სხვადასხვა უცხოური და ქართული გამოცემა აქტიურად წერდა, რომ კარანტინის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზარდა. იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა. მსხვერპლის როლში კი ძირითადად, ქალები იყვნენ.
წაიკითხეთ: ambebi.ge - https://bit.ly/3jbd6Hk
ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციის კუთხით, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება პოლიციისთვის დროული შეუტყობინებლობის საკითხი, მაშინ, როცა მსხვერპლს კანონი იცავს.
საინტერესოა, რამდენად გაიზარდა მსხვერპლთა მხრიდან ადვოკატებისთვის მიმართვიანობა და კომპენსაციის სახით რისი მოთხოვნის უფლება აქვთ მათ? ამის შესახებ OK&CG-ის დირექტორს, ადვოკატ დავით მუმლაძეს ვესაუბრეთ:
ბოლო მონაცემებით, კარანტინის პერიოდში ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. რამდენად გაზრდილია თქვენს ბიუროში ამ პრობლემით მომართვიანობა?
ოჯახში ძალადობა ძალადობის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა მსოფლიო მაშტაბით. აღნიშნული პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას საქართველოში. ოჯახში ძალადობის შემთხვევათა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. ამ ფორმის ძალადობის ფაქტებმა მკვეთრად იმატა კარანტინის პერიოდში, რასთან დაკავშირებითაც მომართვიანობა ჩვენ საადვოკატო ბიუროში საგრძნობლად გაიზარდა. უმეტეს შემთხვევებში ოჯახში ძალადობის ფაქტები ვლინდებოდა ქალთა მიმართ. ძალადობის ფორმები ძირითადად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში გამოიხატებოდა.
კანონმდებლობის მიხედვით, საინტერესოა, კონკრეტულად, რა მიიჩნევა ძალადობად და ოჯახში ძალადობის რა ფორმები არსებობს? ხშირად, მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე კეთდება-ხოლმე აქცენტი...
არსებული რეგულაციების თანახმად ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებული ისეთი ქმედება, რომელიც არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ამ უფლებების უგულებელყოფის შედეგად ადგილი აქვს მსხვერპლის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას.
ოჯახში ძალადობის ისეთ ფორმაზე აქცენტის გაკეთება როგორიცაა ფიზიკური ძალადობა უმეტესწილად განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ფიზიკური ძალადობა ოჯახში ძალადობის უმძიმესი ფორმაა და საზოგადოება მსგავს შემთხვევებზე საკმაოდ კრიტიკულად რეაგირებს, თუმცა საზოგადოების გარკევულ ნაწილს არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიზიკური ძალადობის გარდა ოჯახში ძალადობის სხვა ფორმებიც არსებობს, რომელიც პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება.
ზიანის სახით, რისი მოთხოვნის უფლება აქვს ძალადობის მსხვერპლს და რა შემთხვევაში შეიძლება კომპენსაციის მოთხოვნა?
მსხვერპლი უფლებამოსილია ზიანის სახით მოითხოვოს როგორც მატერიალური ასევე, არამატერიალური (მორალური) ზიანის ანაზღაურება. ორივე შემთხვევაში ზიანის ოდენობის განსაზღვრა დამოკიდებულია ძალადობის ფორმებსა და დამდგარ შედეგებზე. მატერიალური ზიანის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როდესაც განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ხელყოფილია მსხვერპლის ქონებრივი სიკეთე ან ადგილი აქვს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს, რაც თავის მხრივ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი და ფსიქიკური ტანჯვისთვის.
კანონმდებლობის მიხედვით, განსხვავდება თუ არა მსხვერპლის უფლებები სქესის მიხედვით? რომელიმეს მიმართ ძალადობა ითვლება თუ არა მძიმედ?
გენდერული თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე მსხვერპლის უფლებები სქესის მიხედვით დიფერენცირებული არ არის და ქალისა და მამაკაცის უფლებების და ინტერესების დაცვის მიზნით მოქმედებს ერთიანი სტანდარტი, თუმცა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება ითვლება დამამძიმებელ გარემოებად და ასეთი ქმედებისთვის გათვალისწინებულია შედარებით მკაცრი პასუხისმგებლობა.
რა შემთხვევაში შეიძლება გამოიწეროს შემაკავებელი ორდერი და რამდენად ძლიერი დამცავი მექანიზმია ეს?
ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებისგამოყენებით პოლიციის უფლებამოსილი თანამშრობლის მიერ ხდება შემაკავებელი ორდერის, ხოლო სასამართლოს მიერ დამცავი ორდერის გამოცემა. შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს, როგორც მსხვერპლს, ასევე მსხვერპლის ოჯახის წევრს. ამ აქტებით ოჯახში ძალადობის შემთხვევაში განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც მოძალადეს შესაძლოა, აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს შესაძლოა აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მათ შორის, იარაღის ტარების უფლებამოსილება.მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას და არ იწვევს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ისევე როგორც ჩვენ ქვეყანაში, შემაკავებელი და დამცავი ორდერების საფუძველზე განხორიელებული ღონისძიებები ოჯახში ძალადობის აღკვეთის ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.
საინტერესოა, კანონმდებლობის მიხედვით ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის რა მექანიზმები არსებობს?
ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთისთვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ. მისასალმებელია, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება სამართლის ნორმა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებული ხდება უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში გათვალისწინება, რომლის ეფექტურად განხორციელება ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის პრევენციას და ამ საკითხთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. ამასთან არ უნდა დავივიწყოთ, რომ ოჯახში ძალადობის პრევენცია და ოჯახში ძალადობაზე რეაგირება არა მხოლოდ სახელმწიფოს ან ძალოვანი სტრუქტურების, არამედ თითოეული მოქალაქის სოციალური ვალდებულებაა.
წყარო: ambebi.ge
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა