სამართალი და სამართლიანობა2838 2022.01.10
სამართალი და სამართლიანობა

სანამ დავიწყებდე მსჯელობას ზოგადად სამართლიანობასა და სამართალს შორის ურთიერკავშირზე, მინდა მოკლედ ვისაუბრო სამართლის არსსა და მნიშვნელობაზე, რათა უკეთ მოვახდინოთ მისი ასოციაცია სამართლიანობის ფენომენთან. ალბათ, ბევრ ჩვენგანს აინტერსებს, თუ რაა სამართალი. პარადოქსია,  მაგრამ შეკითხვაზე:  რა არის სამართალი?” პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მიუხედავად სამართლის უაღრესად მნიშვნელოვანი დატვირთვისა,  ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვმარტოთ იგი.  პრობლემა ისაა,  რომ სამართალი რთული ფენომენია.

მოგეხსენებათ რამდენად მრავლისმომცველი და რთული ფენომენია სამართალი და მასთან დაკავშირებული თითოეული ელემეტი. შესაბამისად,  რთულია სამართლიანობის, როგორც სამართლის თანმდევი პრინციპის, ზუსტად განსაზღვრა. ადამიანებს ღრმად გვწამს, რომ სამართალი სამართლიანობის მისაღწევად შეიქმნა და სამართალი არაფერია თუ არა სამართლიანობა.

როგორც ძველი ბერძენი მოაზროვნე არისტოტელე აღნიშნავდა,  სამართალი უნდა ემსახურებოდეს “სამართლიანობის კრიტერიუმს”.  იმისათვის,  რომ იცოდეთ თუ რაა სამართალი,  წერდა ძველი რომაელი იურისტი ულპიანე,  თქვენ უნდა გესმოდეთ რა ფენომენებთან არის დაკავშირებული და საიდან მოდის იგი.  პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს,  რომ “მან მიიღო თავისი სახელი მართლმსაჯულებისგან – სიმართლე,  სამართლიანობა”,  რომ სამართალი არის “სიკეთის ხელოვნება”,  “თანასწორობა და სამართლიანობა”(ხუბუა გ,  სამართლის თეორია, თბილისი, 2015 წელი). ძველი ისტორიის სწავლულების ეს ნააზრევი სწორად და ზუსტად აყალიბებს კავშირს სამართლიანობასა და სამართალს შორის. ფილოსოფოსები და მოაზროვნეები სხვადასხვა გზით განმარტავენ,  თუ რა არის სამართალი.

ბუნებრივია, რომ სამართლის არსებობა შეუძლებელია სამართლიანობის გარეშე, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა, მოგეხსენებათ ერთი ჭეშმარიტი ფრაზა, რომ რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე იმდენი განსხვავებული აზრი არსებობს, საზოგადოება მეტად ჭრელად მოაზროვნე ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული და აქ რთულია აზრები და შეხედულებები დავამთხვიოთ, ამიტომაცაა რომ სამართლიაობის მრავალნაირი გაგება არსებობს. ამიტომ შეკითხვაზე – რა არის სამართლიანობა არ შეიძლება ერთი კონკრეტული პასუხი გვქონდეს. ჩვენმა სამართლიანობის მრავალნაირმა გაგებამ გაგვიჩინა სახელმწიფოში არსებული სამართლის სისტემის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები. ამ სხვდასხვაობამ გააჩინა სისტემები სხვადასხვა სამართლიანობის გაგებით, როგორებიცაა:ტოტალიტარიზმი, კაპიტალიზმი, სოციალიზმი, ანარქიზმი ლიბერალიზმი და სხვა.

პირველი ასოციაცია რასაც იწვევს სამართალი,  არის სამართლიანობა”(გიორგი ხუბუა).  სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება, რასაკვირველია,  ძალიან რთული და პრობლემატურია.  სამართლის მეცნიერებას მუდამ აინტერესებდა სამართლიანობის პრობლემა.  ,იურისპუდენცია არის მეცნიერება სამართლიანობისა და უსამართლობის შესახებ” – აღნიშნავდა ულპიანე.  ,სამართლიანობა არის სიქველე,  მისწრაფება სამართლის განხორცილებისაკენ” (ულპიანე).  ჩემთვის განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იქცევს ნეტარი ავგუსტინეს სიტყვები, რომლის მიხედვითაც,  სახელწიფო სამართლიანობის გარეშე სხვა არაფერია,  თუ არა ყაჩაღთა ბანდა”. ამ სიტყვებით ნათელი ხდება, რომ სამართალს სამართლიანობის გარეშე მოიცავდა კოალიზიები, სრული ანარქია და სამართალი იქნებოდა არა საზოგადოებრივი რეგულირების საშუალება, არამედ არაჰუმანური და ქაოტური დისციპლინა.

სამართლიანობის ცნების განსაზღვრაში ასევე გვეხმარება მიქელანჯელოს მიდგომა.  „ქვას მოვაშორე ის რაც დავითს არ ეკუთვნოდა“.  ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ რაარის სამართლიანი,  თუ მას ჩამოვაშორებთ ყველაფერს, რაც არ არის სამართლიანი.  თანამედროვე დროს,  როდესაც ხდება ერთიანობის განცდის და თანადგომის დეფიციტი,  როცა იზრდება ეგოცენტრისტული მისწრაფებები,  უფრო მნიშვნელოვანი ხდება სამართლიანობის როლი ადამიანების განვითარებაში.  საერთო ფასეულობების,  ერთიანობისა და სოლიდარობის პრობლემა განსაკუთრებით ჩანს ახალი დემოკრატიის ქვეყნებში,  მათ შორის საქართველოშიც.  შედეგის მისაღწევად საკმარისი არ არის მხოლოდ სახელმწიფოს ჩამოყალიბება,  საჭიროა სამართლიანობის პრინციპები ჩანდეს რეალურ საქმიანობაში.

სამართლიანობის სახეები

არისტოტელეს აზრით არსებობს აბსტრაქტული და პოლიტიკური სამართლიანობა. თუმცა აქ არ მთავრდება ჩამონათვალი, არსებობს სამართლიანობის მრავალი სახე. განასხვავებენ სამართლიანობის ორ ძირითად სახეს: განაწილებითი და გათანაბრებითი.

განაწილებითი სამართლიანობა მოიცავს ამა თუ იმ სიკეთის განაწილების პროცესს და მასში მონაწილე,  სულ მცირე,  სამ სუბიექტს. განაწილების მასშტაბი შეიძლება იყოს თანასწორობა,  შეტანილი წვლილი ან მოთხოვნილება.  თანასწორობის პრინციპის მიხედვით,  თითოეულს უნდა მიეკუთვნოს თანაბარი წილი. განაწილებითი სამართლიანობის შემთხვევაში თანასწორობას აყალიბებს გეომეტრიული პროპორციულობა.

გათანაბრებითი სამართლიანობა არ არის დამოკიდებული პირის ინდივიდუალურ შეხედულებებზე.  განაწილების პროცესში არც ერთი მხარე არ უნდა იყოს მოგებული ან წაგებული.  გათანაბრებითი სამართლიანობის შემთხვევაში თანასწორობას აყალიბებს არითმეტკული პროპორციულობა.

ფორმალური სამართლიანობა მოითხოვს,  რომ ნორმა უნდა იყოს ზოგადი და აბსტრაქტული,  უნდა არეგულირებდეს განმეორებით ურთიერთობებს და მიმართული იყოს სუბიექტთა განუსაზღვრელი წრისკენ.

ინდივიდუალური სამართლიანობა ითვალისწინებს გამონაკლისს ზოგადი სამართლებრივი წესიდან,  არ გამორიცხავს შემთხვევითობას და მოსამართლის თვითნებობას.

სოციალური სამართლიანობა ეხება მთლიანად საზოგადოების ინსტიტუციონალურ წესრიგს.

სამართლიანობა და თანასწორობა

მიმაჩნია, რომ სამართალი მხოლოდ სამართლიანობა არ არის,  იგი თანასწორობაცაა:სამართლიანობა, რეალურად ადამიანის სწრაფვაა თანასწორობისკენ,  მაგრამ ეს თანასწორობაც იმდენად რთული საკითხია, რომ მისი რეალურ ცხოვრებაში  გადმოტანა საკმაოდ რთულია.

რა საერთო აქვთ სამართლიანობასა და თანასწორობას?- ამ კითხვაზე პასუხისათვის განვსაზღვროთ ურთიერთმიმართება ამ ორ ფენომენს შორის. პირველ რიგში მიმაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებს შორის უდიდესი კავშირია. ვინაიდან თანასწორობა, გამომდინარეობს ადამიანის გონიდან, იგი დაკავშირებულია სამართლიანობასა და ჰუმანურობასთან. აუცილებელია,  რომ თანასწორობას საფუძვლად ედოს სამართლიანობა, რადგან იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულნი აცდება ერთმანეთს მივიღებთ ,  ქაოტურ წესრიგს“. აქედან გამომდინარე სამართლიანობასა და თანასწორობას მრავალი საერთო აქვთ.

უპირველეს ყოვლისა ორივე მათგანი პრესტიჟულია და მოწესრიგებეული,  ისინი საზოგადოების ცნობიერების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენენ.  ცნობიერება კი ის უმთავრესი მახასიათებლებია,  რომელთა გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია ორივე მათგანის არსებობა.  ამასთან ისინი  გგვევლინებიან პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესთა შემათანხმებელ და საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტორად. შეუძლებელია მშვიდობიანობის დამყარება რომელიმე მათგანის გარეშე, ამიტომაც არსებული რეალობისთვის აუცილებელია არსებობდეს როგორც თანასწორობა ისე სამართლიანობა. ეს ორივე აუცილებელია და ერთ საერთო მიზანს ემსახურება, ეს მიზანი კი ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგან წარმოუდგენელია ცხოვრება სამართლისა და სიმშვიდის გარეშე.

————————————————————————————————

მოკლედ, ძნელია  ერთ ტერმინში – “სამართალი” – შევაჯამოთ ყველაფერი,  რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია სამართლიანობასთან ,  რომელიც მოქმედებს მხოლოდ როგორც მისი განხორციელების ფორმა.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  სამართლის მიმართ უფრო დამკვიდრებული ხედვაა საჭირო,  რომ იგი გამოყენებულ იქნას კონკრეტული ცხოვრებისეული ამოცანებისა და საკითხების გადასაჭრელად,  რათა საჯაროდ მოწესრიგდეს მისთვის საგულისხმო სოციალური ურთიერთობები

სამართალი არის  მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება”(დიგესტები). სამართალმა ისე უნდა მოაწესრიგოს ადამიანთა ქცევა, რომ მოგება და ზარალი სამართლიანად განაწილდეს, საპირისპირო ინტერესები სამართლიანად ურთიერთშეჯერდეს, საზოგადოებაში წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემები სამართლიანად გადაწყდეს. სწორედ ესაა ჭეშმარიტება და საფუძელი ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისა.

და ბოლოს,  სამართლიანობა -ეს არაა  განყენებული თეორიული აბსტრაქცია”,  ის გამოიყენება კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად. სამართლიანობა იმაზე მეტია ვიდრე ჩვენ გვგონია. სამართლიანობა და სამართალი კი ერთად ქმნის მოწესრიგებულ და თვიმყოფად სახელწიფოს, რადგან მათ გარეშე ყოველივეს მოიცვამდა ანარქია. სადაც არსებობს სამართალი,  იქ უნდა არსებობდეს სამართლიანობა  და, პირიქით. ერთის დარღვევა უნდა იწვევდეს მეორის შელახვას დომინოს პრინციპის შესაბამისად.

 

ავტორი – მარიამ ლაბაძე

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.

 

გამოყენებული ლიტერატურა

1)ხუბუა გ, სამართლის თეორია, თბილისი, 2015 წელი. (ძირითადი ლიტერატურა).

2)ოლაფ მუთჰორსტი, სამართლმცოდნეობის საფუძვლები, თბილისი, 2019 წელი.

ელექტრონული მასალა: https : // lawcourse1. blogspot. com/

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.