავენ იურისტები. 

 

  მაუწყებლები პარლამენტს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სთხოვენ, საარჩევნო პერიოდის გამო, გამოაცხადონ მორატორიუმი და საარჩევნო შედეგების საბოლოოდ ძალაში შესვლამდე არ მოხდეს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მაუწყებლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და ამავე პერიოდში შეიმუშაონ რამე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია ან დადგენილება.

ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა გათვალისწინებული ყველა ის მოთხოვნა, რასაც მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები უყენებენ საკანონმდებლო ორგანოსა და კომუნიკაციების კომისიას,