სექსუალური შევიწროება - რა უნდა ვიცოდეთ საკუთარი უფლებების დასაცავად?3060 2020.11.17
სექსუალური შევიწროება - რა უნდა ვიცოდეთ საკუთარი უფლებების დასაცავად?

„საქართველოში სექსუალური შევიწროება 5-დან 1 ქალს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც  განუცდია“.

სექსუალური შევიწროება - მწვავე და ამავდროულად ფარული პრობლემა, რომელის არსებობის შესახებ თითქოს ყველამ იცის, თუმცა მასთან საბრძოლველად ძალიან ცოტა რამ თუ კეთდება. სექსუალური შევიწროვების შესახებ საქართველოსში ფართომასშტაბიანი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა, სხვადასახვა ორგანიზაციები გარკვეულ დონეზე იკვლევენ პრობლემას ამბობენ, რომ საკითხი მწვავედ დგას როგორც სამუშაო ადგილებში, ისე ზოგადად, საჯარო სივრცეშიც. სექსუალური შევიწროვება როგორც წესი, ძირითადად მოდის ქალებზე, თუმცა, ხშირია შემთხვევები,როცა ამ ტიპის ძალაობას განიცდიან მამაკაცებიც. 

 მოდი თავად ტერმინის, „სექსუალური შევიწროვების“ განმარტებით დავიწყოთ. სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქმედება, რომელიც ადამიანს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან ღირსებას ულახავს. საქართველოს კანონდებლობის თანახმად კი, სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. 

 სექსუალურ შევიწროებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შემდეგნაირად განმარტავს: სექსუალური ხასიათის ნებისმიერი ფიზიკური, სიტყვიერი, არასიტყვიერი თუ სხვა სახის ქცევა, რომელიც ეფუძნება სქესს, ლახავს ქალებისა თუ კაცების ღირსებას და არასასურველი, არამიზანშეწონილი და შეურაცხმყოფელია მათთვის; ამგვარი ქცევის პასუხად ადამიანის მიერ საპასუხო უარი ან თანხმობა, აშკარად ან ფარულად, გამოიყენება გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ამ ადამიანის სამსახურზე.

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მიხედვით: „სექსუალური შევიწროება მოიცავს არასასურველ, სექსუალური ხასიათის ქცევას, მათ შორის, ფიზიკურ კონტაქტსა და სხვა მცდელობებს, სექსუალური შინაარსის მქონე განცხადებებს, პორნოგრაფიის ჩვენებასა და სექსუალური ხასიათის მოთხოვნებს; მნიშვნელობა არ აქვს, ასეთი ქცევა გამოხატული იქნება ვერბალურად თუ ქმედებით. ამგვარი პრაქტიკა დამამცირებელია და შესაძლოა, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. დისკრიმინაციულია ქმედება, თუ ქალს აქვს გონივრული ეჭვი, რომ მისი გაპროტესტება უარყოფით გავლენას მოახდენს მის სამსახურებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის, სამსახურში აყვანასა თუ დაწინაურებაზე, ან როდესაც ასეთი ქცევა მას მტრულ სამუშაო გარემოს უქმნის“

 საქართველოში 2019 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661-ე მუხლი საჯარო სივრცეში ჩადენილ სექსუალურ შევიწროებას სამართალდარღვევად განიხილავს. აღნიშნული მუხლის თანახმად, ეს ქმედება ჯარიმდება 300 ლარის ოდენობით. ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, რომელიც ჩადენილია ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. ამასთან, მესამე ნაწილის თანახმად, ეს ქმედება, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ხოლო ამ პირთა მიმართ განმეორებით განხორციელებული სექსუალური შევიწროება, რომელიც ჩადენილია ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის იურისტის, თამარ ხაჩირაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სექსუალურ შევიწროებას ცოტა საერთო აქვს თავად სექსთან - ეს უფრო ძალაუფლებასა და კონტროლზე დამყარებული სქესობრივი ძალადობის ფორმაა. სამწუხაროდ, საქართველოში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება ტაბუდადებულ თემად მიიჩნევა და მასზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ ის, რასაც განიცდის, სექსუალური შევიწროებაა, ამიტომ ეს პრობლემა მეტწილად გაუმჟღავნებელი რჩება,რაც ძალიან დიდ პრობლემად გვევლინება. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს ელექტრონული კურსი „სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის, რომელიც მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება საჯარო სივრცეში და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებზე, ასევე, გთავაზობთ გაეცნოთ ადამიანის უფლებების სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც ემსახურება მსოფლიოში სექსუალური შევიწროების პრევენციას“.

 

ვინ შეიძლება, გახდეს სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი? 

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ში განმარტავენ, რომ „სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა დიდი უმრავლესობა ქალები არიან, თუმცა, მსხვერპლები კაცებიც შეიძლება, გახდნენ“. ადვოკატ თამარ ხაჩირაშვილის განმარტებით,  ადამიანის მიმართ დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება შეიძლება, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე მოხდეს. შევიწროებისა და ძალადობის შიშის გამო, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) თანამშრომლები საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობას ხშირად საიდუმლოდ ინახავენ.

 „სექსუალური შევიწროება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ საჯარო სივრცეში, მათ შორის: ქუჩაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში საკვებ ობიექტში, მაგალითად, კაფეში, რესტორანში, ბარში და ა.შ. გასართობ ობიექტში, მაგალითად, კლუბში, კაზინოში და ა შ. პრობლემა მწვავეა სამუშაო ადგილებზეც,  მაგრამ იგი არ შემოიფარგლება სამუშაო ადგილზე ან სხვა კერძო სივრცეში მომხდარი ფაქტებით და ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც ადამიანები, განსაკუთრებით ქალები, სექსუალურ შევიწროებას საჯარო ადგილებში, მაგალითად, ქუჩაში, მუნიციპალურ ტრანსპორტში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აწყდებიან. ამის გამო ბევრი ქალი იცვლის ცხოვრების სტილს - ყოველდღიურ მარშრუტს, დროებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ტრანსპორტს და, შესაძლოა, საცხოვრებელ და სამუშაო ადგილსაც, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს საჯარო სივრცეებზე ქალების ხელმისაწვდომობას,“-განმარტავს თამარ ხაჩრაშვილი.

 

რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა სექსუალური შევიწეოვების მსხვერპლი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს? 

 

 სამწუხაროდ, სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა უმეტესობა მომხდარის შესახებ არ ჩივის, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. შესაძლოა, ასე იმიტომ იქცევა, რომ სექსუალური ქცევის შესახებ ლაპარაკი მისთვის რთული და უხერხულია.  მოგეხსენებათ, სექსუალური შევიწროება მსხვერპლისთვის ძალიან დამთრგუნველია. მან შეიძლება გამოიწვიოს  დეპრესია, დამცირების განცდა, ხელი შეუშალოს მსხვერპლს საარსებო წყაროს მოპოვებაში, სამუშაოს ეფექტიანად შესრულებაში ან სამსახურში საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში. ზოგ მსხვერპლს, საჩივრის შეტანის შემთხვევაში, მოძალადის ან მისი კოლეგების/მეგობრების მხრიდან სამაგიეროს გადახდის ეშინია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სექსუალური შევიწროების შეტყობინება იშვიათად ხდება. სექსუალური შევიწროების მსხვერპლს შეიძლება კარიერული განვითარების შესაძლებლობა არ მიეცეს ან საერთოდ მოუწიოს სამსახურის დატოვება. თუ სექსუალურ შევიწროებას რეგულარული ხასიათი აქვს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება, მისი შედეგები მსხვერპლისთვის შესაძლოა, ძალიან მძიმე იყოს.

 

რა შეუძლია, მოიმოქმედოს პირმა, თუკი მასცე განხორციელდა სექსუალური შევიწროვება?

 რა თქმა უნდა, არცერთი წამით არ უნდა ითმინოს მასზე განხორციელებული ეს ძალადობა და აუცილებლად უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს: პოლიციას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანოებს, კერძო ადვოკატს, სასამართლოს.  
 
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების აღდგენის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს, რომლებიც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს, თუ მიიჩნევს, რომ სექსუალურ შევიწროებას დაექვემდებარა. როდესაც საკითხი შეეხება კერძო სივრცეში, მაგალითად, სამუშაო ადგილზე ან პროფესიულ ურთიერთობაში სექსუალურ შევიწროებას, პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოებს ან საქართველოს სახალხო დამცველს.
 რაც შეეხება საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებაზე სამართლებრივი რეაგირების მექანიზმს, აღნიშნული ფუნქცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მინიჭებული. ამასთან, სექსუალური შევიწროების თავიდან ასაცილებლად და სწრაფი რეაგირებისთვის კონკრეტულ ორგანიზაციაში, შესაძლოა, არსებობდეს შიდა რეგულირების მექანიზმი, რომლისთვის მიმართვაც პირს, რომელიც თავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევს, სამართლებრივი დაცვის სხვა მექანიზმის გამოყენებამდე შეუძლია.
 იმის დასადასტურებლად, რომ რეალურად მსხვერპლის მიმართ ხორციელდება შევიწროვება მსხვერპლმა  უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, ეს შეიძლება იყოს  შემთხვევ(ებ)ის შესახებ შეძლებისდაგვარად დაწვრილებითი წერილობითი ჩანაწერები, მიმოწერები, წერილები, იმ პირთა დაკითხვა მოითხოვოთ სასამართლოში, რომელთათვის ცნობილია, რომ მსხვერპლზე ხორციელდება სექსუალური შევიწროვება და სხვა საქმითვის რელევანტური ინფორმაცია.

 მოგეხსენებათ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოებების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სასამართლო მოპასუხეს აკისრებს: დისკრიმინაციული ქმედების, მათ შორის, სექსუალური შევიწროების შეწყვეტას ანდა მისი შედეგების აღმოფხვრას ანდა მორალური ანდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.