თანასწორობა და დისკრიმინაცია1533 2022.01.10
თანასწორობა და დისკრიმინაცია

 საზოგადოდ ცნობილია,რომ საჯარო ხელისუფლება და ზოგადად სახელმწიფო შეზღუდულია თანასწორობის უფლებით , როგორც უშუაალოდ მოქმედი სამართლით. თანასწორუფლებიანობა არის ადამიანთა მიმართ თანაბარი მოპყრობა და ადამიანებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. 

თანასწორობა სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას ემსახურება. თანასწორობის უფლება არ გულისხმობს ბუნებისა და შესაძლებლობების გაუთვალისწინებლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. 

თანასწორობის უფლება არ იცავს ცხოვრებისა და საქმიანობის რომელიმე კონკრეტულ სფეროს. იგი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებათა და კანონიერი ინტერესების დაცულ ყველა სფეროში.

მას ასევე პირდაპირი ბოჭვის ეფექტი აქვს, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორცილებელ  პირებზე, ორგანოებზე, დაწესებულებებზე, ისე  კერძო პირებზე. სხვა ძირითადი უფლებები კერძო  პირებზე მოქმედებს არაპირდაპირ, ირიბად.

თანსწორობასთან დაკავშირებულია დისკრიმინაცია.რა არის დისკრიმინაცია?  ლინგვისტური თვალსაზრისით, განსხვავებული მოპრობაა. დისკრიმინაცია თანასწორუფლებიანობის დარღვევაა.  დისკრიმინაციის აკრძალვის კონცეფცია თანასწორობის იდეიდან წარმოიშვა. თანასწორობა და დისკრიმინაცია ერთმანეთის ანტონიმებია. დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობის უზრუნველყოფა- სინონიმებია. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულია ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძირითადი უფლება , კერძოდ თანასწორობის  უფლება : ,, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.’’. 

1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორი თავის ღირსებებსა და უფლებებში”. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კანონის წინაშე თანასწორობა თავის მხრივ მოიაზრებს თითოეული ინდივიდისთვის საერთო წონის იმუნიტეტის , პრივილეგიებისა და უფლებების მინიჭებას. 

დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის თანასწორობის ინსტიტუტის არსებობა მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა . საქ. კონსტიტუციის მე-11 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, იზრუნოს ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლისპირველი პუნქტი ავალდებულებს სახელმწიფოს იმგვარად ჩამოაყალიბოს სამართლებრივი სივრცე, რომ პირებს ჰქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების განვითარების, ინტერესების რეალიზაციის, ურთიერთობებში მონაწილეობის, სხვდასხვა მომსახურების მიღების, გარანტიებით, პრივილეგიებითა თუ შეღავათით სარგებ_ლობის სამართლებრივად თანაბარი შესაძლებლობა. ამასთან, თანაბარი შესაძლებლობები იქნება თუ არა თანაბრად გამოყენე_ბული, დამოკიდებულია მრავალ სხვდასხვა, მათ შორის, პირის უნარებსა და სოციალურ ფაქტორებზე, თუმცა, ეს საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოწესრიგების მიღმაა. ხსენებული კონსტიტუციური გარანტია არგულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან არსებითად თანასწორ პირთამიმართ პოზიტიური ქმედებების განხორციელების,იგი გულისხმობს  გათანაბრებითი ღონისძიებების“ გატარების ვალდებულებას, არსებითად თანასწორ პირთა შორის ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრისა და შედეგობრივი თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით. სხვაგვარად, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება გულისხმობს არსებითად თანასწორ პირთა შესაძლებლობებში და არა შედეგში თანასწორობას.

გარდა ამისა უთანასწორო მოპყრობა აკრძალულია ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონში,რომლის 2.1 მუხლის შესაბამისად  საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.

უთანასწორო მოპყრობის დასადგენად, უნდა განვიხილოთ საჯარო ხელისუფლების მოქმედების შემდეგი ასპექტები:

ა) ზემოქმედებს თუ არა საჯარო ხელისუფლება გარკვეულ პირზე  ან პირთა წრეზე);

ბ)  მეორე საფეხურზე უნდა განვსაზღვროთ, სხვაგვარად ხომ არ ზემოქმედებს ან საერთოდ არ ზემოქმედებს იგივე საჯარო ხელისუფლება სხვა პირზე (პირთა წრეზე);

გ) ბოლოს უნდა განვსაზღვროთ, არსებობს თუ არა  მსგავსება განხილულ პირებს (პირთა წრეებს) და/ან სიტუაციებს შორის.  ამისთვის უნდა დავადგინოთ, აღენიშნებათ თუ არა შესადარებელ პირებს და სიტუაციებს საერთო პუნქტი (tertium comparationis), ანუ შეიძლება თუ არა ისინი გავაერთიანოთ რაიმე ზემდგომი ცნების (genus proximum) ქვეშ.

სამივე პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვადგენთ, რომ საჯარო ხელისუფლება ახორციელებს პირთა უთანასწორო მოპყრობას. 

ასევე,ცნობილია ისიც,რომ უთანასწორობა არ არღვევს თანასწორობის ძირითად უფლებას, თუ მას არ გააჩნია თვითნებური საფუძველი. არ ირღვევა თანასწორობის უფლება, თუ მას გამართლებული საფუძველი გააჩნია. ამ კუთხით, საჭიროა, საჯარო ხელისუფლების შესაბამისი ქმედება კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისი იყოს, ანუ უთანასწორო მოპყრობას უნდა გააჩნდეს გამართლებული, გონივრული საფუძველი.

 უთანასწორო მოპყრობის ინტენსივობის განსაზღვრა შესაძლებელია შემდეგი ასპექტების მიხედვით:

ა) რაც უფრი მეტად უახლოვდება საჯარო ხელისუფლების მიერ გამოყენებული დიფერენცირების კრიტერიუმი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილ დიფერენცირების დაუშვებელ კრიტერიუმებს (რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, სქესი და სხვა), მით უფრო ინტენსიურია უთანასწორო მოპყრობა;

ბ) რაც უფრო ნაკლებად შეუძლია პირს გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული დიფერენცირების კრიტერიუმზე, მით უფრო ინტენსიურია უთანასწორო მოპყრობა (მაგ, პირთა დიფერენცირების კრიტერიუმს წარმოადგენს სქესი, რისი შეცვლაც ადამიანს მხოლოდ მძიმე სამედიცინო ჩარევის საფუძველზე შეუძლია);

გ) ინტენსიურ უთანასწორო მოპყრობასთან გვაქვს საქმე იმ შემთხვევაშიც, თუ იგი პირს ხელს უშლის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებაში. 

დ) არჩევნების თანასწორობის ძირითადი უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განვიხილოთ ინტენსიურ უთანასწორო მოპყრობად;

როცა ● დიფერენციაცია ეფუძნება ,,კლასიკურ ნიშანს“;

და ● უფლებაში ჩარევა ხდება მაღალი ინტენსივობით;-საქმე გვაქვს შეფასების ,,მკაცრს ტესტთან" და შემოწმება ხდება თანაზომიერების პრინციპის ოთხ-რგოლიანი საფეხურით.

დავიწყოთ თითოეული ელემენტის ცალკე განხილვა

ლეგიტიმური საჯარო მიზანი

ხელისუფლებას შეუძლია გარკვეული საფუძვლებით შეზღუდოს ადამიანის უფლებები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ლეგიტიმური ინტერესის შესაბამისად. იმისათვის, რომ კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევა გამართლებული იყოს, აუცილებელია, არსებობდეს შეზღუდვის საფუძველი, რომელიც სახელმწიფოს ქმედებას გაამართლებდა. აღნიშნული გულისხმობს, რომ სახელმწიფომ უნდა დაასახელოს ლეგიტიმური მიზანი. 

გამოსადეგობა

ძირითად უფლებაში ჩარევის გასამართლებლად მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის დასახელება საკმარისი არაა. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა მიზანს ლოგიკურად არ უკავშიდება, უფლების შეზღუდვა გაუმართლებელია. აღნიშნული გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული საშუალება, რის შედეგადაც უფლებაში ჩარევა მოხდა, უნდა იძლეოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თეორიულ შესაძლებლობას, ანუ უნდა იყოს მიზნის მიღწევის გამოსადეგი, ეფექტური საშუალება. 

აუცილებლობა

იმისათვის, რომ უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური იყოს, არ არის საკმარისი, რომ სახელმწიფოს მიერ უფლების შეზღუდვის მიზნით განხორციელებული ქმედება ლეგიტიმურ მიზანთან ლოგიკურ კავშირში იყოს. სახელმწიფომ ასევე უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ჩარევა გარდაუვალია კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. სახელმწიფომ მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავ, ყველაზე მსუბუქ საშუალებას უნდა მიმართოს. გამოყენებული ღონისძიება, რომელმაც უფლების შეზღუდვა გამოიწვია უნდა იყოს კონსტიტუციით აღიარებული სიკეთის დაცვის აუცილებელი საშუალება. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიზანია უზრუნველყოს არსებითად თანასწორ მდგომარეობაში,  ანალოგიურ გარემოებებში მყოფი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა და პირიქით ‒ არ დაუშვას არსებითად განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა. თუმცა, სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპი არ გულისხმობს ნებისმიერი სახის განსხვავებული მოპყრობის აკრძალვას და პირების აბსოლუტურ, ყოველმხრივ de facto გათანაბრებას, თავად სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებისა თუ ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე, არამედ მიმართულია ადამიანთა სამართლებრივი, შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფისაკენ.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სახელმწიფოს იმგვარად ჩამოაყალიბოს სამართლებრივი სივრცე, რომ პირებს ჰქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების განვითარების, ინტერესების რეალიზაციის, ურთიერთობებში მონაწილეობის, სხვდასხვა მომსახურების მიღების, გარანტიებით, პრივილეგიებითა თუ შეღავათით სარგებლობის სამართლებრივად თანაბარი შესაძლებლობა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი მიზნად ისახავს პირებს შორის არსებითი, რეალური თანასწორობის მიღწევას და სახელმწიფოს უდგენს პოზიტიურ ვალდებულებას, კონკრეტული სქესის წარმომადგენელთა სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით, შეიმუშავოს განსაკუთრებული ზომები სქესის ნიშნით პირთა შორის de facto უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, პირთა უნარების პრაქტიკაში თანაბრად რეალიზაციისა და არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად.კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი წარმოადგენს კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველსა და ლეგიტიმურ მიზანს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის შეზღუდვისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია განამტკიცებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლების შეზღუდვა აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია მწვავე(გადაუდებელი) საზოგადოებრივი საჭიროებით ,ამასთან, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ზედსართავი სახელი „აუცილებელი“ არ არის სიტყვა „გარდაუვალის“ სინონიმი,  თუმცა მას არც იმგვარი განსაზღვრებითი მოქნილობა ახასიათებს,  როგორებიცაა: „დასაშვები“, „ჩვეულებრივი“, „სასარგებლო“, „მი_ზანშეწონილი“ ან „სასურველი“.

 

ლეგიტიმური მიზნის შესაბამისობა (იგივე, პროპორციულობა ვიწრო გაგებით -  proportionality Stricto sensu). 

თანაზომიერების საკონსტიტუციო პრინციპი აგრეთვე მოითხოვს, რომ არსებითად თანასწორ პირთა შორის განსხვავებული მოპყრობით დადგენილი იყოს სამართლიანი ბალანსი შეპირისპირებულ ‒ შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის. კერძოდ,  სადავო წესის შემუშავების გზით, სახელმწიფოს მიერ დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, უნდა აღემატებოდეს ამავე წესის საფუძველზე შეზღუდულ ინტერესს.

ამდენად თანასწორობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა,რომლის არსებობაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის,სწორედ ამიტომ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს როგორც პოზიტიური,ისსე ნეგატიური ვალდებულება,რათა უზრუნველყოს აღნიშნული უფლების რეალიზება და მაქსიმალურად აღმოიფხვრას დისკრიმინაცია.

 

 

ავტორი:მარიამლაბაძე

ივანეჯავახიშვილისსახელობისთბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტისიურიდიულიფაკულტეტისმე-2 კურსისსტუდენტი

გამოყენებული ლიტერატურა

1)კონსტანტინე კუბლაშვილი,ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები,მეხუთე გამოცემა.

2)სექსუალური შევიწროებისა და  სიძულვილის ენის აკრძალვის კონცეფცია,ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და საუნივერსიტეტო პოლიტიკა,სამეცნიერო რედაქტორები: თამარ ზარანდია, ნათია ჩიტაშვილი,თბილისი 2021.

3)ქეთევან ერემაძე, ძირითადი უფლებები თავისუფლებისთვის,თბილისი 2020.

4)საქართველოს კონსტიტუცია

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.