ტურიზმის  სამართლებრივი მნიშვნელობა და ტურისტული ხელშეკრულების  მხარეები1540 2022.01.14
ტურიზმის სამართლებრივი მნიშვნელობა და ტურისტული ხელშეკრულების მხარეები

შესავალი 

დღითიდღე იზრდება მოსახლეობის ინტერესი დასვენების მიზნით გადააადგილდნენ სხვადასხვა ქვეყნებში და აღმოაჩინონ რაიმე განსხვავებული, განსაკუთრებული. XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ტურიზმი და მისი განვითარებაა მსოფლიოს მასშტაბით. ამა თუ იმ სფეროს წინსვლისათვის კი აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. 

საქართველოს მოქალაქეები ტურისტულ ურთიერთობებში უფრო მეტად ჩაებმნენ ბოლო პერიოდში, ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს ევროკავშირის საბჭოს რეგულაციაში 2017 წელს შესული ცვლილებით, როდესაც ჩვენი ქვეყანა შეუერთდა „შენგენის“ ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლების მქონე სახელმწიფოთა სიას. სწორედ სფეროს აქტუალობამ განაპირობა ჩემი დაინტერესება გამომეკვლია მომხმარებელთა დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში ტურისტული ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ეფექტიანობა; დადგენა იმისა, არსებობს თუ არა ხარვეზები, რომლებიც აღმოსაფხვრელია. ტურიზმი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა ბოლო ათწლეულების მანძილზე. ამდენად, კვლევა სამეცნიეროდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან რაც მეტია მოქალაქეთა ჩართულობა, მით უფრო მატულობს მათ შორის კონფლიქტის წარმოშობის რისკი, რომლის მინიმუმამდე დასაყვანად აუცილებელი ხდება უფლებებისა და მოვალეობების სამართლებრივად დარეგულირება, არსებული ნორმების დახვეწა და დღევანდელობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

ტურიზმის არსი და მნიშვნელობა, როგორც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი გარანტი

 როგორც კი ადამიანი დაიკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნილებებს, მაშინვე თავს იჩენს სხვა სურვილები, მაგალითად როგორიცაა მოგზაურობა და დასვენება. ინტენსიური მუშაობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოითხოვს ენერგიის აღდგენას დროდადრო. ამის გამოა, რომ „ტურისტული აფეთქება” დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 

იმისათვის, რომ დავადგინოთ რამდენად სრულყოფილად ხდება ტურისტულ ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, უპირველესად, საჭიროა განვსაზღვროთ თუ რა იგულისხმება თავად ტურიზმში, რა როლს თამაშობს იგი ქვეყნის განვითარებაში, ვინ და რა ოდენობით უნდა იყოს ჩართული ამ სფეროს განვითარებაში და რა აუცილებელი წინაპირობები უნდა არსებობდეს, რათა მეტი ადამიანი დაინტერესდეს ტურიზმით, რომლის საშუალებითაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება.

 ტურიზმის როლი და მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკაში ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება. ეს ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი მომსახურების მიწოდების სფეროში ელექტრონული რესურსების გამოყენებამ გახადა.

ტრანსპორტის განვითარება, მგზავრობისას შეთავაზებული კომფორტი, მიმოსვლათან დაკავშირებული ბიუროკრატიული ბარიერების (ვიზა, ნებართვა და ა.შ.) გამარტივება, ან, უკეთეს შემთხვევაში, მათი სრულიად გაქრობა ტურიზმის სამომავლო შანსებს კიდევ უფრო ზრდის.  

ტურიზმი მომსახურების სფეროა და მისი წარმატება მომსახურების შემთავაზებლის პიროვნულ და საქმიან თვისებებზეა დამოკიდებული და არა საწარამოო ხაზების თუ ნედლეულის ხარისხზე და სისწრაფეზე. იქ, სადაც ადამიანური ფაქტორის როლი იზრდება, ასევე იზრდება კონფლიქტის წარმოშობის ალბათობა. შესაბამისად, სამართლის მიზანია ამ კონფლიქტების პრევენცია, მათი მინიმუმადე დაყვანა, ან უკვე წარმოშობილი კონფლიქტების რაციონალური და დაბალანსებული გადაწყვეტა.  

სამართალს არ შეიძლება ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ დააჩქაროს ან შეანელოს ტურიზმის განვითარება, თუმცა მას შეუძლია, მომსახურების ეს სფერო უფრო სტაბილური, ეფექტური და უსაფრთხო გახადოს.

 

ტურიზმის ხელშეკრულების მხარეები 

 მოგზაურობის მომწყობი 

 მოგზაურობის მომწყობის მიმართ რაიმე შეზღუდვას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მოგზაურობის მომწყობი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი და გაერთიანება, რომელიც არ არის იურიდიული პირი.  

ტურიზმის მომსახურების შემთავაზებელ კომპანიებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ სთხოვს რაიმე დამატებითი პირობების დაკმაყოფილებას. როგორც აღინიშნა, მათი საქმიანობის ლიცენზირების ან კონტროლის რაიმე მექანიზმი არ არსებობს.  

დამატებითი რეგულირებების არარსებობას ორი მხარე აქვს: ერთი მხრივ, სავსებით შესაძლებელია, არაინფორმირებული მომხმარებლის პოზიციიდან ეს ნაკლად ჩაითვალოს. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ნაკლები რეგულაცია ამავე დროს შეიძლება განვიხილოთ ბიზნესის ამ სფეროთი დაინტერესებულ სუბიექტთა შანსი — უფრო თავისუფლად განავითარონ და გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა.

ტურისტი 

 მოქმედი კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, ვინ შეიძლება ჩაითვალოს ტურისტად, თუმცა ალბათ ამის საჭიროება არც არსებობს. ნებისმიერი სუბიექტი, ვინც ტურისტული პაკეტის შესყიდვის მიზნით მოგზაურობის მომწყობთან ხელშეკრულებას გააფორმებს, ავტომატურად უნდა განვიხილოთ როგორც ტურისტი და მასზე გავავრცელოთ როგორც ხელშეკრულებით, ასევე კანონით გათვალისწინებული რეგულირებები. 

მოგზაურობის მომწყობმა მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ ტურისტი, როგორც მომსახურების მიმღები მომხმარებელია და მასზე მთლიანად ვრცელდება ყველა ის პრივილეგია თუ სპეციალური დაცვის გარანტია, რაც მომხმარებლებს კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული.

დასკვნა :

ამრიგად, უკვე შეგვიძლია განვსაზღვროთ ტურისტული ხელშეკრულების მნიშვნელობა და ერთგვარი წარმოდგენა შევიქმნათ ,ამავე ხელშეკრულების მხარეებზე,რომელიც მონაწილეობას იღებენ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მის შესრულებამდე და ინაწილებენ იმ ძირეულ ვალდებულებებსა და მოვალეობებს , რაც მათ ეკისრებათ ტურისტული ხელშეკრულების დადებით .

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1)Rudenko O. V., Current Activities of the European Commission on the Implementation of the Legal and Other Aspects of Sustainable Tourism in the European Union, the Journal of Eastern European Law, №44, 2017, 32.

2)Council Regulation (EC) No 539/2001 of 15 March 2001 listing the third countries whose nationals must be in possession of visas when crossing the external borders and those whose nationals are exempt from that requirement. იხ. [14.07.2019].

3) Mekinc J., Music K., Cvikl H., Challenges of Professional Policing for a Safer Tourism, US-CHINA Law Review, vol. 13:112, 2016, 113

4) ცერცვაძე გ., სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, gccc.ge, 18.04.2016, მუხ. 657, ველი 2-3.

5) მეტრეველი მ., ტურიზმის ეკონიმიკა და პოლიტიკა, თბილისი, 2011, 47.

6) Gherasim M. E., Tanase Gh., The Evolution and Inter-Depenence of Tourism with the Environment, Contemporary Readings in Law and Social Justice, vol. 4(1), 2012, 462.

 

სტატიის ავტორი : გიორგი ასლამაზიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი .

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.