თუ თქვენ ბიზნესის დაწყებას აპირებთ და ამ საქმეში თქვენი პარტნიორი საბავშვო ბაღის დროინდელი მეგობარია, არ იფიქროთ, რომ საქმე იდეალურად მიდის. მეგობრობა ძალიან კარგია და შეიძლება თქვენი ბავშვობისდროინდელი მეგობრები ძალიან გიყვართ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქმის ერთობლივად წარმართვაც ისევე კარგად გამოგივათ, როგორც მეგობრობა. სწორედ ამიტომ იურისტები ყოველთვის ურჩევენ დამწყებ ბიზნესმენებსა და თუნდაც სტარტაპერებს, რომ საქმის დაწყებამდე დეტალურად მოხდეს თითოეული საკითხის და დეტალის განხილვა, შეთანხმება და წერილობით დადასტურება.
წაიკითხეთ: ambebi.ge https://bit.ly/2IJKoRm
პარტნიორობისა და საერთო ბიზნესის სამართლებრივად სწორად წარმართვის შესახებ საადვოკატო ბიურო OK&CG-ის იურისტი დავით მუმლაძე საუბრობს და გირჩევთ, როგორ უნდა დაიწყოთ და მართოთ ბიზნესი პარტნიორთან ერთად ზედმეტი პრობლემების გარეშე.
როგორ უნდა მოხდეს საერთო ბიზნესის რეგისტრაცია?
საერთო ბიზნესი გულისხმობს საქმიანობას, რომელიც ორ ან მეტ ადამიანზე არის რეგისტრირებული. მას პარტნიორულ ურთიერთობაზე დაფუძნებულ ბიზნესს უწოდებენ. ამ ტიპის ბიზნესს საჯარო რეესტრში შესაბამისი სამართლებრივი ფორმით რეგისტრაცია სჭირდება.
დღეს, საქართველოში სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ადამიანები, როდესაც საერთო ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტენ, იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე არსებული შაბლონური ფორმებით სარგებლობენ ხოლმე. აღნიშნული წესდების შეთანხმების ნაწილს იყენებენ სარეგისტრაციოდ.
ჩემი აზრით, ეს არის პირველი დიდი შეცდომა, რომელსაც პარტნიორები საქმის დაწყებისას უშვებენ. ამ დროს არ ხდება პარტნიორული შეთანხმების დეტალების ინდივიდუალურად შეთანხმება და სამართლებრივად დადასტურება. სწორი მიდგომაა, როდესაც იურისტის თანდასწრებით ხდება პარტნიორთა ნება-სურვილის გამოხატვა და იურისტის მიერ სამართლებრივად გამართულად პუნქტობრივად გაწერა ისეთი დეტალებისა, როგორიცაა: როგორ განაწილდება წილები, როგორ დარეგულირდება ხმათა უმრავლესობა, ვინ იქნება წამყვანი საქმიანობაში, ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი... სწორედ ასე გაწერილი შეთანხმებით უნდა მოხდეს ბიზნესის რეგისტრაცია.
რა საკითხებს უნდა მოიცავდეს საპარტნიორო ხელშეკრულება?
საპარტნიორო ხელშეკრულება უნდა შედგებოდეს სამი ნაწილისგან და არეგულირებდეს საქმიანობის დაწყებას, საქმის წარმოებას და დასასრულს. ეს ნიშნავს, რომ გაწერილი უნდა იყოს, ვის რა წილი აქვს და რა პასუხისმგებლობით იწყებს საქმიანობას, როგორ ხდება საქმიანობის სხვადასხვა საკითხის და მოვალეობის, შემოსავლისა და ხარჯის განაწილება ბიზნესის მართვის დროს, საქმიანობის დასრულების შემთხვევაში კი როგორ უნდა განაწილდეს წილები, ვის უნდა დარჩეს სახელი და სასაქონლო ნიშანი, როგორ უნდა განაწილდეს მიღებული აქტივები.
თითოეული ამ საკითხის გაწერისა და სამართლებრივი შეთანხმების გარეშე საერთო ბიზნესის დაწყება ძალიან სარისკოა, თუნდაც საქმიანობას თქვენს საუკეთესო მეგობართან ერთად იწყებდეთ.
რას ურჩევთ პარტნიორებს, როგორი უნდა იყოს მათი შეთანხმების დეტალები?
ჩემი პირველი რჩევა იქნება, რომ წილები არ იყოს თანაბარი. რომელიმე პარტნიორს 1%-ით მეტი მაინც უნდა ჰქონდეს. ეს არის შეთანხმების კლასიკური ვარიანტი. თუმცა მეორე მხრივ, შესაძლებელია, რომ წილები იყოს თანაბარი, მაგრამ მეწილეებს ჰქონდეთ საპარტნიორო შეთანხმება, რომელიც ხმათა გაყოფის შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებს ერთ–ერთ პარტნიორს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიაში რომელიმე პარტნიორი გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე უნდა იყოს.
ზოგადად, დღეს საქმიანობას ძალიან ამარტივებს ონლაინ კომუნიკაცია. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ მხარეები საპარტნიორო შეთანხმებაში შეიტანენ პუნქტს იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია და შეთანხმება მიჩნეულ იყოს მათთვის დადასტურებულ შეტყობინების ფორმად.
ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს ნათელი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პარტნიორს დირექტორის ჩარევის გარეშე ჰქონდეს ფინანურ ინფომაციაზე წვდომა. ეს ეხება როგორც საბანკო, ისე საბუღალტრო ინფორმაციას. ასეთი შეთანხმება მხარეებს ბიზნესის გამჭვირვალედ წარმართვაში ძალიან წაადგება. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პარტნიორებს ფინანური აქტივობების მხოლოდ დათვალიერება უნდა შეეძლოთ და არა რაიმე სახის მოქმედების განხორციელება.
შესაძლებელია თუ არა პარტნიორებს შორის გაუგებრობის დროს, ერთმა მეორეს წილი სრულად წაართვას?
თუ თქვენ იმეგობრებთ იურისტებთან და ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, წილის წართმევისგან დაცული იქნებით. სამართლებრივად, არავის შეუძლია წილი წაართვას, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ამის მომსწრეებიც ვხდებით ხოლმე.
როდესაც არ არსებობს სრულყოფილი საპარტნიორო ხელშეკრულება ან ერთმა პარტნიორმა მეორეს ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეადგინა თანამშრომლობის პირობები, სამწუხარო რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ და ერთმა მეწილემ მეორეს წილი წაართვას.
სწორედ ამიტომ, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც საპარტნიორო ბიზნესის წამოწყებას გადაწყვეტს, უნდა გაიაროს კონსულტაცია იურისტთან, მისგან მიიღოს რეკომენდაციები და საჭირო დოკუმენტაცია, მოახდინოს თავისი მოსაზრებების გადამოწმება და მხოლოდ ისე შევიდეს საპარტნიორო თანამშრომლობაში თანამოწილესთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება ვინმეს არაკეთილსინდისიერი ქმედების მსხვერპლი გახდეს.
აქვე მინდა გითხრათ, რომ აუცილებელია, იურისტის მნიშვნელობა კარგად გააცნობიერონ არა მხოლოდ მეწილეებმა, არამედ ზოგადად ყველამ, ვინც საქმიანობის დაწყებას გეგმავს. მათ, ვისაც სავალდებულო დონეზე აქვთ აყვანილი იურისტთან თანამშრომლობა და დოკუმენტაციის წარმოებისას მათთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, სამართლებრივი პრობლემები ფაქტობრივად არ ექმნებათ. თუ კომპანია შედარებით მცირე ზომისაა და დამფუძნებელს კარგ საადვოკატო ფირმასთან თანამშრომლობის ფინანსური რესურსი არ აქვს, მაშინ იურისტის მომსახურების აუთსორსზე მიღება შეუძლია. რეალურად ამ საკითხის მოგვარება ბევრად მარტივია, ვიდრე ის პრობლემები, რაც სამომავლოდ შეიძლება აღმოაჩნდეთ.
წყარო: Ambebi.ge
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა