საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მიუხედავად, წამების აღმოფხვრა რჩება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, სახელმწიფოებში ფიქსირდება მისი მრავალი ფაქტი. წამება მხოლოდ არ უნდა გავიგოთ, როგორც კონკრეტული ადამიანის ქმედება სხვა პირთა მიმართ ანგარიშსწორების, ინფორმაციის მიღების ან აღიარებით ჩვენების მოპოვების მიზნით. მას იყენებენ სხვა, უფრო მასშტაბური მიზენებისთვისაც. მაგალითად, საზოგადოებაში შიშის დანერგვა, რაც შეიძლება გამოწვეული იქნას მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედებებით, წამების ფაქტებით.
ზოგადად წამება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობაა, რომელიც იწვევს ადამიანის ძლიერ ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას. წამების მიზანი ვერ ამართლებს მიზნის მიღწევის საშუალებას. აღიარებულია, რომ წამების აკრძალვას აქვს აბსოლუტური ხასიათი, რადგან იგი ხელყოფს ადამიანურ ღირსებას. თავად ღირსება კი ყველა ძირითადი უფლების საფუძველია, მას არაერთ უნივერსალურ თუ რეგიონულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში სპეციფიკური, სრულიად გამორჩეული როლი აქვს მიკუთვნებული ადამიანის უფლებათა შორის. ადამიანის ღირსება თანაარსია ადამიანისათვის, როგორც გონიერი, თავისუფალი ნებისა და პასუხისმგებლობის მქონე არსებისათვის. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება საქართველოს კონსტიტუციის უზენაესი ღირებულებაა.
აკრძალული ქმედებების ურთიერთმიმართება
კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული ქმედებები ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ: ,,წამება“ და ,,არადაამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი“. მათ შორის ხარისხობრივი განსხვავებაა. ყოველგვარი წამება იმავდროულად არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობაა, მაგრამ ეს უკანასნელი ყოველთვის არ აღწევს წამების ხარისხს, რაც ადამიანმა განიცადა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მსოფლიოში მოთხოვნების კიდევ უფრო გამკაცრების ტენდენცია შეინიშნება. ის, რაც ადრე მიჩნეული იყო მხოლოდ არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად, ახლა შეფასდეს, როგორც წამება.
მოპყრობის სიმძმის მინიმალური ხარისხი
აქ მხედველობაში მიიღება მოპყრობის შინაარსი, ბუნება, ფორმა, ხანგრძლივობა, ფიზიკური და სულიერი ზიანი, ზოგიერთ შემთხვევაში კი - ასევე მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნას არა მარტო ობიექტური გარემოებები, არამედ სუბიექტური შეფასებაც მსხვერპლის მხრიდან. ასევე საზოაგადოების საერთო დამოკიდებულება და მისი ტოლერანტულობის ხარისხი ამა თუ იმ აქტის მიმართ, იმის შეფასებისას, მიჩნეულ უნდა იქნაას თუ არა იგი, მაგალითად, ,,დამამცირებელ მოპყრობად“.
წამების განსაზღვრების მოდიფიცირების მნიშვნელობა
წამების საქმეები ინდივიდუალური ხასიათისაა ქვეყნებისდა მიხედვით. შესაძლებელია ერთი და იგივე საქმე სხვადასხვა სასამართლოს მიერ სხვადასხვა გვარად დაკვალიფიცირდეს. აქედან გამომდინარე, წამების განსაზღვრება არ უნდა იყოს შემზღუდველი. უნდა აღინიშნოს, რომ წამების განსაზღვრების შეზღუდულმა ინტერპრეტაციამ და პრაქტიკაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სამართლიანი კრიტიკა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია წამების განსაზღვრების მოდიფიცირება, ეს აუცილებელია, რადგან წამების ნორმამ ხელოვნურად არ გამოიწვიოს წამების, ცუდი მოპყრობის სხვა ფორმად დაკვალიფიცირების გარდაუვალობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდიფიცირება მნიშვნელოვანია, რათა ზემოაღნიშნულმა სფერომ ფეხი აუწყოს თანამედროვეობას, ვინაიდან დროის სვლასთან, განვითარებასთან ერთად ახალი სახის გამოწვევები წამოიჭრება ასპარეზზე, მათთან გამკლავება კი სწორედ მოდიფიცირებული სისტემითაა შესაძლებელი.
წამების განსაზღვრების ელემენტები
ა) დაზარალებულის აზრის გათვალისწინება - წამების კონცეფციამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო დაზარალებულმა შესაძლოა უარყოს მასზე განხორციელებული წამების ფაქტი.
ბ) წამებით მიყენებული შედეგის გათვალისწინება - კვლევებით დადასტურებულია, რომ ცუდი მოპყრობის შედეგი პირდაპირ კავშირშია როგორც ,,სისასტიკის“ დონის განსაზღვრასთან, ასევე ინტენსივობასთან.
გ) ,,ინფორმაციის მოპოვების“ გამიჯვნა სხვა მიზნებისაგან - ინფორმაციის მოპოვების მიზანი შეიძლება მოტივირებული იყოს სამართლებრივი სიკეთის დასაცავად ან გადასარჩენად, რაც თვისობრივად განასხვავებს წამების სხვა სპეციფიკური მიზნებიდან.
ა) და ბ) ელემენტების გამო დგება ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშნვის აუცილებლობა. ასეთი პრაქტიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ განისაზღვროს წამების მუქარით მიყენებული სულიერი ტანჯვის როგორც ხასიათი და ხარისხი, ასევე მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
პრევენცია და მისი მნიშვნელობა
როგორც უკვე მოწოდებული ინფორმაციიდან ვიგებთ, წამება და არაადამიანური მოპყრობა არის განზრახი ქმედებები, რომელნიც პიროვნებას აყენებს განსაკუთრებულ ფიზიკურ ტკივილს ან სულიერ ტანჯვას. ამ დანაშაულთა ჩადენის მიზანთა მრავალფეროვნება კიდევ უფრო საყურადღებოს ხდის მას და არ გვაძლევს პრევენციული ზომების გატარებისას მოდუნების საშუალებას. სახელმწიფოთა უდიდეს უმრავლესობას რატიფიცირებული აქვს ის ხელშეკრულებები, რომლებიც შეიცავს წამების და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების აკრძალვასთან დაკავშირებულ დებულებებს. არაერთი საერთაშორისო აქტი შემუშავდა სწორედ წამების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. ესენია:
გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ.
ევროპული კონვენცია წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ.
ინტერამერიკული კონვენცია წამების აღკვეთისა და დასჯის შესახებ.
აქედან გამომდინარე, ადამიანის წამებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად დადგენილია შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ქვეყნის კონსტიტუციის ან კანონების გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევის გასამართლებლად.
წამებისა და წამების მუქარის აკრძალვა არის საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმა. იგი არის უნივერსალური საერთაშორისო სამართლის შემადგენელი ნაწილი. სახელმწიფოს მეირ ასეთ ქმედებათა დასჯის ვალდებულება გამომდინარეობს გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის მე-4 და მე-7 მუხლებიდან, ასევე ადამიანის ევროპული კონვენციის 1-ლი და მე-15 მუხლებიდან.
საქართველო
არაერთი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით, ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“. კონსტიტუციის ეს ნორმა კრძალავს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას. საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის აკრძალვის შინაარსს. კონვენციის მე-15 მუხლის მიხედვით, ამ აკრძალვიდან გადახვევავა არ დაიშვება მაშინაც კი, როცა ქვეყანაში ადამიანთა სიცოცხლე ომის ან ერის არსებობისათვის საშიში სხვა საყოველთაო უბედურების მდგომარეობაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. უკვე ნათლად ჩანს თუ რაოდენ მძიმე დანაშაულია ადამიანის წამება და არაჰუმანური მოპყრობა, მისი სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, რომელთაც ზემოაღნიშნული მოქმედებები იწვევენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წამება არის ტაბუ, ხოლო წამების ამკრძალავი ნორმის დარღვევა ტაბუს დარღვევა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1) გოცირიძე ე., საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თავი მეორე, თბილისი, 2013 წელი.
2) კორკელია კ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო, სტატიათა კრებული, თბილისი, 2011 წელი.
3) ხოდელი მ., სამართლის ჟურნალი, წამების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებათა დასაშვებობის პრობლემა სისხლის სამართლის პროცესში, N2, 2014 წელი.
4) კვაჭაძე მ., წამების აკრძალვა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში, თბილისი, 2019 წელი.
5) გოცირიძე გ., წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, თბილისი, 2010 წელი.
ავტორი - გიო ფანჩულიძე
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა