ევთანაზია - თავისუფლების ავტონომიასა და სიცოცხლის უფლებას შორის ჭიდილი2488 2022.01.25
ევთანაზია - თავისუფლების ავტონომიასა და სიცოცხლის უფლებას შორის ჭიდილი

 

ევთანაზია დღევანდელი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საკამათოდ განსახილველი საკითხია.  ესაა თემა, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს იურიდული, სამედიცინო, ფილოსოფიური თუ რელიგიური ხასიათის ასპექტებს და მოითხოვს  საკითხის კონსოლიდირებულად შეფასებას. პირველ რიგში მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ რას გულისხმობს თავად  ევთანაზია. ის ბერძნული სიტყვაა და პირდაპირი მნიშვნელობით გულისხმობს უშფოთველ, ბედნიერ, მსუბუქ, ტკბილ სიკვდილს, შედგება ორი ნაწილისგან - ,,ეუ’’ ნიშნავს კარგს და ,,თანატოს’’ - სიკვდილს. პირველად აღნიშნული ტერმინი ინგლისელმა ფილოსოფოსმა და პოლიტიკოსმა - ფრენსის ბეკონმა გამოიყენა. ევთანაზიაზე საუბრისას ერთმანეთს უპირისპირდება ორი მნიშვნელოვანი უფლება: პირველი, ესაა სიცოცხლი უფლება და მეორე მომაკვდავი ადამიანის სიკვდილის სურვილი. სწორედ ამიტომაა მიჩნეული რომ ევთანაზია ეთიკურ პრობლემასთან არის დაკავშირებული. საინტერესოა, რამდენად აქვს უფლება ადამიანს თავად განკარგოს სიცოცხლე, ევთანაზია ხომ ადამიანის სიკვდილის განზრახი დაჩქარება ან ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი მოურჩენელი ავადმყოფისათვის სიცოცხლის მოსპობაა მისი ტანჯვისგან განთავისუფლების მიზნით. ევთანაზია თავის მხრივ სხვადასხვაგვარად შეიძლება განხორციელდეს და მასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა პოზიცია. ქვეყნების ნაწილი ევთანაზიას განიხილავს მკვლელობად, ამ მოსაზრებას იზიარებს: ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი. ზოგიერთი მათგანი აწესებს სასჯელს, ეს სასჯელი მოქმედებს იმ პირებზე, რომლებიც მიმართავენ ევთანაზიის პროცესს (გერმანია, ავსტრია). რაც შეეხება მესამე მხარეს, აქ ევთანაზიის დეკრიმინალიზაციასთან გვაქვს საქმე, ანუ კონკეტული ქმედებისთვის იხსნება დანაშაულის სტატუსი და ამგვარად აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის წესით დასჯადად აღარ განიხილება(პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია...).

    უნდა ითქვას, რომ თავის მხრივ განასხვავებენ აქტიურ და პასიურ ევთანაზიას. აქტიური ევთანაზია გულისხმობს უკურნებელი პაციენტისათვის ისეთი პრეპარატის გამოყენებას, რომელიც მის სიკვდილს აჩქარებს, პასიური ევთანაზიისას კი პაციენტს უწყვეტენ დამხმარე თერაპიას, რაც თავის მხრივ იწვევს იმავე შედეგს, მაგრამ მას არ აჩქარებს.

     მნიშვნელოვანია ექიმის როლის შეფასება ევთანაზიაზე მსჯელობისას. ექიმები ვალდებულნი არიან გამოიყენონ ყოველგვარი სამეცნიერო მიღწევები მაგრამ ამავდროულად ბოროტად არ უნდა ისარგებლონ ამით. ექიმს არ აქვს უფლება წაართვას ავადმყოფს ადვილი სიკვდილის უფლება, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პროფესიული მოვალეობის ცალმხრივი გაგებით. გარდაუვალი სიკვდილის გახანგრძლივებაც და დაჩქარებაც თავის მხრივ თანაბარი სიმძიმის დანაშაულია. თუ სიცოცხლის შენარჩუნება პაციენტისთვის ხდება მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნურად, ექიმს აქვს უფლება საკუთარი მეცნიერული რწმენის საფუძველზე გამორთოს აპარატი. პასიურ ევთანაზიას ლეგალურად აღიარებს  პაციენტის უფლებების შესახებ კანონის 24-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც: ,,საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ჩატარების ან/და მის მიმართ პალიატიური მზრუნველობის ან ჰოსპისური მზრუნველობის განხორციელების შესახებ, თუ მითითებული გარემოება გამოწვეულია: განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით’’.   რაც შეეხება საკითხის მეორე მხარე ს- აქტიურ ევთანაზიას, აქ გასათვალისწინებელია შემთხვევა, როდესაც ექიმი წამალს გადასცემს პაციენტს არა ტკივილის გაყუჩების მიზნით, არამედ ,,სასიკვდილო - ხსნისთვის’’ , ავადმყოფის ან ახლობლის თხოვნით.

   საინტერესოა, თუ რა არგუმენტები გააჩნიათ ევთანაზიის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს. ყველასათვის ცნობილია, რომ ევთანაზიას პლატონი მხარს უჭერდა, ქრისტიანობამ კი ის უარყო.

    ევთანაზიის მომხრეების აზრით, ადამიანისთვის უფლება - ჰქონდეს ღირსეული სიკვდილის უფლება ისეთივე მნიშვნელობისაა როგორც მისი სიცოცხლის უფლება. ადამიანს, რომელიც იტანჯება განუკურნებელი სენისგან, უნდა ჰქონდეს უფლება თავად გადაწყვიტოს თუ როგორ განკარგავს საკუთარ სიცოცხლეს და სურვილის შემთხვევაში უნდა მიეცეს მისი ,,მშვიდად’’ დასრულების უფლება. უფრო დიდ ცოდვად მიიჩნევენ პიროვნებათა დაუსრულებელი ტანჯვის შორიდან ყურებას და გამოსავალს ევთანაზიაში ხედავენ. ,,ევთანაზიის მომხრეები თვლიან, რომ არჩევანის გაკეთება არის ფუნდამეტური უფლება ლიბერალური დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო სისტემის პირობებში. ტკივილი და ტანჯვა, რომელსაც ადამიანი განიცდის ავადმყოფობის პერიოდში, თუნდაც ტკივილის შემსუბუქების დროს, შეიძლება მიუღებელი იყოს მხოლოდ ისეთი პიროვნებისათვის, რომელსაც ეს არ გამოუცდია. პაციენტებისათვის, რომლებსაც აღარ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელება, ძნელია ემოციური ტკივილის დაძლევა. მიუხედავად თანამედროვე პრეპარატების არსებობისა, უიმედო ავადმყოფისათვის ძნელია იმის შეგრძნება, რომ ტანჯვით აღმოხდება სული’’. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ევთანაზიის მომხრეები ვერ ასაბუთებენ, თუ რატომ არის სიკვდილის უფლება განუყოფელი სიცოცხლის უფლებისგან.

   თუ ავადმყოფი  არის საღ გონებაზე და ის აცნობიერებს ,რომ ლეტალური შედეგი გარდაუვალია, აწუხებს გაუსაძლისი ტკივილები და  მეტის ატანა აღარ შეუძლია, ექიმს სთხოვს, რომ მისი ტანჯვა დაასრულოს და ისიც  თანხმდება, მსგავსი ქმედება ბევრად ჰუმანურია, რადგან ამით პაციენტის ტანჯვა სრულდება. ქმედება ამგვარად ევთანაზიის კვალიფიკაციით რომ განისაზღვროს აუცილებელია ის მომდინარეობდეს მხოლოდ მომავკვდავისგან,  გამოთქმული უნდა იყოს გაცნობიერებულად, თხოვნა დაჟინებულად უნდა იყოს განმეორებული , ავადმყოფი ყოველგვარი იძულების გარეშე უნდა მოქმედებდეს. სიკვდილის თხოვნის შესახებ საფუძველი კი უნდა იყოს მხოლოდ ავადმყოფობით გამოწვეული ძლერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და არა სხვა ფაქტორები, ვგულისხმობ, მატერიალურ, ოჯახურ თუ სხვა ხასიათისსას. ქმედების მოტივი კი  უნდა იყოს სიბრალული და მიზნად უნდა ისახავდეს მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან გათავისუფლებას.

 

  რაც შეეხება ევთანაზიის მოწინააღმდეგეთა პოზიციას. აღნიშნულს მკაცრად ეწინააღმდეგება როგორც კათოლიკური, ასევე მართლმადიდებლური ეკლესია. მას მიიჩნევენ თვითმკვლელობისთვის ხელის შეწყობად, ხოლო თვითმკვლელობა თავის მხრივ ყველაზე დიდი ცოდვაა. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ უფალს აქვს უფლება ადამიანს როგორც მიანიჭოს ასევე წაართვას სიცოცხლე. ადანაშაულებენ ექიმებს, და ამბობენ, რომ ორმაგად სცოდავს ექიმი, რომელიც ამას სჩადის, რადგან მას ფიციც კი აქვს

დადებული, იზრუნოს ავადმყოფის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ევთანაზიის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ : ,,მუდმივად უმოძრაო მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, მიუხედავად სერიოზული დაზიანებებისა, ცოცხალ ადამიანებად რჩებიან, ასე რომ მათი ნიშანდობლივი ფასი რჩება იგივე, როგორც ნებისმიერი სხვა პიროვნებისა. ასე რომ, არასწორია მათ სიცოცხლეს უღირსად მოვეპყროთ და დავასკვნათ, რომ ისინი მკვდრად უკეთ იგრძნობენ თავს. მოხუც და ავადმყოფ პაციენტებს, რომლებიც გარდაცვალების პირას არიან, ისეთივე ფასი აქვთ, როგორიც ნებისმიერ სხვა ადამიანს. შეზღუდული გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ისეთივე ფასი აქვთ, როგორიც ნებისმიერ სხვა ადამიანს.’’ გარდა აღნიშნული შეფასებებისა ისინი თვლიან, რომ გამორიცხული არაა შეცდომა დიაგნოზში, დღეს რაც შესაძლოა ითვლებოდეს განუკურნებელ სენად, ხვალ ის შესაძლოა განკურნებადი გახდეს; ამბობენ, რომ შეუთავსებელია ევთანაზია ექმის პროფესიულ და საზოგადოებრივ ფუნქციასთან, ნდობის ატმოსფეროსთან, რომელიც ექმსა და პაციენტს შორის უნდა არსებობდეს. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ ევთანაზიის ლეგალიზაციამ შეიძლება მედიცინის კრიმინალიზაცია და ჯანდაცვის სისტემისადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვა  გამოიწვიოს.

    ჩვენს ქვეყანაში პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლის უფლებაა, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით ისჯება პირი რომელიც მიმართავს ევთანაზიას და უშუალოდ ახორციელებს აღნიშნულ პროცესს. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ევთანაზია და ფეტუსის სისხლისამართლებრივი დაცვის პრობლემები (თამარ სადრაძე) თბ, 2012.

  • სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: ევთანაზია- „სიკვდილის უფლების ადგილი სიცოცხლის უფლებაში“. თბ, 2018.

  • საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ.

  • ვერულავა, თენგიზ და მარიამ მამულაშვილი. 2000. „მართლმადიდებლური მრევლის დამოკიდებულება ევთანაზიის მიმართ“.

  • სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი I. თბ, 2019.

 

ავტორი: მარიამ კენჭოშვილი , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მეორე კურსის სტუდენტი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.