ცილისწამების დასჯადობა ანუ ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის დაცვა2672 2022.01.25
ცილისწამების დასჯადობა ანუ ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის დაცვა

21-ე საუკუნე მეტად პროგრესული და განვითარებული რომაა გასულ საუკუნეებთან შედარებით ამაზე მსოფლიო კაცობრიობა, ვგონებ, ერთხმად თანხმდება. ცხოვრების ყველა სფეროში შეინიშნება წინსვლა და პროგრესულობისაკენ დაუშრეტელი სწრაფვა. ეს ის საუკუნეა, როდესაც ადამიანი ღიად, მკაფიოდ და შიშის გარეშე აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, ვინაიდან მან იცის, რომ კანონი და სამართალი მაქსიმალურად უზრუნველყოფს იმას, რომ მისი სიტყვის თავისუფლება და აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ იქნეს შეზღუდული გარემო-ფაქტორების გამო და პიროვნებამ შეძლოს ყოველგვარი ცენზურის გარეშე აზრის დაფიქსირება. განსხვავებით ახლო წარსულისაგან, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მწერლებსა თუ სხვა საზოგადო მოღვაწეებს შეფარვით, ფარულად უწევდათ საკუთარი მოსაზრების ხალხამდე მიტანა. მწერალ-პოეტთა უმეტესობა სათქმელს თავიანთი შემოქმედებითი ოსტატობის წყალობით ფარავდა, თუმცაღა გონიერთ მაინც შეეძლოთ მთვარი სუბსტანციის ამოკითხვა და გააზრება. უამრავი შემოქმედის დასახელება შეგვიძლია გასული საუკუნეებიდან, რომლებიც ასე შეფარვით, მალვით ცდილობდნენ საკუთარი ხალხისათვის თვალის გახელვასა და საღათას ძილისაგან გამოღვიძებას. თუმცაღა ამ თემაზე ღრმად საუბარი და დეტალებში ჩაძიება მეტად შორს წაგვიყვანს, ამიტომაც პირდაპირ მთავარ სათქმელზე გადავალ. ყოველივე ზემოაღნიშნული სწორედ იმისათვის ვახსენე, რომ დამენახვებინა ის დიდი კონტრასტი, რომელიც წარსულსა და დღევანადელობას შორისაა აზრისა და შეხედულებების თავისუფლად გამოხატვასთან დაკავშირებით. დღესდღეობით, კონსტიტუცია ანუ უზენაესი კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ დაცული იქნეს ადამიანის ეს უფლება და არ ეშინოდეს არავის საკუთარი მოსაზრებების ხმამაღლა დაფიქსირება. ვინაიდან ეს უფლება უპირველესი, ფუნდამენტური და განუყოფელი ნაწილია დემოკარტიული სახელმწიფოსი. ეს უკანასკნელიც ხომ საკუთრივ იმას მოიაზრებს, რომ ყოველი ადამიანი აქტიურად იქნეს ჩართული სახელმწიფო მმართველობაში და შეუნიღბავად შეეძლოთ თავიანთი მოსაზრებების გაჟღერება. სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი აწესრიგებს ადამიანის ამ ერთ-ერთ ფუნდამეტურ უფლებას და მკაფიო ხაზგასმას აკეთებს იმაზე, რომ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. კარდინალურია ყურადღება გავამახვილოთ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზეც“, რომლის მე-10 მუხლიც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას და განმარტვს, რომ ყველა პიროვნებას გააჩნია აზრის გამოხატვის თავისუფლება და ამ უფლების წყალობით ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფლება იმ თემასთან მიმართებით, რომ ჰქონდეს მას საკუთარი შეხედულება და მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ყველას გააჩნია ის ფუნდამენტური უფლება, რომ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, გამოხატვის თავისუფლება მაინც არ არის აბსოლუტური. რას ნიშნავს ეს ყოველივე და რატომ არაა გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური? რა ზღუდავს მის აბსოლუტურობას და რამდენად ჯდება კონსტიტუციურ ფარგლებში? გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს ცილისწამება.  

 

ცილისწამება კლასიკური გაგებით

ცილისწამების მოკლე დეფინიცია შემდეგნაირია, რომ ესაა ვინმესათვის რაიმეს უსაფუძვლოდ დაბრალება. ცილისწამება არის ცრუ განცხადება პიროვნების შესახებ, რომელიც აზიანებს მის რეპუტაციას, შეურაცხყოფს ამ პიროვნებას და ზიანს აყენებს მას. ეს უკანასკნელი შესაძლოა იყოს მატერიალური ან მორალური. ის მიმართულია ხოლმე პირის პატივის შელახვისაკენ, მისადმი დამამცირებელ განცხადებებების გაკეთებისაკენ და სახელის გატეხვისაკენ. მისი ცნება მოცემულია საქართველოს კანონში „სიტყვისა და თავისულფების გამოხატვის შესახებ“, რომელიც 2004 წელსაა მიღებული და ამ კანონის პირველივე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში ცილისწამების შემდეგნაირ განმარტებას ვხვდებით, რომ ესაა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდგომ იბადება კითხვა თუ სად გადის ზღვარი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის?! ერთი შეხედვით, მასზე პასუხის გაცემა სრულებითაც არაა მარტივი, ვინაიდან პიროვნებამ, რომელიც სხვას შეურაცხყოფს შესაძლოა ფიქრობდეს, რომ ეს მისი ლეგალური და სამართლებრივი უფლებაა, რომელიც აზრის გამოხატვის თვასუფლებასთანაა კავშირში და ამ გამოხატვის ფარგლებსა და ჩარჩოებში ექცევა, როცა მეორე პიროვნება, რომლის შესახებაც აზრი იქნა გამოთქმული, მიიჩნევდეს, რომ ეს ცხადად ცილისწამებაა. ეს უკანასკნელი სწორედ ის ქმედებაა, რომლის გამოც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დაშვებულია. ასეთ დროს სასწორის ერთ პინაზეა გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მის საპირწონედ კი არის ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა და ამ ღირსების დაცვა. ამ უკანასკნელის პინა კი გადმოსძლევს გამოხატვის თავისუფლებას. ასეთ დროს, ცხადია, ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ცილისწამების ცნებიდან გამომდინარე მაქსიმალურად გასაგებად იქნეს გადმოცემული ფაქტები, ვინაიდან ყოვლად მიუღებელია პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს გამოხატული აზრის გამო. ამდენად, ცილისწამებად უნდა იქნეს მიჩნეული მხოლოდ არსებითად მცდარი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი განცხადებების გაკეთება. კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ მე-8 მუხლიც მკაფიოდ განმარტავს ამ ყოველივეს, რომ „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს“.

 

სასჯელი ცილისწამებისათვის

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. 

როგორც უკვე აღვნიშნე, ცილისწამება ადამიანის ღირსებას პირდაპირ, უშუალოდ ეხება, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ის სათანადოდ იქნეს დასჯილი, რადგანაც არ მოხდეს მსგავსი ფაქტების გახშირება და ყველა ადამიანის პატივი და ღირსება დაცულ იქნეს.

ცილისწამებისთვის სასჯელების მხრივ, მეტად საინტერესოა დანიელ ო’გორმანის (Daniel O’Gorman) სტატია- „mutilation and spectacle in Anglo-Saxon Legislation”, საიდანაც ირკვევა, რომ მე-9-მე-10 საუკუნის ინგლისში, ლეგენდარული მეფეებიის ალფრედ დიდის, ათელსტანის და ედუარდ წმინდანის ეპოქაში, ცილისწამება, ენის მოკვეთით ისჯებოდა. ეს ყოველივე მკაფიო მანიშნებელია იმისა, თუ როგორ მძიმე დანაშაულად მიიჩნეოდა ცილისწამება და შესაბამისად ამ ქმედების ჩადენისათვის მეტად მკაცრი სასჯელი იყო დაწესებული. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ძალზე არაჰუმანური და სასტიკი დასჯის მეთოდია, თუმცაღა იმდროისათვის სულაც არ ფიქრობდნენ მსგავსად და როგორც ჩანს სასჯელის ეს სახეც გავრცელებულ ხერხს წარმოადგენდა.

ხოლო რაც შეეხება თანამედროვეობაში ცილისწამების სასჯელს, 2004 წლამდე ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებას წარმოადგენდა. თუმცაღა იგი დღესდღეობით სისხლისამართლებრივად დასჯად ქმედებას აღარ წარმოადგეს, ვინაიდან გამოხატვის თავისუფლებაში გადამეტებულ ჩარევად მიიჩნევა, მაგრამ ეს სრულებითაც არაა იმის ინდიკატორი, რომ ცილისწამების ჩადენის შემთხვევაში, პირს არანაირი სასჯელი არ ეკისრება და ნებისმიერ პიროვნებას თავისუფლად, კანონის უგულებელყოფით შეუძლია სხვა პირის ღირსების შელახვა. სწორედ ამისათვის არსებობს კანონი „სიტყვისა და გამოახატვის თავისუფლების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს ცილისწამებისათვის სასჯელს. იგი წარმოადგენს სამოქალაქო დავის ნაწილს. მოსარჩელეს კი აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ცილისწამებისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ზემოთანხსენები კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კერძო პირისა და საჯარო პირის ცილისწამებას. ამ კანონის მე-13 მუხლი განსაზღვრავს კერძო პირის ცილისწამებას და ადგენს, რომ პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ხოლო შემდოგმი, მე-14 მუხლი განსაზღვრავს საჯარო პირის ცილისწამებას და აკეთებს შემდეგნაირ დათქმას, რომ პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. 

ცილისწამებასთან დაკავშირებული დავების განხილვა და მათ შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანა ზოგიერთ შემთხვევაში არც თუ ისე მარტივი არაა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №2ბ/1476-12  პალატა განმარტავს, რომ ,,ფაქტისა“ და ,,მოსაზრების“ გამიჯვნა აუცილებელ პირობას წარმოადგენს ცილისწამების ცნების განსაზღვრისათვის. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"  საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ,,ფაქტი" უნდა განვასხვავოთ ,,შეფასებისაგან", რადგან ეს უკანასკნელი არის კონსტიტუციით დაცული აზრის გამოხატვა.“ და ნამდვილად ასეცაა, ვინაიდან ამ უკანასკნელნის ერთმანეთისაგნ გამიჯვნა გვეხამრება იმაში, გამოვარკვიოთ, თუ სად გადის ზღვარი გამოხატვის თვასუფლებასა და ცილისწამებას შორის. 

საინტერესოა ყურადღების გამახვილება მტკიცების ტვირთის შესახებ, ვინაიდან ის მთლიანად მოსარჩელეს ეკისრება, რაც იმის ინდიკატორია, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე ვალდებულია, ამტკიცოს რომ:

ა) მოპასუხის მიერ გავრცელებულ იქნა განცხადება, რომელიც იყო სადავო; 

ბ) ეს სადავო განცხადება მოკლებულია ჭეშმარიტებას და შეიცავს არასწორ, მცდარ ინფორმაციასა და ფაქტებს;

გ) სადავო განცხადება ზიანის მიმყენებელია მოსარჩელის ღირსებისა და პატივისათვის. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ცილისწამების შემადგენლობის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. 

„მტკიცების ტვირთის მოსარჩელისათვის დაკისრება, ფაქტობრივად, გულისხმობს ერთგვარი პრეზუმფციის დაშვებას, რომ სახელის გამტეხი ცნობები სინამდვილეს შეესაბამება, სანამ მოსარჩელე არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს.“

ამასთანავე პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ არაა განსაზღვრული ის კრიტერიუმი, რომლითაც უნდა დადგინდეს მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლები. „ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ორიგინალობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.“

90-იანი წლების ცნობილი ამერიკული სიტკომის „მეგობრების“ მსახიობს დევიდ შვიმერს, როს გელერის როლის შემსრულებელს, მოუწია სასამართლოში ემტკიცებინა ცილისწამების შესახებ, რომელიც მისი მისამართით იქნა გაჟღერებული და ამით მას რეპუტაცია არ შებღალვოდა, ვინაიდან ის მოსაზრება, რომელიც მასზე იქნა გამოთქმული მის ღირსებას მკაფიოდ ეხებოდა. 2004 წელს მსახიობმა დევიდ შვიმერმა ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის ფინანსური მხარდამჭერის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, რომლითაც 2 მილიონ დოლარს ითხოვდა. მსახიობმა ცილისწამების საჩივარი შეიტანა აარონ ტონკენის წინააღმდეგ. შვიმერის თქმით, ტონკენმა საჯაროდ განაცხადა, რომ დევიდმა სთხოვა ორი Rolex საათი, როგორც კომპენსაცია ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე დასწრების სანაცვლოდ. ის ამტკიცებდა, რომ ტონკინის მიერ გამოთქმული ბრალდებები მცდარი იყო და შეულახა რეპუტაცია. სარჩელის თანახმად, 2006 წელს შვიმერმა მიიღო 400,000 დოლარი ანაზღაურება მორალური ზიანისათვის.

 

გამართლებულია თუ არა ცილისწამებაზე იძულებით ბოდიშის მოხდა?

აქ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ პირს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება ისეთ შემთხევაში, თუკი მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა იმის შესახებ, რომ იგი ცილისწამებას ავრცელებდა. ამ დათქმას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლში ვხვდებით. მორალური თვალსაზრისის მიხედვით, ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას შესაძლებელია გამართლებულად მიაჩნდეს მოპასუხის იძულება,  რომ მან ბოდიში მოიხადოს მის მიერ ჩადენილი უმსგავსო ქმედებისთავის. თუმცაღა კანონი მკაფიო, მკვეთრ ხაზგასმას აკეთებს იმის თაობაზე, რომ მოპასუხის იძულება ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. ეს ნამდვილად გამართლებულია, ვინაიდან ადამიანის იძულება რაიმე ქმედების განხორციელებაში, თუნდაც ეს კეთილსა და სამართლებრივ მიზნებს ემსახურებოდეს, მაინც არასწორი და მიუღებელია, ვინაიდან მსგავსი მოქმედება პირდაპირი ჩარევაა პიროვნების ფუნდამენტურ უფლებებში.

დასკვნა

ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტების, მსჯელობისა და ინფორმაციის საშუალებით ვასკვნით თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკმარისი ყურადღება მიექცეს ცილისწამებას და მასთან დაკავშირებულ დავებს. მის წინააღმდეგ საბრძოლველად კი ჯერჯერობით მართლაც საუკეთესო გამოსავალად შეგვიძლია მივჩნიოთ დღესდღეობით მოქმედი სამოქალაქოსამართლებრივი გზები და ბერკეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცილისწამების აღმოფხვრას. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;

  2. საქართველოს კონსტიტუცია;

  3. დანიელ ო’გორმანის (Daniel O’Gorman) სტატია- „mutilation and spectacle in Anglo-Saxon Legislation”;

  4.  „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“;

  5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №2ბ/1476-12;  

  6. საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი- თავი მე-2 (ავტორები: ირაკლი ბურდული, ევა გოცირიძე, თინათინ ერქვანია, ბესარიონ ზოიძე, ლევან იზორია, ირაკლი კობახიძე, არჩილ ლორია, ზურაბ მაჭარაძე, მერაბ ტურავა, ანა ფირცხალაშვილი, იაკობ ფუტკარაძე, ბექა ქანთარია, დავით წერეთელი, სანდრო ჯორბენაძე);

  7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

 

ავტორი: ანი გიგაური, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.